ნუგზარ წიკლაური: თუ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ სურს, პინგვინები მწყემსოს ნუგზარ წიკლაური: თუ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ სურს, პინგვინები მწყემსოს />


  17:49:45     23-05-2012

ნუგზარ წიკლაური: თუ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ სურს, პინგვინები მწყემსოს

a18381.jpg

მმართველი გუნდის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით,  პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს. კანონმდებელის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ სურს და ახალ–ახალ მიზეზებს იგონებს. მისი შეფასებით, ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნებში მისი გამარჯვება ბლეფია და მას არ უნდა, რომ მისი სახელი იმ პოლიტიკურ მარცხს დაუკავშირდეს, რომელიც მას ოქტომბერში ელის. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან და გეგმებთან დაკავშირებით, პრესა.ჯი ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:   

– ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადოს. მისი მიმართვა დაკმაყოფილებული იქნება?

– არავითარი ვეტო არ იქნება, რადგან პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ამჟამად, პრეზიდენტი ამერიკაში იმყოფება და მას შემდეგ, რაც ის ქვეყანაში ჩამოვა, სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს მოაწერს, რომელიც უახლოეს მომავალში, ძალაში შევა.

– თუმცა, ივანიშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ...

– ცვლილებებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება და თუ მას არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა, ამას ვერავინ აიძულებს. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ვინმე პოლიტიკურ იზოლაციაში მოვაქციოთ, პირიქით, ჩვენი მიზანია პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილს არჩევნებში ჩართვა თავად არ სურს და სულ ახალ–ახალ მიზეზებს იგონებს. ის აცხადებდა, რომ მომავალ პარლამენტში 2/3–ით გაიმარჯვებდა და  მთავრობას ჩამოაყალიბებდა, მაგრამ ეს იყო ილუზია, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა.  ივანიშვილმაც იცის, რომ მისი გამარჯვება ბლეფია. ამიტომ, მას არ სურს, რომ მისი სახელი პერსონალურად პოლიტიკურ მარცხს დაუკავშიროს,  რომელიც მას ოქტომბერში ელის. ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ, გაუთვიცნობიერებელი ადამიანის განცხადებაა. ალბათ, ერთ–ერთი ფაქტორი იმ შოკის, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალაში მოხდა, ის გახლავთ, რომ ჩიკაგოს სამიტზე, საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა  და ეტყობა, მათ ტაქტიკის ცვლილებაზე აქვთ საუბარი.

– როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნების“ ლიდერები რა გზაზე ფიქრობენ?

– ადამიანები, რომლებიც ცივილიზებულ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ისინი ძალაუნებურად ქუჩის აქციების მძევლები ხდებიან. საგულისხმოა, რომ ივანიშვილის გუნდის რიტორიკა რადიკალური ხდება, მაგრამ რადიკალური ქმედებები ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა როგორ დაასრულეს, ამისი მაგალითები არსებობს.

– ივანიშვილის გადაწყვეტილება უკავშირდება თუ არა 27 მაისის აქციას, რომ პოლიტიკური ტემპერატურის დუღილი აიწიოს?  

 – შესაძლოა, უკავშირდებოდეს კიდეც, თუმცა, არჩევნები ერთადერთი ლეგიტიმური გზაა, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. როდესაც, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობ, ე.ი. პოლიტიკიდან მიდიხარ, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. შესაძლოა, ივანიშვილის გუნდი რადიკალურ გზას განიხილავს, თუმცა, ვიღაცის ხუშტურებზე და მუქარანარევი ტონალობის მიმართვების მიღებას არავინ არ აპირებს. ივანიშვილის გადაწყვეტილება არასერიოზულია და ჩვენ არ გაქვს დრო, რომ ამ განცხადებებზე რეაგირება მოვახდინოთ. 

– „ქართული ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსით გეგმავს, ხომ არ შეეზღუდება უფლებები?  

– მას შეეძლება ყველაფერი გააკეთოს, რაც  კანონით არის დაშვებული, თუმცა, ნებისმიერ გადაცდენაზე  ადეკვატური რეაგირება იქნება. პოლიტიკური აქტივობების ველის შემცირებას არავინ არ აპირებს, მაგრამ თუ მას არჩევნებში მონაწილეობა არ სურს, მაშინ პინგვინები მწყემსოს.

0

ავტორი: