14:13:49     24-05-2012
სერგეი ნავალნი: „ხალხმა იცის, რისთვის იბრძვის“

რუსმა ოპოზიციონერმა, სერგეი ნავალნიმ, 23 მაისს, გვიან ღამით, სპეციზოლატორი თხუთმეტდღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. მას იზოლატორთან სამოცამდე მომხრე დახვდა. „ჩვენ რკინის საწოლებითა და ციხის ფაფით ვერ დაგვაშინებენ. თუ საჭირო იქნება, კიდევ ორჯერ, ან 22–ჯერ ჩავჯდები, ჩვენ ამას გავაკეთებთ. საპროტესტო აქციებს ორგანიზატორები არ სჭირდება. ხალხმა იცის, რისთვის იბრძვის.
საპროტესტო მოძრაობამ პოლიტიკისგან შორს მდგარი ხალხის თანაგრძნობა გამოიწვია. ჩვენ მათ განვუმარტეთ, მოსამართლეები და პოლიცია მუშაობს იმისთვის, რომ ხელისუფლების სიმშვიდე დაიცვან“ – განუცხადა მომხრეებს ნავალნიმ და იქვე, რუსეთის ახალი მთავრობაც გააკრიტიკა.
ნავალნიმ მათ ასევე ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღუთქვა, ხომ 25 მაისიდან თავადაც შეუერთდებოდა მოსკოვის ცენტრში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ბანაკს. თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ 12 ივნისს ახალ საპროტესტო აქციაზე გამოცხადებულიყვნენ. მათ დაჰპირდა, რომ სექტემბრის დასაწყისისთვის საერთო–სახალხო საპროტესტო აქციისთვის მზადებას დაიწყებდა. თან პარალელურად ნავალნიმ რუსეთის ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკა, რაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთის ჯარიმების მკვეთრად გაზრდას ითვალისწინებს.
„ეს კანონი იქამდე მიგვიყვანს, რომ ხალხი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე, უფრო მეტი რაოდენობით მოვა და საკუთარი სამოქალაქო უფლებების დასაცავად, უფრო მკვეთრად იბრძოლებს. ხოლო ისინი, ვისაც ამის გამო დააჯარიმებენ, ჩვენ ფულს შევუგროვებთ“ – განაცხადა ოპოზიციონერმა.
ნავალნიმდე ცოტა ხნით ადრე, 24 მაისს ღამით საპატიმრო დატოვა მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერმა, სერგეი უდალცოვმაც და ისიც მაშინვე არბატისკენ, ოპოზიციონერთა ბანაკისკენ გაეშურა. სპონტანური მიტინგის დროს, მან მომხრეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც სახლში წავიდა.
უდალცოვმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ მოსკოვის ხელისუფლებამ დიალოგი დაიწყო აქციის მონაწილეთათვის ადგილის შესარჩევად. მისი თქმით, ასეთი ადგილი, რუსეთის მთავრობის შენობის გვერდით უნდა შეირჩეს.
„ჩისტიე პრუდიზე სკვერი ჩვენთვის საკმაოდ პატარაა“ _ გამოთქვა მოსაზრება „მემარცხენეთა ფრონტის ლიდერმა. ჩისტიე პრუდისკენ ბანაკის გადატანა, არბატზე აქციის ორგანიზატორებმა, 23 მაისს დაგეგმეს. 24 მაისიდან, ყველანი იქ გადაინაცვლებენ და საპროტესტო აქციას ახალი ძალით გააგრძელებენ.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის დაპატიმრებული აქტივისტი, მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი, ილია იაშინი პატიმრობაში 27 მაისამდე დარჩება.
0