09:42:25     25-05-2012
რუსეთის სპეცსამსახურები ბირთვული აფეთქებისგან დამცავ კაფსულებს ყიდულობენ
რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახური ყიდულობს 118 სპეციალურ გადასატან „საბავშვო კაფსულას“, რომელიც ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური აფეთქებისგან თავის დასაცავადაა განკუთვნილი. ასეთ კონტეინერში, ბავშვი, 6 საათის განმავლობაში უვნებლად ძლებს.
დაცვის სამსახურში დამცავი კაფსულების დანიშნულების თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეკვეთა ში კი წერია, რომ ესაჭიროებათ მომწამვლელი ნივთიერებისგან, ბიოლოგიური აეროზოლებისგან და რადიაქტიური მტვრისაგან დამცავი კაფსულები 1,5 წლამდე ბავშვებისათვის. შეკვეთის ღირებულება 2 მილიონი რუბლია.
ელექტროსტალსკის ქიმიურ-მექანიკურ ქარხანაში ამბობენ, რომ ასეთ დამკვეთთან, როგორიც დაცვის ფედერალური სამსახურია, საქმე პირველად აქვთ. როგორც წესი, КЗД-6 კაფსულებს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები ყიდულობენ.
ინტრიგას კიდევ უფრო აღრმავებს ის, რომ თავად დამკვეთი კატეგორიულ უარს ამბობს განმარტოს, რისთვის სჭირდებათ ბირთვული და ქიმიური აფეთქებისგან დამცავი კაფსულები. ექსპერტები კი თვლიან, რომ ეს მოწყობილობა მაღალჩინოსან პირთა შვილებისა და შვილიშვილებისთვის დაუკვეთეს.
„დაცვის ფედერალური სამსახურის ამოცანა სახელმწიფოს პირველი პირებისა და მათი ოჯახების დაცვაა, შესაბამისად, კაფსულებსაც ამისთვის ყიდულობენ“ - ამბობს ქვედანაყოფ „ალფას“ ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტი სერგეი გონჩაროვი, თუმცა მასაც ბოლომე არ ესმის, როგორც უშველიან ბირთვული აფეთქების შემთხვევაში დაცვის სამსახურის თანამშრომლები ჩინოვნიკთა შვილებს, როცა თავად ვერ იქნებიან დაცულები.
ნიშანდობლივია, რომ დაცვის ფედერალურმა სამსახურმა აღნიშნულ კაფსულებზე ზრუნვა მას შემდეგ დაიწყო, რაც დიმიტრი მედვედევმა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევამ, შეიძლება მძიმე შედეგები, მათ შორის, ბირთვული ომი გამოიწვიოს.
0