რუსეთში  ცხინვალელებს იჭერენ… რუსეთში ცხინვალელებს იჭერენ… />


  17:29:36     23-05-2012

რუსეთში ცხინვალელებს იჭერენ…

a18380.jpg

ცხინვალში პანიკაა. ამის მიზეზი რუსეთის საზღვარზე, რუსი მესაზღვრეების მიერ ცხინვალელი ე.წ. დეპუტატის ბალა ბესტაუტის დაკავების ამბავია, რასაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი. როგორც თავად ბესტაუტი ამბობს, რუსმა მესაზღვრეებმა ინტერპოლის სანქციის საფუძვლეზე, საქართველოს მოთხოვნის შესაბამისად დააკავეს და პოლიციას გადასცეს, რადგანაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა და ჩადენილი დანაშაულებების გამო,  მასზე თბილისს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.

რუსმა მესაზღვრეებმა დაადასტურეს, რომ ის დასაკავებელთა სიაში იყო და მიზეზების რკვევა, თუ რა დააშავა, არც უცდიათ.  ბესტაუტი საბოლოოდ კი გაათავისუფლეს, მაგრამ ამის შემდეგ ცხინვალში პანიკაში არიან. ასეთი პრინციპით, ანუ საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე და ინტერპოლის სანქციით, ნებისმიერი შეიძლება დააკავონ. თანაც, რუსეთის ტერიტორიაზე ასეთი დაკავებები თურმე ადრეც მომხდარა და გასულ წელს 2008 წლის აგვისტოს ომის დამნაშავე, სეპარატისტებისთვის კი „მამულიშვილი“ ვინმე კოკოევიც დაუკავებიათ როსტოვის ოლქში. „დმენისის დამცველთა“ მეთაური მარიონეტულმა რეჟიმმა ძლივს გამოგლიჯა ხელიდან მეგობარ რუსებს.

ამ ამბების შემდეგ,  ცხინვალში რუსეთის მიმართ მთლად საყვედურის თქმასაც ვერ ბედავენ, მაგრამ ბესტაუტის დაკავება-გათავისუფლების შემდეგ,  ეს ისტორია ყველა შეკრებისა და საგაზეთო მასალის თემა გახდა.  სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა, ლეონიდ თიბილოვმა,  რამდენიმე დღის წინ გამართულ თათბირზე ე.წ. სამართალდამცავ უწყებებს, რუსეთთან ბესტაუტის დაკავების გარემოებების გარკვევა დაავალა.

რუსეთის ტერიტორიაზე, რუსი მესაზღვრეების მიერ ცხინვალელი ე.წ. დეპუტატის დაკავებაში, თიბილოვი პროვოკაციის ჯაჭვს ხედავს, რომელშიც, პირველ რიგში თბილისი, შემდეგ კი თავად ცხინვალი და მოსკოვიც შეიძლება იყვნენ გარეულები.
„დღეს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან სერიოზული პროვოკაციები ხდება. იქ მუშაობენ ინსტიტუტები, რომელთა საქმიანობაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. მათ შეუძლიათ იმუშაონ პირდაპირ, ან მესამე ქვეყნების საშუალებით; ეძებენ და კვლავაც მოძებნიან ჩვენს ხალხს შორის ადამიანებს, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უარს არ იტყვიან მათ დახმარებაზე. არის ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში - სამშობლოს ღალატი. აქ, ამ მუხლის სუნი დგას“ - განაცხადა თიბილოვმა.

ცხინვალში, გარდა იმისა, რომ უკვე მართლა ეშინიათ რუსეთის საზღვრის გადაკვეთისა, სხვა პრობლემაც დაინახეს.

მარიონეტული რეჟიმი ჟენევის დისკუსიებზე დელეგაციის განახლებას გეგმავს. ძველი შემადგენლობა, როგორც ამბობენ, ახალგაზრდებით უნდა ჩანაცვლდეს, რომლებსაც უკლებლივ ყველას აქვს აგვისტოს ომში მონაწილეობა მიღებული. და მას შემდეგ, რაც  საქართველოს მოთხოვნით „დეპუტატი“ რუსებმა რუსეთის ტერიტორიაზე დაუპატიმრეს, აღარც იმის გარანტია აქვთ, რომ იგივეს არ გააკეთებენ შვეიცარიელები შვეიცარიის საზღვარზე, როცა ცხინვალის დელეგაცია მორიგ რაუნდზე გაემგზავრება. თანაც, რუსეთისაგან ბესტაუტის გამოხსნა ადვილი იყო, - „მოძმე სახელმწიფოს“ შეახსენეს, რომ იმ დანაშაულში, რისთვისაც ბესტაუტი დაიჭირეს, თავად რუსებსაც დიდი წილი მიუძღვით. მაგრამ გაჭრის ასეთი არგუმენტები, ვთქვათ, შვეიცარიასთან? ეს კითხვა, ახლა, ცხინვალში, ლამის, „ყოფნა-არყოფნის“ საკითხთანაა გაიგივებული.

0

ავტორი: