12:30:47     23-05-2012
გიორგი გიგაური - „ხევსურეთ რა ამბავია“
1928 წლის 23 მაისს, ხევსურეთის სოფელ ბლოში, დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი, გიორგი (გოგი) ხვთისოს ძე გიგაური. 1950-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა თიანეთში.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1951 წელს, პირველი წიგნი "მთების სიმღერა" გამოვიდა 1957 წელს. იგი 30-მდე კრებულის ავტორია. გამოქვეყნებულ კრებულთაგან აღსანიშნავია: "ჭიუხი, წვიმა და ჩანჩქერები" (1961), "ბალადა შვიდი ხევსურისა" (1965), "აღსარება" (1974), "იმედის ბილიკი" (1976), "გზაგასაყართან" (1980), "ხევსურეთ რა ამბავია?" (1985) და სხვა.
გამოცემული ჰქონდა საბავშვი კრებულებიც: „სიცოცხლე გრძელდება", „გაზაფხული არაგვზე", „მზიანი მიწა", „ლამაზი დღე", „ძმები"...
გიორგი გიგაურის კალამს ეკუთვნოდა არაერთი მხატვრული ნარკვევი თუ პუბლიცისტური წერილი.
მუშაობდა ჟურნალისტად. ჩვიდმეტი წელი რადიო-ტელევიზიაში იმუშავა, შემდეგ კი, ოცი წელი - ჟურნალ "პოლიტიკაში"...
გიორგი გიგაურს მიღებული ჰქონდა ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძის, შალვა დადიანის სახელობის პრემიები, ოთხმოცი წლისთავზე გადასცეს გალაქტიონის პრემია. არჩეული იყო ჩარგლის საპატიო მოქალაქედ. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით...
პოეტის ნაწარმოებები ითარგმნა ესპანურ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ ენებზე.
გიორგი გიგაური გარდაიცვალა 2011 წელს.
პოეტის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ორი ლექსი.
ხევსურეთ რა ამბავია
ხევსურეთ რა ამბავია,
რა სიხარულის ხმებია,
ცაში ბოინობს არწივი,
კლდიდან ჯიხვები ხტებიან.
ქედები ყინულიანი
ერთმანეთს ჩახუტებია.
ფიცხობს ხევსურთა ჯილაგი,
ისმის ჭიხვინი ცხენების,
ბლოღელე გადაიარეს
კივილით, ჭენებ-ჭენებით,
ლოდებზე ნალი წკრიალებს,
წრიალებს ცეცხლის ენები.
ვიწროებს მოჰყეფს ჩანჩქერი,
მურყიანების ლოტბარი,
ხან ციცაბოზე ეშვება,
ხან ლოდს ასკდება ტორტმანით,
აცოცხლებს ღულის წყალ-ჭალას,
მისი ხმატკბილნი ხოტბანი.
გზა გაწოლოლა ქარაფზე,
მხრებგანიერი შარაგზა,
ზედ მანქანები დაჰქრიან,
ჩქამით ჯაბნიან არაგვსა, -
ამას რას ხედავს ალუდა
მამა-პაპეულ ალაგთან.
გაახალისეს სოფლები,
მწვანე წარაფებს კეცავენ,
ბუხრიდან, შუაცეცხლიდან
კვამლი გაფრინდა ზეცამდე...
ეცადე ჩემო ხახმატო,
ჩემო არხვატო ეცადე.
მოყმეთა შემობრუნება
მართლაც სიცოცხლის ფრთებია,
გასთენებია როშკიონს,
ხადუელს გასთენებია,
აი რა მზეა ხევსურეთს,
აი რა ტკბილი ხმებია!
მონატრება
მე აღარ ვლაღობ მთებში მთებურად,
ჩამომაშორეს მხარეს მთებიანს,
ამაღლება დღეს დავბადებულვარ
და დაბლა დგომა დამბედებია.
მომნატრებია ქარაფთა მზვარე,
კბილით მიჭირავს სული დაღლილი
ერთხანს ჩემივე საფლავი ვთხარე
და ჩავყმუოდი ქვესკნელს ძაღლივით!...