რუსულ-აფხაზური აურზაური: აფხაზის მიერ წართმეულ რუსის სახლს, ახლა აფხაზს წაართმევენ რუსულ-აფხაზური აურზაური: აფხაზის მიერ წართმეულ რუსის სახლს, ახლა აფხაზს წაართმევენ />


  09:43:27     24-05-2012

რუსულ-აფხაზური აურზაური: აფხაზის მიერ წართმეულ რუსის სახლს, ახლა აფხაზს წაართმევენ

a18434.jpg

აფხაზეთში კვლავ ამუშავდება კომისია, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საკუთრების უფლებას დაუბრუნებს.

კომისიის თავმჯდომარეს მიხეილ ლოგუას უკვე ჰქონდა შეხვედრა მარიონეტული რეჟიმის ლიდერთან. ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც სხვადასხვა გარემოებების გამო საცხოვრებელი დაკარგეს, საკუთრებაზე წართმეული უფლების დაბრუნება მკაცრად მოითხოვა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების აღდგენის კომისია, რომელშიც რუსული მხარეც მონაწილეობს, 2010 წელს მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა. მაშინ სკანდალად იქცა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები იმის შესახებ, რომ რუსებს აფხაზეთში მასობრივად ართმევდნენ სახლებსა და ბინებს. მიზეზად სახელდებოდა ბინის მეპატრონეთა აფხაზეთში არყოფნა, შესაბამისად, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობა. ბევრმა მათგანმა შექმნილი არასტაბილური სიტუაციის გამო დატოვა აფხაზეთი და მათი სახლებიც წლების მანძილზე მიტოვებული იყო.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ აფხაზეთში საკუთრების შეძენა არააფხზს არ შეუძლია. ვითარება იქამდე დაიძაბა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთს საპროტესტო ნოტაც კი გამოუგზავნა. საბოლოოდ კი, მოსკოვის ზეწოლის შედეგად, კომისია ამუშავდა, თუმცა სოხუმი მაინცდამაინც არ ჩქარობდა რუსებისთვის საკუთრების დაბრუნებას. იუწყებოდნენ მხოლოდ რამდენიმე სახლის დაბრუნების შესახებ. მარიონეტული რეჟიმი არგუმენტად იმასაც იშველიებდა, რომ რუსებისთვის საკუთრების დაბრუნების შემთხვევაში, ანალოგიური პრეტენზია გაუჩნდებოდათ აფხაზეთიდან დევნილ ქართველებსაც, რომელთა სახლებიც გაცილებით მეტია აფხაზეთში.

თავის დროზე რუსული პრესა წერდა, რომ „როცა აღარ დარჩა ქართველთა სახლები, რომ მიეტაცებინათ, აფხაზებმა რუსების სახლების მიტაცება დაიწყეს“. საცხოვრებელს იარაღის ძალით დაიკავებდნენ და ღობეზე წააწერდნენ : „დაკავებულია, არ შეხვიდეთ.“

კრიმინალური გზით „დაპყრობილ“ სახლებს აფხაზური სასამართლოც „აპრავებდა“: მის კანონიერ მდფლობელს „უგზო-უკვლოდ დაკარგულის“ სტატუსს მიანიჭებდნენ და ბინას „სახელმწიფო ფონდს“ გადასცემდნენ, საიდანაც, მერე, აფხაზეთში გაბატონებული კლანური ურთიერთობების შედეგად, ბინა „აბორიგენს“ რჩებოდა.

რასაკვირველია, მოსკოვს მხოლოდ რუსებისთვის წართმეული ბინები აღელვებს. რადგან 2010 წელს შექმნილი ერთობლივი აფხაზურ-რუსული კომისიის საქმიანობის არეალიდან საერთოდ ამოიღეს „ნაალაფარი სახლების“, ანუ ქართველების სახლების საკითხი, რომლებიც 1993 წელს ქართველთა ეთნიკური წმენდის შემდეგ აფხაზებმა მიიტაცეს.

ამჯერად, რუსებისათვის სახლების დაბრუნების პროცესი, თუ რა თქმა უნდა, კომისიის წევრებთან ანქვაბის შეხვედრა რუსეთისათვის საამებელი ფორმალობა არ იყო, აფხაზებს საკმაოდ ძვირად დაუჯდებათ. „თავისუფალი სახლები“ აფხაზეთში, იმავე რუსი ჟურნალისტების ცნობით, აღარ არსებობს. გამოდის, რომ აფხაზები, რუსების სასარგებლოდ, ახლა უკვე „კარგად შეგუებული ბინებიდან“ უნდა გამოყარონ.

0

ავტორი: