08:54:14     22-05-2012
ჟერარ დე ნერვალის „მორჩილება“
1808 წლის 22 მაისს, პარიზში დაიბადა დიდი ფრანგი პოეტი და მწერალი ჟერარ დე ნერვალი (Gérard de Nerval).
ჟერარ დე ნერვალი ფსევდონიმია, მისი ნამდვილი სახელი იყო ჟერარ ლაბრიუნი (Gérard Labrunie).
დაიბადა ნაპოლეონის არმიის სამხედრო ექიმის ოჯახში. დედა პატარაობისას მოუკვდა. იზრდებოდა პროვინციაში. 1814 წელს მამამ პარიზში წამოიყვანა და სასწავლებლად შეიყვანა კარლოს დიდის სახელობის ლიცეუმში. ლიცეუმში შესანიშნავი განათლება მიიღო. იმ პერიოდში დაუახლოვდა პოეტსა და კრიტიკოს, რომანტიკოს თეოფილე გოტიეს.
ჟერარ დე ნერვალის პირველი წარმატება გახლდათ გოეთეს „ფაუსტის“ თარგმნა, რამაც კრიტიკოსების და თვით დიდი გოეთეს მოწონება დაიმსახურა. ძალიან მოსწონდა ვიქტორ ჰიუგო. მისი შემოქმედების გავლენით დრამაც დაწერა.
1830 წლის 27 ივლისს საფრანგეთში დაიწყო რევოლუცია, მეფე კარლოს X-ის წინააღმდეგ, რომელიც კონსერვატიულ პოლიტიკას ატარებდა და ოცნებობდა, 1789 წლის რევოლუციამდელი ვითარება აღედგინა ქვეყანაში. 2 აგვისტოს მეფე იძულებული გახდა გადამდგარიყო. გაამეფეს მისი მოგვარე, ბურბონთა უმცროსი შტოს წარმომადგენელი, ორლეანის ჰერცოგი, რომელიც ტახტზე ავიდა ლუი-ფილიპე I-ის სახელით. რევოლუციონერებმა მონარქს „მეფე-მოქალაქის“ ტიტული მიანიჭეს. ეს იმდროინდელი საზოგადოების მიერ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა, რადგან კანონები უფრო ლიბერალური გახდა. სწორედ ამას მიესალმა ახალგაზრდა პოეტი ჟერარ დე ნერვალი. თუმცა, მალე აუცრუვდა გული.
იმ პერიოდში გაიცნო მსახიობი ქალი ჟანი კოლონი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. ქალი სხვას გაჰყვა ცოლად, მაგრამ პოეტისათვის ის მაინც აღტაცების, სევდისა და ნერვიულობის წყაროდ დარჩა, მისი პოეზიის მუზად, ერთგვარ მითოლოგიურ ქალღმერთად.
დაარსა ჟურნალი, რომელშიც მთელი თავისი ქონება დააბანდა, თუმცა ჟურნალი გაკოტრდა და ჟერარ დე ნერვალმა ყველაფერი დაკარგა.
იმავე პერიოდში გაიცნო ალექსანდრე დიუმა. მასთან ერთად ჟერარ დე ნერვალმა რამდენიმე პიესა დაწერა. ერთ-ერთი რომ სცენაზე დაიდგა, მისმა სათაყვანებელმა ჟანი კოლონმა ითამაშა მთავარი როლი...
უყვარდა მოგზაურობა. იმოგზაურა ბელგიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, გერმანიაში... თარგმნა ჰაინრიხ ჰაინეს, შილერის და სხვათა ნაწარმოებები. აღწერდა თავის მოგზაურობებს, წერდა ლექსებს, ნოველებს, პიესებს...
სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიღარიბეში გაატარა, 1841 წლიდან აწუხებდა ფსიქიკური პრობლემები, მკურნალობდა კიდეც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
დიდი პოეტი გარდაიცვალა 1855 წლის 26 იანვარს... იგი თავად გამოეთხოვა სიცოცხლეს...
ჟერარ დე ნერვალის შემოქმედება მხოლოდ შემდგომმა თაობებმა დააფასეს ჯეროვნად. მისმა შემოქმედებამ დიდად იმოქმედა სიმბოლისტებზე. ის შემდგომში თავის წინამორბედად გამოაცხადეს სიურრეალისტებმა. დაკრძალულია პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე.
ჟერარ დე ნერვალის დაბადების დღის აღსანიშნავად გთავაზობთ მის ლექსს „მორჩილება“, რომელიც თარგმნა გივი გეგეჭკორმა.
მორჩილება
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
დედაბუნებას ცეცხლოვანი წალეკავს დისკო
და თვალებს მხოლოდ სიყვარული გამიჩირაღდნებს,
ნორჩი ყვავილი თუ ვიხილე, გაწვდილი მზისკენ,
მოწყურებული სხივს და სინათლეს.
თამას-თამაშით თუკი ფარა იშლება ველზე,
თუ მღერის ჩიტი და მივდივარ ტყის ბილიკებით,
სული სავსეა მწუხარებით და ნუგეშს ვეძებ,
მინდა ტირილი, გული მიკვნესის.
მაგრამ მინდორში, როცა ხმება ბალახის ღერი
და ჩემს ფეხებთან ცვივა ტყეში ხმელი ფოთლები,
ხუნდება ვარდი და კაბადონს ეცვლება ფერი, -
მე მნახავთ მლოცველს და მუხლმოდრეკილს.
მე იმ ხმელ ფოთლებს, მომანიჭეს რომლებმაც შვება
და შეურიგდნენ ბედისწერას, მე ახლა იმათ
ვეჩურჩლები, ვეფერები: ო, ჩემო დებო!
და ათრთოლებულ ტუჩებთან მიმაქვს.
ხმელი ფოთოლი დაა ჩემი და მე მომესმა,
თუ ქარი როგორ მოეხვია გველეშაპივით...
ხომ არ ჩავდივარ სამარეში ახლა, როდესაც
ჩემი სიცოცხლის დგება აპრილი?
იქნებ ჩემსავით ეს ყვავილი, ძლივს რომ უღიმის
მზეს და იმისკენ მიისწრაფვის ყველა უჯრედით,
გადასწვა მკერდში აღგზნებული სულის დუღილმა
რადგან ეკიდა ცეცხლი უშრეტი.
თუკი ხუნდება ყოველივე, რაც გევალება
რომ აღასრულო, აღასრულე! სიცოცხლის შემდეგ
სიკვდილი მხოლოდ სიზმარია, სულს მღელვარებით
მოღლილ-მოქანცულს დაეხსენ, თვლემდეს!
ო, დედაჩემი!.. მეგობრებო, მწუხარეს გლოვა
შეუმსუბუქეთ, მე მივდივარ და გევედრებით,
ის ალბათ მალე ჩემს მოწყენილ ბინაში მოვა,
მაგრამ დახვდება მხოლოდ კედლები.
ო, შენ კი, ბავშვო პირმცინარევ, დიდხანს გერიდე,
დიდხანს მიყვარდი უიმედოდ, ახლაც ჯიუტად
გებღაუჭები... ამაოა! ამიერიდან
წყდება კავშირი ამქვეყნიურთან.
მაგრამ თუ ხშირად ბუნდოვანი იხილე ლანდი,
არ შეგეშინდეს და არავის არ დაუძახო,
ხან შენთან მყოფი, ხანასული უძირო ცამდე
შენი მდევარი მე ვარ უსახო.