ექსპერტები რუსეთში საპროტესტო მოძრაობის რადიკალიზაციას ვარაუდობენ ექსპერტები რუსეთში საპროტესტო მოძრაობის რადიკალიზაციას ვარაუდობენ />


  16:45:53     21-05-2012

ექსპერტები რუსეთში საპროტესტო მოძრაობის რადიკალიზაციას ვარაუდობენ

a18281.jpg

რუსეთის ოპოზიცია ახალი „მილიონების მარშისთვის“ ემზადება, რომელიც 12 ივნისისთვისაა დანიშნული. მისი მარშრუტი კი ასეთია – ტვერის საგუშაგოდან ბოროვიცკის მოედნამდე, ანუ, ფაქტობრივად ბელორუსიის ვაგზლიდან, კრემლის კედლებამდე. მარში, როგორც „ ნოვაია გაზეტა“  Twitter –ში მემარცხენე ფრონტის ლიდერ, სერგეი უდალცოვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, 15 საათზე დაიწყება, ხოლო 17 საათისთვის მიტინგია დანიშნული. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 19 მაისს მუშა ჯგუფმა. აქციის ჩასატარებაზე ნებართვის თაობაზე განცხადებას  ამჯერადაც იმ პირებმა მოაწერეს ხელი, რომლებიც 6 მაისი მარშის ინიციატორები იყვნენ. კერძოდ, ესენია, ნადეჟდა მიტიუშკინა, სერგეი დავიდისი, იგორ ბაკიროვი, ელენა ლუკიანოვა და ანასტასია უდალცოვა. სხვათა შორის, განცხდება მათ ჯერ კიდევ არ გადაუციათ სათანადო ორგანოებისთის.

ასე რომ მიუხედავად დარბევებისა, რუსეთში საპროტესტო მოძრაობა მაინც ფართოვდება. ჯერჯერობით, სერგეი უდალცოვი კვლავ ციხეშია. მას „პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო“ 15–დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ნიშანდობლივია, რომ 12 ივნისს „რუსეთის დღე“ აღინიშნება  და დასვენებაა. შესაბამისად, ჯგუფმა Facebook–ში საპროტესტო აქციას ასე უწოდა „რუსეთის დღე პუტინის გარეშე“. მიტინგში მონაწილეობის სურვილი უკვე 5 ათასმა კაცმა გამოთქვა.

ამის პარალელურად მოძრაობა „დრუგაია როსიას“ ლიდერმა, ედუარდ ლიმონოვმა თავის თანამოაზრეებთან ერთად მერიას მორიგი განცხადებით მიმართა, რომ 31 მაისს შეკრებების თავისუფლების დაცვის მოთხოვნით, ტრიუმფალნაიას მოედანზე მიტინგის ჩატარება სურთ. თუმცა, ამ მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი უკვე მიიღეს. მოსკოვის რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, ალექსეი მაიოროვის განცხადებით, ეს შეუძლებელია, რადგანაც „ტრიუმფალნაია“ რეკონსტრუქციაზეა, იქვე არქეოლოგიური სამუშაოებიც მიმდინარეობს, რაც ჯერ არ დასრულებულა.

„როდესაც იქ სამუშაოები დასრულდება, ტრიუმფალნაიას მოედანზე ღონისძებების ჩატარებზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი. მანამდე იქ ღონისძების ჩატარება ადამიანის სიცოცხლისათვის უსაფრთხო არ არის“, – ხაზი გაუსვა მან.

 „დრუგაია როსიას წარმომადგენლის, ალექსანდრე ავერინის ცნობით, მერიამ მათ ალტერნატივის სახით ღონისძიების ჩატარება ტარას შევჩენკოს სანაპიროზე შესთავაზა. „ ჩვენ ეს არ გვაწყობს და ტრადიციულად მაინც იქ („ტრიუმფალნაიაზე“) გამოვალთ“, – განაცხადა ავერინმა. ლიმონოვმაც ასევე დაადასტურა, რომ მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად ისინი აქციას მაინც ჩაატარებენ.

სოციოლოგების ვარაუდით, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო გაფართოვდება. როგორც რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვალერი ფიოდოროვი აცხადებს, ქუჩის აქტივობის ზრდა მოულოდნელი აღმოჩნდა. სოციოლოგიურმა კვლევებმა  პოლიტიკურ უპირატესობათა ცვლილებები დააფიქსირეს, მაგრამ, მასობრივი საპროტესტო აქციების წინაპირობები ვერ აღმოაჩინეს. საპროტესტო აქციების მიზეზად, თავად ფიოდოროვმა დაასახელა შემდეგი ვერსიები: რუსეთის სიტუაცია „გლობალური საპროტესტო მოძრაობის ნაწილია“. ამას გარდა პროტესტის გაძლიერება „სოციალური ტრანსფორმაციის შედეგია“, „კონფლიქტი ელიტასა და კონტრელიტას შორის“, რომელსაც სახელისუფლებო ბერკეტებამდე არ უშვებენ და, სოციალური პაქტის – „სტაბილურობა ლოიალურობის სანაცვლოდ“ დარღვევა, ასევე, ისეთი მოვლენა, როგორიცაა „ქსელური რევოლუცია, რაც ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გავრცელების შედეგია.

სტრატეგიულ ნაშრომთა კვლევის ცენტრის დირექტორს, სერგეი ბელანოვსკის კი, რომელმაც რუსეთში დღეს არსებული სიტუაცია ზუსტად ერთი წლის წინ ივარაუდა, მიაჩნია, რომ „პირველი ზარი“ სწორედ მაშინ გაისმა, როცა პრეზიდენტმა პუტინმა ორი ვადის დასრულების შემდეგ თავის მემკვიდრედ დიმიტრი მედვედევი გამოცხადა.

სწორედ 2010 წლის გაზაფხულიდან დაიწყო რადიკალური ცვლილებები: „დაიწყო მოვლენების უხილავი განვითარება – მედვედევის, პუტინისა და „ედინაია როსიას“ რეიტინგების დაცემა“, – მიუთითებს ბელანოვსკი. მანვე აღნიშნა, რომ პუტინისთვის „საუკეთესო პერიოდი 2004–2007 წლები იყო, როდესაც მას მოტივირებული მხარდამჭერები ჰყავდა“, ახლა მათი ხვედრითი წილი შემცირდა. ამასთანავე, სოციოლოგის მოსაზრებით, პუტინის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა.

ერთი სიტყვით, სოციოლოგთა მოსაზრებით, რუსეთში საპროტესტო განწყობის კიდევ უფრო რადიკალიზაციაა მოსალოდნელი. ხოლო რითი დასრულდება ეს ყველაფერი, არავინ იცის.

0

ავტორი: