08:52:39     22-05-2012
ვიქტორ ჰიუგო და ბავშვები
1885 წლის 22 მაისს გარდაიცვალა დიდი ფრანგი მწერალი და პოეტი ვიქტორ ჰიუგო (Victor Marie Hugo).
ვიქტორ მარი ჰიუგო დაიბადა 1802 წლის 26 თებერვალს საფრანგეთში, ქალაქ ბეზანსონში. მამამისი ნაპოლეონის გენერალი იყო. მას უხდებოდა საცხოვრებლის ხშირად ცვლა. ამიტომ პატარა ვიქტორი ბევრს მოგზაურობდა საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში.
საინტერესოა, რომ ჰიუგოს დედა მონარქისტი და მორწმუნე კათოლიკე იყო. მშობლები დაშორდნენ.
წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 15 წლისამ მიიღო საფრანგეთის აკადემიის ჯილდო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფრანსუა შატობრიანმა. ჰიუგოს სიყმაწვილეში უთქვამს: „ან შატობრიანი გავხდები, ან არავინ!“ მალე დედა გარდაეცვალა. 1819 წელს ძმებთან ერთად დაარსა ჟურნალი „კონსერვატიული ლიტერატურა“.
ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1820 წელს.
1822 წელს იქორწინა ადელ ფუშერზე. შეეძინათ ხუთი შვილი.
1827 წელს გამოსცა „ოდები და ბალადები“. იმავე დროს წერდა პროზაულ ნაწარმოებებს: „ჰან ისლანდიელი“, „ბიუგ ჟარგალი“ და სხვა. რომანტიკოსის ბუნება ჩანს უკვე ამ ნაწარმოებებიდან. თავიდან კონსერვატიზმი მოსწონდა, თუმცა მერე უარყო.
1827 წელს გამოსცა თავისი დრამა: „ოლივერ კრომველი“, რომლის წინასიტყვაობაც ახალი მომართულების, რომანტიზმის მანიფესტადაა მიჩნეული. 1829 წელს მან გამოაქვეყნა მოთხრობა „სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე“. ეს არის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მისი ბრძოლის დასაწყისი.
მალე გამოსცა ლექსთა კრებული „აღმოსავლური ჰანგები“, „შემოდგომის ყვავილები“ და მისი რომანტიკული ნაწარმოები „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. ამას მოჰყვა ისტორიული ხასიათის დრამები: „მარიონ დელორმი“, „ერნანი“, „მეფე ერთობა“ და სხვა.
როგორც ვთქვით, მან უარყო კონსერვატიზმი და 1830 წელს მიესალმა რევოლუციას: „დიდებულ სახელთა შორის, - მიმართავდა რევოლუციის ჯარისკაცებს, - თქვენი სახელი ყველაზე უფრო დიდებულია. თქვენს გვერდით სხვა ყოველგვარი დიდება უმნიშვნელოდ ჩანს“. შემდეგ გამოქვეყნდა მისი ლექსების კრებული: „ბინდის საგალობლები“, მერე დრამა «რუი ბლაზი». 1841 წევრს ვიქტორ ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაეღუპა ერთ-ერთი ქალიშვილი ლეოპოლდინა. რამაც დიდი ხნით გაანადგურა, როგორც შემოქმედი.
დიდმა რომანტიკოსმა მონაწილეობა მიიღო 1848 წლის რევოლუციაში. მალე საკანონმდებლო კრების დეპუტატად აირჩიეს. 1851 წელს რესპუბლიკა დამარცხდა და საფრანგეთში ნაპოლეონ III გამეფდა. ვიქტორ ჰიუგოს მოუწია სამშობლოდან ემიგრაციაში წასვლა.
ჰიუგოს თავი შეაფასეს 25 000 ფრანკად. 1852 წელს მან დაწერა პამფლეტი: „პატარა ნაპოლეონი“, რომელიც ნაპოლეონ III ეხებოდა. შემდეგ გამოქვეყნდა მისი გენიალური თხზულებანი: „საბრალონი“, „ზღვის მაშვრალნი“, „კაცი, რომელიც იცინის“ და სხვა.
1856 წელს ის წერს „განჭვრეტას“, რომელიც პოეზიის შედევრად, მწვერვალად ითვლება.
ნაპოლეონ III ხალხი მიუგზავნა და სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა. დიდმა მწერალმა უარი უთხრა და შეუთვალა: „თქვენ ნუ გგონიათ, მე არ დავბრუნდები საფრანგეთში. მე დავბრუნდები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მანდ აღარ იქნებით, როდესაც თავისუფლება აღდგება“. მართლაც, 1870 წელს, ნაპოლეონ III დამხობის მეორე დღესვე ვიქტორ ჰიუგო დაბრუნდა სამშობლოში. ფრანგებმა გულთბილად მიიღეს საყვარელი პოეტი, რომელიც მათთვის ლეგენდად იყო ქცეული.
ამ დროს პრუსიის ჯარი უტევდა პარიზს. პოეტი მგზნებარე სიტყვებითა და ლექსებით აღაფრთოვანებდა ფრანგებს სამშობლოს დასაცავად.
„კომუნის კანონი ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს“, ამბობდა ჰიუგო 1871 წელს. ამ დროს გამოქვეყნდა მისი ლექსების კრებული „საშინელი წელი“. კომუნის დაცემის შემდეგ თავისი სახლი ბრიუსელში დაუთმო კომუნარებს. ბელგიის ხელისუფლებამ კი მასაც და კომუნარებსაც დაატოვებინა ბრიუსელი. ის იმყოფებოდა ჯერ ლუქსემბურგში, მერე ინგლისში.
ამ პერიოდში გამოქვეყნდა საბრძოლო განწყობის წიგნი „ოთხმოცდაცამეტი წელი“, მერე ანტიკლერიკალური პოემა „პაპა“ და პამფლეტი „უმაღლესი ლმობიერება“.
ვიქტორ ჰიუგოს უყვარდა თავისი ხალხი. „ყოველთვის ვიქნები მეგობარი ჩემთვის ძვირფასი და პატიოსანი ხალხისა, რომელსაც ატყუებენ, - მსურს ვემსახურო მას და ვიხსნა იგი“.
„არც ერთ ერს არ აქვს უფლება იბატონოს მეორეზე!... არც ერთ ხალხს არ აქვს უფლება იბატონოს სხვა ხალხზე, ისევე, როგორც არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება იბატონოს მეორე ადამიანზე“.
ხალხის ნების მოწინააღმდეგეებს, შეუზღუდავი პოლიტიკური რეჟიმის მომხრეებს ის მიმართავდა: „თქვენ ვერ დააბრკოლებთ დემოკრატიული იდეების ზრდას! უფსკრული დემოკრატიასა და თქვენს შორის სულ უფრო ღრმავდება, თქვენ უფრო და უფრო შორდებით ცივილიზაციასა და პროგრესის საუკუნეს და სულ მალე ჩვენ სამუდამოდ გამოგემშვიდობებით.“
როგორც ვთქვით, დიდი მწერალი გარდაიცვალა 1885 წლის 22 მაისს. მისი გარდაცვალების დღე გამოცხადდა ეროვნული გლოვის დღედ. მის დაკრძალვაზე სამ მილიონ ადამიანზე მეტი მივიდა. დაკრძალეს პარიზის პანთეონში, რომლის შესასვლელსაც ამშვენებს წარწერა: „დიდ ადამიანებს მადლიერი სამშობლოსაგან (AUX GRANDS HOMMES LA PATRIE RECONNAISSANTE).
საინტერესოა ერთი, უფრო სწორად ორი ფაქტი. 1941 წელს საფრანგეთის ოკუპაციის დროს ნაცისტებმა კვარცხლბეკიდან მოხსნეს ვიქტორ ჰიუგოს ბრინჯაოს ძეგლი და გადასადნობად გააგზავნეს სამხედრო ქარხანაში. ომის შემდეგ, ჰიუგოს მოედანზე, კვარცხლბეკის ადგილას დაიდგა ფორდის ავტომობილის მოდელი კომერსანტების მიერ.
ძალიან საინტერესოა ვიქტორ ჰიუგოს ლექსი, Sinite parvulos venire ad me – Iesus. Sinite parvulos venire ad me - Iesus ლათინურად ნიშნავს: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა - იესუ.
მარკოზის სახარების მიხედვით (მარკოზი, 10, 13-14) იესოს სანახავად მივიდნენ ბავშვები, მშობლებმა მოიყვანეს. იესოს მოწაფეებმა შეაჩერეს ისინი, არ მიუშვეს იესოსთან, ალბათ, იფიქრეს არ შეაწუხონო.
“და მოჰგვრიდეს მას ყრმებსა, რაჲთა ჴელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ, რომელნი-იგი მოგჰვრიდეს.
ვითარც იხილა იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“
ვიქტორ ჰიუგოსათვის ეს სიტყვები და ბავშვებისადმი სიყვარული იქცა შთაგონების წყაროდ და შექმნა შესანიშნავი ლექსი, სადაც ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს სიხარულად სახლში ბავშვების ჟრიამულია გამოცხადებული. ლექსი კარგად გადმოსცემს დიდი შემოქმედის კეთილშობილურ ბუნებას. და იქნებ შვილმკვდარი მამის სევდასაც...
პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ ამ ლექსს, რომელიც ფრანგულიდან გივი გეგეჭკორის მიერ არის თარგმნილი.
***
Sinite parvulos venire ad me
Iesus*
(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
მოვიდნენ ჩემთან, შემოუშვით ჩემთან ბავშვები,
ვერ გამიქრები, მე თუ ბავშვებს ვეთამაშები,
ლაჟვარდოვანო ბუშტის ნაჭერო!
რომელმა ბრძანა: რომ ღვთაებრივ მუზას განდევნის
მათი სიცილი უზრუნველი და უდარდელი...
აქეთ, ცელქებო და კუდრაჭებო!
შემოდით ჩემთან! აქ ირბინეთ, ამ ოთახებსაც
თქვენი სიცილი და ყიჟინა რომ თავს დაესხას
და შეებრძოლოს შფოთსა და ბორგვას.
არ ემუქრება ქვეყანაზე რადგან წალეკვით
თქვენი ღიმილის სიხარული და ანარეკლი
პოეტის სულში დარხეულ ორღანს.
თქვენ ვინ გიშორებთ? ჩემთან მოდით და ამ კედლებში
ვიქნები უფრო შუბლნათელი და უკეთესი,
მე თქვენს ფერხულში თუკი ჩავები...
ცეცხლმოდებული, სისხლიანი სიზმრის ნათელში
რად მეშინოდეს, თუ ვიხილე მე უცხადესი
ოქროსთმიანი თქვენი თავები?
თქვენი ღიმილი სიცოცხლეა! ვინ დაიჟინა,
ვინ ამჯობინა მხიარული ბავშვის ყიჟინას
დამუნჯებული სახლის წყვდიადი?
ბავშვს ვინ წამართმევს? სიბრალული იარაღია, -
ისე აშუქებს ბავშვის ღიმი ჩემს სულს ნაღვლიანს,
როგორც სიბნელეს - სხივის ჭიატი!
ნურავინ მეტყვის, რომ ბავშვები, სადა ნახულა,
საკურთხეველთან მიიყვანოს კულტის მსახურმა,
რომ თითქოს მუზას დააფრთხობს ჩქამიც...
არა მინდა-მეთქი, გეუბნებით არა მჭირდება
არც უკვდავება, არც პატივი, და არც დიდება,
მსურს სიხარულის უბრალო წამი!
დე, იმას ჰქონდეს განდიდება, ფუჭი სახელი,
სიმღერის ნაცვლად სიმღერების გამოძახილი,
ვინც უღალატა სიმღერას ნამდვილს,
წუთისოფელი მწუხარე და ღვარძლით ნათესი,
ღამის კოშმარით მარტვილობა დღის სინათლეზე
და დამარხული დიდების ლანდი!
იმაზე დიდი სიხარული განა არსებობს,
ჩვენი ოჯახი რომ მაგიდას უზის გარშემო
და დროს ატარებს... ფუჭი დიდება
განდევნილია სიცილით და ჩვენი საუბრით.
ასე დამფრთხალი ბეღურების გუნდი გაურბის
გაქცეულ ბიჭებს და ერიდება!
ის ცოცხლობს, რასაც ბავშვი ელამუნება,
იშლება კვირტი, ოქროვანი ჰყვავის ბუნება,
ჯადოსნურია მინდვრის ღაღანი,
გაჰყვება სული ბალადების ცოცხალ სტრიქონებს,
ოდების სუნთქვით ფრთაშესხმული ზევით იქროლებს
და ის იქნება უფრო მაღალი.
ცეროდენების სიხარულით მეც ვყმაწვილდები,
ხასხასებს ლექსი, ვით აპრილში მწვანე მინდვრები.
ო, ძმებო, სულით რომ დაჩიავდით,
მერწმუნეთ, ბავშვის ჟრიამული თუ გაალაღებს
ჩვენს ლექსს, რომ იქცეს პოეზიად, ასე ბალახებს
აცოცხლებს ცვარი და განთიადი.
ჩემთან, ბავშვებო! ან ეზოდან ანდა ბაღიდან
გამოიქეცით! დაეჯახეთ სკამს და მაგიდას
და ოთახები დაინაწილეთ!
და როცა სახლ-კარს ფუტკრებივით შემოესევით,
განახლებული ჩემი სული, ჩემი ლექსები
აედევნება თქვენს სიყმაწვილეს!
არსებობს სული უნაზესი და ის იცილებს
მიწიერს, რადგან ეზიარა არამიწიერს
ღამის დუმილით და ჰარმონიით
და ეფინება სიმფონია სულს ფრაგმენტებად. –
ფოთლის ჩურჩული, ზღვის ღრიალი, ქარის შეტევა,
დასიზმრებული და გაგონილი.
ო, მე არ ვიცი, რა იქნება, ან რა მომელის,
მეხსიერებას რა გაჰყვება, რა შეცდომები,
შემინდობს თუ არ შემინდობს ღმერთი. –
მაგრამ მე მინდა, რომ იქ ვიყო და იმ ქალაქში,
სადაც სიცილი ისმის ბავშვის, ასე ხალასი,
მე მსურს ცხოვრება ბავშვების გვერდით.
და თუ ოდესმე დავუბრუნდი უმშვენიერეს
ქვეყანას, სადაც ჩემი მზერა ისევ იელვებს,
და რომლის ენაც თითქოს ლექსია,
სადაც ვიხილე ულანები ნაპოლეონის,
ო, ესპანეთი! ციხე სიდის! კიდევ ლეონი,
არაგონია და ვალენსია!
დე, აღიმართონ რომაული აკვედუკები,
ჩემი ბავშვობის მოედნები ანდა შუკები,
ანდა ნაშთები მავრთა ქალაქის,
დაე, მირბოდეს დაკლაკნილი გვადალკვივირი,
ჩარდახზე ვიჯდე, აქეზებდნენ ჯორებს ყვირილით
და ჟღარუნობდეს კვლავ ზანზალაკი.