იოსებ ბროდსკი - „ეროვნებით ებრაელი, რუსი პოეტი და ამერიკელი ესეისტი“ იოსებ ბროდსკი - „ეროვნებით ებრაელი, რუსი პოეტი და ამერიკელი ესეისტი“ />


  10:13:28     24-05-2012

იოსებ ბროდსკი - „ეროვნებით ებრაელი, რუსი პოეტი და ამერიკელი ესეისტი“

a18437.jpg

1940 წლის 24 მაისს, ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) დაიბადა დიდი რუსი და ამერიკელი პოეტი, დრამატურგი, ესეისტი, მთარგმნელი, ნობელის პრემიის ლაურეატი - იოსებ ბროდსკი.    

რუსი და ამერიკელი იმიტომ ვთქვით, რადგან წერდა როგორც რუსულ, ისე ინგლისურ ენებზე. ლექსებს უფრო რუსულად, ესეებს ინგლისურად. იგი ითვლება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ უდიდეს რუსულენოვან პოეტად.

დაიბადა ებრაულ ოჯახში. მამამისი, ალესანდრე ბროდსკი იყო სამხედრო ფოტოკორესპოდენტი მეორე მსოფლიო ომის დროს. შემდეგ მუშაობდა ფოტოკორესპოდენტად და ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთში. დედა, მარია მოსეს ასული ვოლპერტი ბუღალტერი გახლდათ.

რა თქმა უნდა, ლენინგრადელ ოჯახებს უმძიმესი პერიოდი დაუდგათ  - ბლოკადა. 1942 წელს, დედამ ჩერეპოვეცში წაიყვანა მომავალი პოეტი. ლენინგრადში დაბრუნდნენ 1944 წელს.

1955 წელს სკოლაში სწავლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო. ოჯახს დახმარება ესაჭიროებოდა, სკოლაშიც პრობლემები ჰქონდა. უნდოდა წყალქვეშა მეზღვაურთა სასწავლებელში სწავლა. 16 წლის ასაკში ექიმობა გადაწყვიტა. მუშაობდა პროზექტურაში. შემდეგ სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდა, მონაწილეობდა ექსპედიციებში თეთრ ზღვაზე, აღმოსავლეთ ციმბირში, ჩრდილო იაკუტიაში. 1961 წელს ნერვიული შეტავა დაემართა და ლენინგრადში დააბრუნეს.

ძალიან უყვარდა კითხვა. კითხულობდა პოეზიას, ფილოსოფიურ და რელიგიურ ლიტერატურას. 1960 წელს „პოეტების კონკურსზე“ მისმა ლექსმა „ებრაელთა სასაფლაო“ სკანდალი გამოიწვია.

1960 წელს, სამარყანდში, პოეტმა და მისმა ერთმა მეგობარმა, გადაწყვიტეს გაეტაცებინა თვითმფრინავი, რათა საზღვარგარეთ გაქცეულიყვნენ. თუმცა ვერ გაბედეს. შემდგომში პოეტის მეგობარი დააპატიმრეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისათვის. მან „კა-გე-ბე-ს“ უამბო ამ გეგმის შესახებ. ასევე თავის სხვა მეგობრის, ალექსანდრე უმანსკის „ანტისაბჭოთა“ ხელმნაწერზე, რომელიც ბროდსკის და უმანსკის უნდოდათ გადაეცათ ამერიკელისათვის. 1961 წლის 29 იანვარს ბროდსკი დააპატიმრეს, თუმცა მაშინ მალე გამოუშვეს.

ანა ახმატოვასთან გაიცნო მარინა (მარიანა) ბასმანოვა, რომელიც მისი მუზა გახდა.

1963 წლიდან დაიწყო მისი მიზანმიმართული დევნა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან. ათასნაირ ცილს სწამებდნენ პრესაში. თვითმკვლელობაც კი დააპირა პოეტმა. ბოლოს დაიჭირეს და „უსაქმურობის“ ბრალდებით გადასახლებაში გაუშვეს.

ბროდსკის სასამართლომ ყურადღება მიიპყრო მთელ მსოფლიოში. იმ პროცესის გამო ჩაისახა სამართალდამცველთა მოძრაობა სსრკ-ში. დასავლეთში უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ბროდსკის, მათ შორის დიდმა მწერალმა სარტიმ და სხვებმა.

1964 წელს მარინა ბასმანოვამ ჩააკითხა პოეტს გადასახლებაში და მასთან ერთად ცხოვრობდა. 1967 წელს შეეძინათ ვაჟი, ანდრეი. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბავშვისთვის მამის გვარის მიცემა ვერ მოახერხეს და დედის გვარზე ჩაწერეს.

გადასახლებაში შეისწავლა ინგლისური.

1972 წელს საბჭოთა მთავრობის წარმომადგენლებმა დიდ პოეტს შესთავაზეს, წასულიყო ემიგრაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ გააგრძელებდნენ მის წვალებას ფსიქიატრიულ კლინიკებში, სადაც ხშირად მიჰყავდათ. პოეტი იძულებული გახდა წასულიყო უცხოეთში.

