თურქმენეთში „დიდი სამამულო ომი“ აკრძალეს თურქმენეთში „დიდი სამამულო ომი“ აკრძალეს />


  15:44:29     23-05-2012

თურქმენეთში „დიდი სამამულო ომი“ აკრძალეს

a18378.jpg

თურქმენეთის მედიასაშუალებებმა ხელისუფლებისგან მითითება მიიღეს, საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის სამხედრო დაპირისპირების აღსანიშნავად აღარ გამოიყენონ ტერმინი „დიდი სამამაულო ომი“.

როგორც ოპოზიციური გაზეთი „თურქმენეთის ქრონიკა“ იუწყება, ახლა ტელევიზიაში ამ ომს, უბრალოდ, „1941-1945 წლების ომს“ უწოდებენ. გამოცემა აზუსტებს, რომ უკანასკნელად „დიდი სამამულო ომი“ ტელე და რადიოეთერებში 9 მაისს ახსენეს, მაგრამ იმავე დღეს რედაქტორებმა კულტურის სამინისტროსგან ტელეფონებით მითითება მიიღეს, რომელმაც, თავის მხრივ, ფორმულირების შეცვლის შესახებ ბრძანება კიდევ უფრო ზევიდან მიიღო.

უკვე 10 მაისს კი, თურქმენეთის პრეზიდენტისადმი სამინისტროებისა და უწყებების მიერ გაგზავნილ გამარჯვების დღისადმი მისალოცებში, „დიდი სამამულო ომი“ აღარ ფიგურირებდა. ჟურნალისტებმა კი ძალიან ბევრი იწვალეს, რომ უკვე წინასწარ ჩაწერილი გადაცემებიდან აკრძალული ფრაზა ამოეღოთ.

გადაწყვეტილების მიზეზები არ დასახელებულა. როგორც „თურქმენეთის ქრონიკა“ წერს, აშხაბადში გადაწყვიტეს, რომ ტერმინოლოგიის ცვლილების გამო დიდ ხმაური არ უნდა ატეხილიყო, რადგანაც კრემლის მკაცრ რეაქციას მოერიდნენ, რომელიც ძალიან მტკივნეულად განიცდის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მხრიდან, ზოგადად, საბჭოთა კავშირთან და დიდ სამამულო ომთან მიმართებაში პოზიციების გადახედვის მცდელობას.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, დიდი სამამულო ომის გადაფასების ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკრაინაში ჰქონდა ადგილი. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქალაქ ტურკას ადგილობრივმა ხელისუფლებამ საძმო სასაფლაოსა და დიდების მემორიალის აღების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე მხოლოდ ტურკაში საბჭოთა ეპოქის ათობით ძეგლი აიღეს.

0

ავტორი: