09:08:52     24-05-2012
ჩხარის წმიდა გიორგის მონასტერი (ქართული ხუროთმოძღვრება)
ჩხარი შუაგულ იმერეთში მდებარეობს, კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთი ნაწილის გორაკ-ბორცვიან ზოლში, ზღვის დონიდან 180-400 მეტრის სიმაღლეზე. მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ უძველელ პერიოდშივე განსაზღვრა ქალაქური ტიპის დასახლება, რაც მე-18 საუკუნემდე შემორჩა. არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება, რომ ჩხარის მიდამოები ჯერ კიდევ ქვის ხანაში ადამიანის საცხოვრისს წარმოადგენდა, ხოლო ბრინჯაოსა და რკინის ხანაში ფართოდ ყოფილა ათვისებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანტიკური პერიოდი, როცა ეს უძველესი დასახლება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ცენტრალურ გზაზე აღმოჩნდა. ოქონის გორაზე აღმოჩენილ მე-2 საუკუნის სამარხებში მოთავსებული ვერცხლის, რკინის, ბრინჯაოს ნივთები და რომაული მონეტები ერთ-ერთი დაწინაურებული ქალაქის არსებობაზე მიგვითითებს.
გვიან ფეოდალურ ხანაში, ჩხარის ხელსაყრელმა მდებარეობამ, ბუნებრივი პირობების საუკეთესო თვისებებმა, იმერეთის სამეფოს დედაქალაქის ქუთაისისა და გაენათის საეპისკოპოსოს სიახლოვემ განსაზღვა მისი მომავალი. იგი მეფეთა და სამიტროპოლიტო მესვეურთათვის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ჩხარის სასახლეებში ღებულობდნენ უცხოელ ელჩებს და მოგზაურობს, რაც არაერთი უცხოელი ავტორის მიერ არის აღწერილი.
ჩხარი და მისი მიდამოები მდიდარია ისტორიული ძეგლებით. თვით ჩხარში შემორჩენილია ოქონის გორის პირველი ქრისტიანული ძეგლი, რომელიც შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ამავე პერიოდისა უნდა იყოს წმიდა გიორგის ეკლესიის სამრეკლო, ხოლო თვით ეკლესიის თავდაპირველი ნაგებობისაგან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი. ასევე არ არის შემორჩენილი ღვთისმშობლის ეკლესიისა და სამრეკლოს თავდაპირველი ნაგებობა, ხოლო მათი ნანგრევების ფრაგმენტები ადასტურებენ სიძველეს; ძველი ეკლესიის ნანგრევებს წარმოადგენენ აგრეთვე საკვირაოსა და საჯვარეს ნაშთები. გაცილებით უკეთაა შემორჩენილი 1894 წელს აგებული დაბლა მაცხოვრის ეკლესია.
ამჟამად აღდგენილია წმიდა გიორგის ეკლესია. თითქმის საძირკვლამდე დანგრეული ნაგებობა მთლიანად ააგო და მოაწყო გელა გაბრიჭიძემ. მასვე გადაწყვეტილი აქვს ჩხარის ღვთისმშობლის ეკლესიის აღდგენა, რომელიც მე-15 საუკუნის დამლევს აუგია (თუ აღუდგენია) იმერეთის მეფეს ალექსანდრე მეორეს (1484-1510).
მონასტრის მდებარეობა
ჩხარში, ოქონის სერის ძირში, ზღვის დონიდან 365 მეტრზე მდებარეობს წმიდა გიორგის ეკლესია, მისი სამრეკლო და გალავანი. სწორედ ამ გალავანთან გადიოდა უძველესი სავაჭრო-საქარავნო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელსაც ძველი „აბრეშუმის“ გზა ჰქვია. ცხადია ამ გზით შემოდიოდა მტერიც და მოყვარეც. აქ გაუვლია, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს პომპეუსის ლაშქარს, რომაულ და ბიზანტიის მოგზაურებს და ლაშქარს, სავაჭრო ქარავნებს და სპარსეთის დესპანებს, ქართველ მეფეებს და დიდებულებს.
ასეთი ტრადიციების ქალაქში იყო აგებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია. თავდაპირველი ნაგებობა დანგრეულა ან დაუნგრევიათ. მოგვიანებით მის ადგილზე სხვა ნაგებობა აუგიათ. ამას მოწმობს დღეს შემორჩენილი კლასიკური ეპოქის სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.
მე-18 საუკუნის დასაწყისში ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესიის თავდაპირველი ნაგებობა რამდენჯერმე აღუდგენიათ. თავდაპირველი ნაგებობიდან მხოლოდ საძირკვლის ფრაგმენტებია შემორჩენილი, საიდანაც ჩანს ძველი ნაგებობის სიდიდე (15,5 X 9,5 მეტრი). მას დასავლეთის მხრიდან საკმაოდ დიდი მინაშენი ჰქონია, რომლის საძირკვლის ფრაგმენტებიც შეიმჩნევა.
1737 წელს ტიმოთე გაბაშვილის მიერ შედგენილ იმერეთის რუკაზე დატანილია ჩხარი, რომელსაც აქვს წარწერა: „ქალაქი ჩხარი წმიდის გიორგის მონასტერი ახლად აღშენებული მეფის ალექსანდრესაგან ქრისტეს აქეთ ჩღლზ“ (1737). იქვე რუსული წარწერაცაა „Монастирь Святого Георгию в 1737 году построил царь Александр“. გამოდის, რომ ალექსანდრე მე-5-ს, იმერთა მეფეს, ჩხარში აუგია ანუ აღუდგენია წმიდა გიორგის ეკლესია. ეკლესიის აღდგენა 1726 წელს მომხდარა.
1820 წელს ჩხარს ეწვია ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელსაც უნახავს ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესია. მოგზაურის თქმით, ცოტა ხნით ადრე ეკლესია აღუდგენიათ, მაგრამ იგი იმდენად ცუდად არის აშენებული, რომ „მას უკვე დანგრევის საშიშროება ელის“. შემდეგ განაგრძობს: „ეკლესიის ინტერიერი მცირედ არის მორთული ხატებით და ყველაზე ღირსშესანიშნავი ფასეულობა აქ რვა ფუტი (ერთი ფუტი დაახლოებით 33 სმ - კ.ხ.) სიმაღლის მუხის ჯვარია“.
XIX საუკუნეში კვლავ ნანგრევებად ქცეულა წმიდა გიორგის დიდი ეკლესია. 1849 წელს, ყოფილი ეკლესიის შენობიდან ჩრდილოეთით, გალავნის გარეთ, მეორე ეზოში, მიხეილ შერვაშიძეს, რომელიც იმ დროს იმერეთში ცხოვრობდა, აუგია ახალი ეკლესია. ამასვე ადასტურებს აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, რომელიც ჩხარში იმყოფებოდა XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. იგი აღნიშნავდა: ეზოში, სადაც კლასიკური ეპოქის სამრეკლო დგას „დიდი ტაძარი მდგარა... ეტყობა დიდი ტაძარი იყო იმავე ეპოქისა, თუ უფრო ადრინდელი არა, რა ხნისაც ეს სამრეკლოა. იქვე მეორე ეზოში XIX საუკუნეში აფხაზეთის ყოფილი მთავრის მიხეილ შერვაშიძის დახმარებით აუგიათ ეკლესია. მასზე მოუხმარიათ ნაწილობრივ ძველი ტაძრის ქვები“.
ძველი ეკლესიის შესახებ ქუთაისის გუბერნიის ცნობათა კრებულში აღნიშნულია, რომ წმიდა გიორგის ახლახან დასრულებული ეკლესიიდან „ოციოდე ნაბიჯზე სხვა ძველი ქვის ეკლესიის ნანგრევები მდებარეობს, რომელიც ორ ნაწილადაა გაბნეული და ზედ აყრია იმერეთის მეფის სოლომონის (სოლომონ II - კ.ხ.) ბიძის ბატონიშვილ დავითის სამარხს“, რომელიც ახალციხეს გარდაცვლილა ჩხარელებს მალულად მოუსვენებიათ და აქ დაუსაფლავებიათ. სწორედ ის ყოფილა ტახტის მფლობელი სოლომონის მცირეწლოვანების გამო. საფლავის ქვაზე წარწერა ყოფილა „ჩამოდექი“. ეს ეკლესია ყოფილა ჩხარის ეპისკოპოსის საკათედრო ტაძარი.
ჯერ კიდევ 1650 წლის პირველ აგვისტოს ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესია უნახავთ რუს ელჩებს ალექსი იევლევს და ნიკიფორე ტოლოჩანოვს. ისინი აღტაცებაში მოსულან საბას დიდი ხატით. დაწვრილებით აღწერენ ამ ხატს: „საყდარში ადგილობრივი ხელობის ხატია, სახატეში მოთავსებული, მაღალღირსისა და კურთხეული მამის საბასი, სახატე და მისი კარებიც ვერცხლით არის მოჭედილი. წმინდანის სამოსელი, არშიებზე გამოსახული წმინდანები. სახატეზე და მის კარებზე გამოსახული საუფლო დღესასწაულები ამოტვიფრულია. მთელი მოჭედილობა ოქროთი არის დაფერილი“. აღწერილია დიდი ჯვარიც, ისიც ოქროთია დაფერილი და შემკულია ძვირფასი ქვებით. „კიდობანში გიორგი მოწამის თავი ასვენია... გვითხრეს, რომ ამ კიდობანში გიორგი მოწამის ხელი ასვენიაო. მხოლოდ წმიდა გიორგის თავი და ხელი ელჩებს არ გვიჩვენეს, თქვეს, რომ მეფის ბეჭედით არის დაბეჭდილი (და ვერ გავხსნითო)“.
XIX საუკუნის დასაწყისში იოანე ბაგრატიონი წერდა, რომ იმერეთის სამეფოს შექმნის შემდეგ მისცეს წმიდა გიორგის ნაწილი ჯვარით: ეს ჯვარი კი ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესიაში დაუსვენებიათ.
ეკლესიის სიძველეთა მეცნიერული შესწავლა
XIX საუკუნეში აღდგენილი ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესია საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე შენარჩუნებული იქნა. 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ეწვია ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესიას და შეისწავლა მისი სიძველენი. იმ დროს ბევრი რამ შენარჩუნებული იყო. რამდენიმე თვეში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე თაყაიშვილი იძულებით ემიგრაციაში, საფრანგეთში გაემგზავრა. იგი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და იმდენად მნიშვნელოვნად ჩაუთვლია გამოკვლევები ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესიის სიძველეებზე, რომ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბეში ორი წერილი გამოუქვეყნებია (1948, 1950) სათაურით - „ჩხარის ეკლესიის სიძველენი“. მასში აღწერილია ის სიწმინდეები, რომელიც იმ დროისათვის ინახებოდა ეკლესიაში.
წმიდა გიორგის ეკლესიის სიძველეებიდან აღსანიშნავია სადგერ-ჩხარის ჯვარი. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა: „არს აქა ეკლესია უგუნბათო, რომელსა შინა ასვენია ჯვარი დიდ ფრიად. მდებარებს მას შინა ბეჭი მთავარმოწამისა გიორგისა. მარადის სასწაულთმოქმედი. ეს ჯვარი პირველ იყო ყორანთას (ბოლნისთან ეკლესია - კ.ხ.) შემგომად სამცხეს (სადგერში, ბორჯომის რ-ნი - კ.ხ.), მერმე ატოცს (ქარელის რ-ნი - კ.ხ.) და აწ აქა“. ასე რომ ჯვარი ქ. ბოლნისთან ახლის მდებარე ყორანთის ეკლესიაში ესვენა, შემდეგ - სამცხეში, კერძოდ, სადგერში და შიდა ქართლის სოფელ ატოცში, საიდანაც იგი მოხვედრილა ჩხარში. გამოდის რომ ეს ჯვარი ჩხარში მხოლოდ XVI-XVII საუკუნეებში მოხვედრილა. მოგვიანებით, იოანე ბაგრატიონი შენიშნავდა: „იტყვიან, სამეფო სამად რომ გაიყო, იმერეთის მეფეს მისცეს წმიდის გიორგის ნაწილით ჯვარი, რომელიც ახლა არგვეთში, ჩხარის ეკლესიაში ასვენია“... ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ჯვრის პირი მცხეთის სვეტიცხოველში საკურთხევლის წინ ასვენია. ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესიაში მოხვედრილი ჯვარი საროს, იგივე პირამიდული კვიპაროზის ხისგან ყოფილა დამზადებული. ეს არის ხე, რომლისაგან დამზადებულ ჯვარზე აცვეს ქრისტე. ღვთის განგებით, სვეტიცხოვლის ადგილას ამოსული ეს ხე საღმრთოს კვართის მოპოვების მიზეზი და ჩვენი მოქცევის ნიშანი იყო, რომელიც სასწაულებს ქმნიდა. სწორედ ამ ადგილზე აღაშენეს სვეტიცხოველი. ხის ნარჩენებისაგან სამი დიდი ჯვარი შეუქმნიათ: ერთი ესვენა ჯაჭვის ეკლესიას (ჯვრის მონასტერი), მეორე დაუდგამთ თხოთის მთაზე (სერი მტკვრის მარცხენა მხარეს, მდ. ლეხურასა და ქსნის ხეობებს შორის, კვერნაქის გაგრძელება), სადაც მირიან მეფეს მზის დაბნელებამ მოუსწრო. ხოლო მესამე დაუდგამთ უჯარმის მთაზე. ერთ-ერთი ჯვარი ჯერ ყორანთის ეკლესიაში დაუსვენებიათ, შემდეგ სადგერში, მერე ატოცის ეკლესიაში და ბოლოს მოხვედრილა ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესიაში, საიდანაც XX საუკუნის 20-იან წლებში ხელოვნების მუზეუმში გადაუტანიათ.
ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით ჯვრის სიმაღლე უქუდოდ 2 მეტრი და 30 სანტიმეტრია, სიგანე - 1 მეტრი და 6 სანტიმეტრი. ჯვრის ქუდი ორია. ერთი, უფრო ძველი, სიმაღლით 30 სანტიმეტრი, ხოლო მეორე, გვიანი დროის, უფრო მაღალი და ჯვრით თავდამშვენებული. ჯვარი ოქროთი დაფერილ ვერცხლის ფირფიტებისაგან შედგება, რომელზეც რელიეფურად მრავალი ფიგურაა გამოსახული. ჯვარზე მოთავსებული ფიგურები ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი:
პირველ ჯგუფს ეკუთვნის ჯვრის ცენტრში მოთავსებული ვედრების ფიგურა და 12 საუფლო დღეთა სურათები. ქრისტეს შარავანდს ცხრა მარგალიტი ამკობს. ქრისტეს ქვემოთ წმიდა გიორგის ფიგურა ყოფილა, რომლის ხელის ნაწილი და ასომთავრული წარწერაა შემორჩენილი: „წმიდისა გიორგისა თავი ჴელთა აქუს“. სწორედ აქ არის მოთავსებული ხის სისქეში ამოჭრილი დიდი სანაწილე, რომლის შიგნითა არეები ოქროთი ყოფილა შეჭედილი. სამ უჯრაში, რომელთაგან 2 ოქროსი იყო და ერთი ვერცხლისა, მოთავსებული იყო ნაწილები - წმიდა გიორგის თავის ქალის ძვლები. ნაწილები დაფარული ყოფილა ხავერდის მოქარგული საფარებლით, რომელზეც ამოქარგული იყო მგმირავი სახე, ცხენოსანი წმიდა გიორგი.
ჯერ კიდევ 1920 წელს ეს წმიდა ნაწილები გაქურდული ყოფილა. ჯვრის ამ რიგში 12 საუფლო დღესასწაულის გამოსახულებაა. როგორც წარწერა გვამცნობს, ცენტრში მოქცეული ვედრების სურათი და 12 საუფლო დღესასწაულის ხატები შეუსრულებია ოქრომჭედელ მამნეს XV საუკუნეში ათაბაგ ყვარყვარე III დიდის თაოსნობით.
მეორე ჯგუფის ხატებს ეკუთვნის ჯვრის ქვემო მკლავის 12 საუფლო დღესასწაულის ხატიდან დარჩენილი ნაწილი ფიგურებისა წმიდა გიორგის წამების სცენებით. ეს ფირფიტა, თავისი სურათებით, წარმოადგენდა სახურავს მეორე ღრმად ამოჭრილი სანაწილესი.
მესამე ჯგუფი ხატებისა ასახავს წმიდა გიორგის გმირობისა და სასწაულთა სცენებს. აქაა წმიდა გიორგის ოთხი ხატი ცხენითა და შუბით. იგი ყველგან ძლევამოსილია. ამ მესამე ჯგუფის ხატები ეკუთვნის დეკანოზებს: სვიმონ და ბასილ შოთაშვილებს XVI საუკუნის პირველ ნახევარში.
მეოთხე ჯგუფის ხატები და წარწერები ეკუთვნის XVIII-XIX საუკუნეებს და ჩხარშივეა შესრულებული.
ქუდები. პირველი გაკეთებულა კახთა მეფის ლევან II და მისი მეუღლის თინათინის თაოსნობით 1520-1529 წლებს შორის. მეორე კი ეკუთვნის XVIII საუკუნის ბოლოს ან XIX საუკუნის დასაწყისს.
ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესიაში იყო წმიდა საბას დიდი ვერცხლის ხატი, რომელიც ოქროთი ყოფილა დაფერილი და 94 ძვირფასი ქვით შემკული. გადმოცემით ეს ხატი საფარიდან ყოფილა ჩამოტანილი, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს სრულიად განუახლებიათ იმერეთს მეფეებს - სოლომონ პირველს და სოლომონ მეორეს. ხატი კარედია, დასაკეცი, სიმაღლე 87,5 სმ, განი 63 სმ. აქვს შუა ტანი და ორი ფრთა. ჭედურ ხატზე მრავალი სცენაა წარმოდგენილი. ხატის შუა ნაწილი წარმოადგენს წმიდა საბას მუხლზევით გამოსახულს ასომთავრული წარწერით: „წმიდა საბა განწმედილი“. საბას ორივე ხელი ზეაპყრობილი აქვს, მარცხენაში ჯვარი უჭირავს, მარჯვენით აკურთხებს. ხატს 15 უჯრისაგან შემდგარი სანაწილეები აქვს, რომლის უმეტესი ნაწილი XX საუკუნის 20-იან წლებში გაძარცული ყოფილა. აქვე ყოფილა საბას მეორე დიდიხ ატი შეჭედილი მოოქროვილი ვერცხლით.
ამავე ეკლესიაში ყოფილა წმიდა გიორგის პატარა ხატი ვერცხლის ფირფიტაზე. წმიდა გიორგი გამოხატულია ცხენზე შუბით გველეშაპის მგმირავი. უნაგირზე უკან უზის მის მიერ ტყვეობიდან განთავისუფლებული პატარა ვაჟი.
აქვე დაცული იყო:
1. ეკლესიის მამათა, წმიდა იოანე ოქროპირის, ბასილისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის ხატი.
2. წმიდა გიორგის ვერცხლის ხატი.
3. წმიდა გიორგის მოოქროვილი ვერცხლის ხატი.
4. ათორმეტი საუფლო დღესასწაულის ხატი.
5. ვერცხლის კოვზი მარიამ დედოფლის სულის საცხონებლად.
6. წმიდა გიორგის ორი ბეჭედი წარწერით.
7. ბარძიმ-ფეშხუმი კოვზითურთ.
8. ბარძიმი მინანქრის მედალიონებით შემკული.
9. ბარძიმ-ფეშხუმი კოვზით და ვარსკვლავითურთ.
10. ხუთი პატარა მოოქროვილი თეფში.
11. ვერცხლის ოთხი საცეცხლური.
12. ვერცხლის ჯვარი მინანქრის მედალიონებით.
13. ვერცხლის სანაწილე ანა დედოფლის მიერ შეწირული.
14. ასეთივე ვერცხლის ღვთისმშობლის ხატი.
15. წმიდა გიორგის ვერცხლის ხატი და სხვა.
ნაქარგი
გარდამოხსნა (მაუდი, ატლასის აშიებზე ორ-ორ სტრიქონიანი მხედრული წარწერით, XVI ს.).
ხელნაწერები:
1. მეტაფრასი.
2. მეტაფრასის მეორე წიგნი.
3. მეტაფრასის მესამე წიგნი.
4. სახარება.
5. ჟამგულანი.
6. წმიდა გიორგის პარაკლისი.
7. ჟამნი.
8. ლოცვანი წმიდა გრიგოლისა, ეპისტოლე ქრისტესი ავგაროზისადმი, ლოცვა წმიდა კვიპრიანესი.
9. საგალობელნი.
10. გულანი.
11. მხედრული მინაწერი სახარებაზედ.
ამდენად, ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესია თავისი სიწმინდეებით წარმოადგენდა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ცენტრს, სადაც მრავალი უმნიშვნელოვანესი ნივთი იყო დაცული.
სამრეკლო
კლასიკური ეპოქის ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესიის სამრეკლო საქართველოში შემორჩენილი სამრეკლოებიდან ერთ-ერთი უძველესია.
ნაგებობა ორსართულიანია, რომელიც მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ქვებით. შესასვლელი აღმოსავლეთ და დასავლეთ მხრიდან აქვს, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ კედლებს ებჯინება გალავანი. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადებს ამკობს რელიეფური ლომის გამოსახულებები, რომლებიც ჯაჭვით არის მიბმული. ლომი ძლიერების განსახიერებაა, მარად და ყველგან ძალაუფლების და მეფობის სიმბოლოა. სარკმელები მოჩუქურთმებულია. შიგნით, კედლებს შორის საფეხურებით მეორე სართულზე ყრუ ასასვლელია. ამჟამად სამრეკლოზე ზარები შემორჩენილი არ არის.
შენების ჟამი
საბჭოთა წლებში მასიურად დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა. ვერც ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესია გადაურჩა ამ რისხვას. XX საუკუნის 40-იან წლებში თითქმის საძირკვლამდე დაანგრიეს ეს ეკლესია, რომლის მასალითაც აბანო ააგეს. საბედნიეროდ დადგა შენების ჟამი. რამდენიმე წელი მიმდინარეობდა ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც დაშენდა ძველი ეკლესიის საძირკველსა და მცირედ დარჩენილ კედლების დუღაბზე. ეკლესიის აღდგენის ინიციატორი და დამფინანსებელი, ჩხარში აღზრდილი, ამჟამად თბილისში მცხოვრები გელა გაბრიჭიძეა.
შედგა პროექტი, რომლის ავტორია ჩხარელი არქიტექტორი დავით აბულაძე. ნანგრევების გაწმენდის სამუშაოები და აბანოს დანგრევა შეასრულა როლანდ ფანჩულიძემ. მშენებლობის ხუროთმოძღვარია მიტუშა რობაქიძე, რომელსაც ეხმარებოდა ვაჟიშვილი. ზოგიერთი ქვის დამუშავებაში მონაწილეობა მიიღო კულტურის ინსტიტუტის ასპირანტმა დავით რობაქიძემ. კარები და სარკმელები დაამზადა ავთანდილ რობაქიძემ, ხოლო ხის კანკელი შეასრულა არჩილ საყვარელიძემ. მშენებლობის პროცესში სოფელს საქართველოს საპატრიარქოს სულიერი მხარდაჭერა ჰქონდა. მშენებლობა 2003 წელს დამთავრდა.
0