ევროპაში ჩასვლისთანავე გაიცნო დიდი ინგლისელი პოეტი იუსტენ ჰიუ ოდენი, რომელმაც მიიწვია ლონდონში, პოეზიის ფესტივალზე. მალე გაიცნო ისაია ბერლინი (ისაია ბერლინის შესახებ ადრე ვესაუბრეთ პრესა.გე-ს მკითხველს).

მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიწვიეს სლავისტიკის კათედრაზე. წერდა და თარგმნიდა. დიდი პოპულარობა მოიპოვა მისმა ნაწარმოებებმა ამერიკაშიც და ევროპაშიც. მიანიჭეს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი.

1986 წელს მისი ესეების კრებული აღიარეს საუკეთესო სალიტერატურო კრიტიკის წიგნად. 1987 წელს კი მიანიჭეს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია. სტოკჰოლმში ჰკითხეს, „თავს რუსად თვლით თუ ამერიკელადო“. ნობელიანტმა პოეტმა უპასუხა: „მე ებრაელი, რუსი პოეტი და ამერიკელი ესეისტი ვარო“.

პოეტი ასევე იყო მაკარტურის სტიპენდიის, ამერიკის ეროვნული საწიგნო პრემიის ლაურეატი. კონგრესის ბიბლიოთეკამ აირჩია აშშ-ს პოეტ-ლაურეატად.

რა თქმა უნდა, პოეტის მშობლები ისე გარდაიცვალნენ (დედა 1983 წელს, მამა 1984 წელს), რომ შვილის ნახვის უფლება ვერ მიიღეს სსრკ-ს მთავრობისაგან.

1990 წელს იქორწინა იტალიელ მარია სოცანიზე. შეეძინათ ქალიშვილი.

1995 წელს დიდ პოეტს მიანიჭეს სანკტ-პეტერბურგის საპატიო მოქალაქის წოდება. მიიწვიეს კიდეც რუსეთში. თავმდაბალ პოეტს ერიდებოდა პომპეზური სანახაობები მისი პერსონის გარშემო...

იოსებ ბროდსკი გარდაიცვალა 1996 წლის 28 იანვარს გულის შეტევით. დაკრძალეს ნიუ-ორკში, ანდერძისამებრ. თუმცა მერე ვენეციაში გადაასვენეს.

იოსებ ბროდსკის დაბადების დღის აღსანიშნავად გთავაზობ მის ლექსს „იავნანა“, რომელიც თარგმნა ლელა მეტრეველმა.

იავნანა

(თარგმნა ლელა მეტრეველმა)

ტყუილად კი არ გშვი, შვილო,
 უდაბნოს შინა, -
 არ უნახავთ აქ მეფენი
 ახლა ან წინათ.

 რომც გეძებონ, აქ ვერავინ
 ვერას გახდება.
 აქ ზამთრობით სუსხი სივრცეს
 აღემატება.

 ზოგს აქვს ბევრი სათამაშო,
 სახლი მაღალი,
 შენ კი, ხედავ? - რამდენ ქვიშას
 მოდენის ქარი.

 მიეჩვიე ამ უდაბნოს,
 ვით ბედისწერას,
 აქ ჩაივლის შენი დილაც,
 გედის სიმღერაც.

 მე შენ ძუძუს გაწოვებდი,
 ხოლო უდაბნომ
 შეაჩვია შენი მზერა
 სივრცეს უსაგნოს.

 შორი ვარსკვლავის სხივებიც
 ამგვარ ხედამდე
 აღწევენ და შენს ნათელ შუბლს
 უკეთ ხედავენ.

 მიეჩვიე ამ უდაბნოს,
 ფეხქვეშ - ქვიშასაც,
 ვერა ნახავ სხვა სიმყარის
 ირგვლივ ნიშანსაც.

 აქ ბედიც ვერ გემალება
 თვალთახედვიდან,
 ხოლო ჯვრით მთას გამოიცნობ
 ერთი ვერსიდან.

 კაცის ნებით აქ ბილიკიც
 კი არ იჭრება,
 უკაცრიელია,
 რათა
 იდინონ წლებმა.

 მიეჩვიე ამ უდაბნოს,
 ვით ქარს - ჩურჩული
 და მიხვდები,
 ხორცთან ერთად,
 რომა გაქვს სული.

 ეს შეგრძნება იდუმალი
 გაგყვება დროში,
 წაგადგება უსასრულო
 იმ უდაბნოში.

 ის უდაბნო უფრო დიდხანს
 დაგიმარტოვებს,
 მე იქ სადმე შენს სიყვარულს
 ნიშნად დავტოვებ.

 მიეჩვიე ამ უდაბნოს
 და სხივმფენ ვარსკვლავს,
 არემარეს საოცარი
 შუქით რომ ქარგავს,

 თითქოს ლამპას -
 ძის ლოდინში -
 ანთებს საღამოს,
 ვინც იცხოვრა უდაბნოში
 დაუსაბამოდ...

0

ავტორი: