09:43:22     25-05-2012
დავით ბატონიშვილის „რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი“
1819 წლის 13 (ახალი სტილით 25) მაისს გარდაიცვალა მწერალი, მეცნიერი, გენერალ-ლეიტენანტი დავით ბაგრატიონი (ბატონიშვილი).
დავით ბატონიშვილი დაიბადა 1767 წლის 1 (ახალი სტილით 13) ივლისს, ტბილისში1 ივლისი, 1767, თბილისი.
ის იყო პირველი ქართველი ვოლტერიანი. მას დავით XII-საც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მეფედ ნაკურთხი არ იყო. თუმცა, მეფობა კი ეკუთვნოდა ქართული კანონებით (მერე თვითონაც დაამუშავა ქართული სამართალი, მათ შორის ლეგიტიმიზმის წესები).
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII გარდაცვალების მერე ტახტზე უნდა ასულიყო მისი მემკვიდრე, უფროსი ვაჟი დავითი. ასეთი იყო ქართული ლეგიტიმური წესი და ასე უნდა ყოფილიყო გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით. მეტიც, ამგვარი იყო მოლაპარაკება გიორგი XII და რუსეთის იმპერატორ პავლე I შორის. მართალია, მას ბიძები (ბებიანაცვალ დარეჯანის ჩაგონებით) ეცილებოდნენ ტახტის მემკვიდრეობას, თავის დროზე ერეკლე II მიერ მიღებული კანონის "მიხედვით", რომელიც მემკვიდრეობის წესს ცვლიდა და ტახტის მემკვიდრედ მეფის მომდევნო ძმას ასახელება (ამ კანონის შემუშავება მოხდა დარეჯან დედოფლის ინიციატივით). მაგრამ, დავითის ძმები და პროგრესული განწყობის ქართველები მის მხარეს იყვნენ. ერეკლესეული კანონიც გაუქმებული იყო, დავითი ოფიციალურად გამოცხადებული იყო ტახტის მემკვიდრედ, ამას ცნობდა რუსეთის იმპერიაც.
გიორგი XII გარდაცვალების მერე დავით ბაგრატიონს სოლომონ ლიონიძე და სხვა პატრიოტები ეხვეწებოდნენ წასულიყო სვეტიცხოველში და "დაგვირგვინებულიყო მეფედ", მაგრამ, მან არჩია დალოდებოდა პავლე იმპერატორის წერილს. ხელშეკრულებების მიხედვით, რუსეთის იმპერატორს უნდა გამოეგზავნა მისთვის სამეფო ინსიგნიები (გვირგვინი, კვერთხი, ხმალი) და დაემტკიცებინა "ქართლ-კახეთისა და სხვათა" მეფედ (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ის შესანიშნავი სარდალი გახლდათ).
მაგრამ, პავლესგან მოვიდა წერილი, სადაც იტყობინებოდა, რომ საქართველოს (ქართლ-კახეთს) ამიერიდან აღარ ეყოლებოდა მეფე, არამედ ეყოლებოდა გამგებელი, ხოლო მეფე თვითონ იქნებოდა, პავლე I. გამგებლად პავლემ I დანიშნა დავით ბატონიშვილი (ამიტომ ეწოდება დავით გამგებელი).
პავლე I მიხედვით, თითქოს ასეთი იყო მოლაპარაკება მასსა და დავითის მამას, მეფე გიორგის შორის. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარად გახლდათ. გიორგი XII მართალია რუსეთის იმპერატორს ანდობდა, აბარებდა ქართლ-კახეთის მართვა-გამგეობის ბევრ საკითხს, მაგრამ სამეფოზე, დინასტიის შენარჩუნებაზე და ავტონომიაზე უარი არ უთქვამს. გარდა ამისა, რაც მთავარია, გიორგი XII და პავლე I შორის მიმოწერას არ მიუღია სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების, შეთანხმების სახე, როგორც, მაგალითად, ერეკლე II და ეკატერინე II მოლაპარაკებები დამთავრდა გეორგიევსკის ტრაქტატით.
მოკლედ, რუსეთმა ვარაგულად დაარღვია გეორგიევსკის ხელშეკრულება და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო. დავით ბატონიშვილი ტახტზე ვერ ავიდა (ნეტავ გაებედა და "დაგვირგვინებულიყო მეფედ"). მალე გამგებლობაც წაართვეს და პეტერბურგში გადაასახლეს, ვინაიდან ეშინოდათ, ქართველები ტახტის მემკვიდრეს წინ დაიყენებენ და აჯანყდებიანო. 1812 წელს ასეც მოხდა, აჯანყებულმა კახელებმა დავითის ძმის, იოანეს შვილი, გრიგოლი მეფედ გამოაცხადეს და აჯანყდნენ...
პეტერბურგში ცხოვრებისას დავით ბაგრატიონმა თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ქართული მეცნიერების განვითარებას. იყო მწერალი, პოეტი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატორი, ვოლტერის მთარგმნელი (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვოლტერის პირველი მიმდევარი ქართველთა შორის), სამართალმცოდნე, ფიზიკოსი...
გავიხსენოთ მისი ლექსი „რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი“. ნაწარმოებში ჩანს მწარე სატირა. ავტორი მწარედ დასცინის, აკრიტიკებს საზოგადოებას, მის მაღალ ფენას, რომლისთვისაც „სენატორობაა“ უმთავრესი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი
1
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჯან თუ არის ორატორი,
ქრისტეფორე - ტფილისის დირეკტორი,
თავადი გიორგი რეღისტრატორი,
პეტრე, მისი მამა, - პაპისა სწორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
2
ეს ქვეყანა, ჰგავს, რომ გამოიცვალა,
ქცევა, ყოფა სრულიად შეიცვალა,
შემთხვევანი სხვარიგ, სხვაფერ იცვალა,
ჰგავს, ტრიალებს, არ არის ესე ჭორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
3
კნიაზ ჩიქოვანი მოდის ჩამცმელი,
ქოჩორზედა პომადის წამსმელი,
მეჯლისში ზევით მჯდომი, თავის მსმელი,
უგია მასნათი, გვერთ უძეს დორი,
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
4
დასეირნობს სერთუკით და ჟაბოთი,
ბაკენბარდი ყბას მოუკრავს წებოთი,
დარჩია შესცქერის მელიქ აბოთი,
ანბობს: „ანიწაწე ქუ მერ ჰორი“.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
5
ყუყუ არზით მიჰსდევს, თავადთა თავი,
აცვია ხუფთანი, პერანგი მავი,
წითელი შალვარი და წვერი შავი,
კარს უბია ბედაური და ჯორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
6
აღარ არის მელიქი და ნაცვალი,
რადგან მათ არა ჰქმნეს კარგი საცვალი,
ვიღასა აქვს მათი ყულუღის ვალი,
აწ წავიდნენ, კაკაბს უტიონ ქორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
7
ნაცვლად მათსა ამ სამთ მოჰსდის ფეშქაში,
თათრიდან ნაღები, ხელთუბნის ქაში,
შეითან-ბაზრიდან - ჰარისა, ხაში,
ჯიმითიდამ - კახაჯისათვის ღორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
8
მათს კარზედ დგას ქართველი და სომეხი
თავადები, დიდვაჭარნი და გლეხი,
ვინ შეგიშვებს, თუ გასვრილი გაქვს ფეხი,
მეტადრე - როდესაც გეჭამოს ნიორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
9
ეგნატი ქეშიში, აღა ხუტრისა,
მინისტრია და ვეზირი ნუტრისა,
ყამი არა აქვს ინისა და პუტრისა,
ჰაზრაილს რას უზამს ცავი და ჩორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
10
კმარა, ყველამ მოუჭიროთ აწ პირსა,
მეტადრე იმათ, ვინც ინანდა, ტირსა,
კალამი აღარ შევახოთ სატირსა,
დავივიწყოთ სურამი და გორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...