08:19:29     22-05-2012
კახთუბნის მონასტერი
XX საუკუნის დასაწყისისთვის ქართლ-კახეთში ცნობილი იყო სამი წმინდა ადგილი, რომლებიც იმ ჩვილბავშვიან დედებს მფარველობდა, რძე რომ არ ჰქონდათ. ერთი თბილისის ახლოს, უძოს მთაზე მდებარე ეკლესია გახლდათ, მეორე - წყარო მცხეთის ჯვრისაკენ მიმავალ გზაზე, მესამე კი - კახთუბნის მონასტერი. ეს მონასტერი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და გურჯაანის სამხრეთით, ქალაქიდან სამი კილომეტრის მოშორებით, კახთუბნის ხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. VIII-IX საუკუნეებში აგებული ტაძარი XVII საუკუნეში აღუდგენიათ. სწორედ ამ სახით მოაღწია მან ჩვენამდე. კახთუბნის ხევს, მონასტრის სახელის გავლენით, ყოვლადწმიდის ხევსაც ეძახიან.
ამბავი, რომელიც 1878 წელს ჩაუწერია სოფლის მცხოვრებთაგან ლეო-მელიქსეთ-ბეგს, იმ მიზეზზე გვიამბობს, რომლის გამოც რძენაკლული დედები დღემდე სასოებით მოდიან ტაძრის მოსალოცად და ღვთის დიდი მოწყალებით განკურნებულნი ბრუნდებიან.
ძველად, როცა კახთუბანში სამონასტრო ცხოვრება ჩქეფდა, აქ უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ მლოცველები, რათა თაყვანი ეცათ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისათვის. ერთხელ მაცნემ ამბავი მოიტანა, მტრის რაზმი გვიახლოვდებაო. ტაძარში მყოფმა მრევლმა და ბერებმა სამალავებს შეაფარეს თავი. შემთხვევით გარეთ დარჩა მხოლოდ ქალი, რომელიც ჩვილს ძუძუს აწოვებდა. მტერი მონასტერს უახლოვდებოდა. ბედკრულმა დედამ აქეთ-იქით დაიწყო სირბილი. უეცრად ტაძრის კედელი გაიხსნა და ქალი დამალა. მალე დედამ იგრძნო, რომ რძე ეღვრებოდა. რძემ კედელი დაასველა და გარეთ გამოჟონა. ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე დღემდე ჩანს თეთრი ლაქები.
მონასტრის თავდაპირველი მფლობელის ვინაობა ისტორიულ წყაროებს არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დასაწყისში იგი ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდათ. ბრძოლაში, რომელსაც მეფე თეიმურაზ I დიდოელთა წინააღმდეგ აწარმოებდა, დაიღუპა უშვილო თავადი ჯანო ანდრონიკაშვილი. მისი კუთვნილი მამულები კახთუბნის მონასტრითურთ თეიმურაზმა ერთგულ თავადს, მართლმადიდებლობისთვის თავდადებულ მებრძოლის ზაქარია ალავერდელის ძმას ნოდარ ჯორჯაძეს უწყალობა.
ამის შემდეგ მონასტერმა სახე იცვალა. ახალმა პატრონმა სავანე აღადგინა, მოახატვინა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი შესწირა.
თვითონ ნოდარ ჯორჯაძე შთამომავლობითურთ კახთუბნის მონასტერში განისვენებს. შემორჩენილია სამი საფლავის ქვა. ერთი თავად როსტომ ჯორჯაძეს (1832 წ.) ეკუთვნის. დანარჩენ ორზე წარწერები არ იკითხება.
ტაძარში, როგორც ზემოთაც ვთქვით, დავანებული ყოფილა ივერთა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის შესახებ გაზეთი „ივერია“ 1889 წელს წერდა: „დახატულია კაკალზედა, მთლად მშვენივრად დაჩუქურთმულ ოქროში ზის. იმდენი ოქრო აქვს ამ ხატს, რომ სიმძიმით თითქმის ათ გირვანქაზე მეტი იქნება. ეს ხატი სიმაღლით ათი გოჯი იქნება, სიგანით - შვიდი“.
ამ ხატის შესახებ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს დეკანოზი პოლიევქტოსი (კარბელაშვილი, 1937 წ.).
1615 წლის შემოდგომაზე ხმა გავარდა, შაჰ-აბასის ლაშქარი კახეთისკენ მოემართებაო. კახთუბნის მონასტრის წინამძღვარმა მამა იოანემ ბერები შეკრიბა. მამებმა გადაწყვიტეს, მონასტერი არ მიეტოვნებინათ, ხოლო სიწმინდეები მიწისქვეშა საცავებში გადაემალათ. იმ ღამეს მამა იოანეს ღვთისმშობელი ეჩვენა და უბრძანა, სასწაულთმოქმედი ხატი კახთუბნიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის სვეტში დაემალათ. ბერებმა მეორე დილითვე აღასრულეს დედა ღვთისას ნება.
ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთში შაჰ-აბასი. მრავალი მონასტერი სამუდამოდ დაცარიელდა და დაინგრა. დარბევას ვერც კახთუბნის მონასტერი გადაურჩა.
200 წლის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში, მონასტერში მცირერიცხოვანი საძმო მოღვაწეობდა იღუმენ გაბრიელის წინამძღვრობით. ბერები დიდხანს ეძებდნენ ხატს მონასტრის საფლავებში, მაგრამ უშედეგოდ. ერთ ღამეს იღუმენს ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უბრძანა, ამა და ამ ადგილას ვარ დატყვევებული და გამომიყვანეთო.
იღუმენმა მეორე დღესვე დაიბარა ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარი იოსტოსი (ერისკაცობაში - თავადი ანდრონიკაშვილი, 1823 წ.), გურჯაანის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მამა აბრაამი (დემუროვი) და სამღვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მრევლის თანხლებით წამებულის მონასტრისკენ გაემართა. ტაძრის შიდა სვეტს ჩრდილოეთიდან მიადგეს კიბე, გამოიღეს აგურები, ამოაბრუნეს ღვთისმშობლის ხატი და საზეიმო სვლით გადააბრძანეს კახთუბნის მონასტერში.
მონასტერი დაცარიელდა 1845 წელს, როცა ბერები იქვე ახლოს მდებარე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. წელიწადში ორჯერ - ღვთისმშობლის მიძინების დღესა და ტაძრის დღესასწაულზე (ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს) - ღვთისმშობლის ხატს საზეიმოდ მიაბრძანებდნენ კახთუბანში, სადაც უამრავი მლოცველი მიდიოდა ხატის თაყვანსაცემად.
XX ს-ის 20-იანი წლებიდან ამ ტაძრებში ღვთისმსახურება შეწყდა.
ჩვენ შევეცადეთ, მივყოლოდით ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის კვალს და მისი დღევანდელი ადგილსამყოფელი დაგვედგინა. როგორც ირკვევა, XX ს-ის 20-იან წლებში, როდესაც ბოლშევიკებმა ტაძრების ძარცვა-რბევა დაიწყეს, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მახლობლად მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა ტაძრის ხატებისა და სიწმინდეების ნაწილი შესანახად წაიღო. „მერე, როცა განსაცდელმა ჩაიარა, გადავწყვიტეთ, რომ უკვე შეიძლებოდა, სიწმინდენი ტაძარში დაგვებრუნებინა. ასე რომ, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, დაფარნები და შანდლები ძველ ადგილას დავაბრძანეთ. შინ დავიტოვეთ მხოლოდ ერთი ხატი. იმ დროისათვის ტაძრის შემოგარენი ღრეობისა და გართობის ადგილად იყო ქცეული. ორიოდე წლის შემდეგ ერთ-ერთ ხატზე ნატყვიარი გაჩნდა, ხოლო რამდენიმე დღეში ხატები საერთოდ გაქრა“.
როგორც აღვნიშნეთ, ამ ხატებიდან ერთ-ერთი ღვთისმშობლისა იყო. აღწერილობით, ის ძალზე წააგავს მონასტრის ცნობილ სასწაულმოქმედ ხატს და შესაძლებელია სწორედ ის იყოს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ხატს დღემდე ინახავს რომელიმე მორწმუნე ოჯახი, რომ დედა ღვთისა კვლავ ინებებს გამოჩენას და ღვთის დიდი მოწყალებით კვლავაც მრავალ სასწაულსა და კურნებას აღასრულებს.
კახთუბნის მონასტრის ტაძარი წარმოადგენს ორგუმბათიან ბაზილიკას და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. საინტერესოა, რომ სხვა ორგუმბათოვანი ტაძრებიც - მსოფლიო არქიტექტურის იშვიათი ნიმუშები - დაახლოებით ამავე პერიოდით თარიღდება, თუმცა ასეთი ტოლფასი გუმბათები სხვაგან არსად გვხვდება. ტაძრის სამხრეთით, შესასვლელის პირდაპირ, მიწის ქვეშ, ყოფილა კამაროვანი ოთახი, საიდანაც, მოსახლეობის გადმოცემით, ვეჯინის ამაღლების მონასტერში მიმავალი გვირაბი იწყებოდა. სხვა ვერსიით, გვირაბი ჩადიოდა ხევში, წყაროსთან.
1993 წლის ნოემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარში ღვთისმსახურება აღდგა. თანდათან დაიწყო სამონასტრო ცხოვრების აღორიძინებაც. იმედი გვაქვს, მონასტერს დაუბრუნდება ძველი დიდება და ისევ იქცევა ქართული ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთ თვალსაჩინო სავანედ.
0