ვიქტორ მედვედჩუკი – პუტინის ახალი პროექტი უკრაინაში ვიქტორ მედვედჩუკი – პუტინის ახალი პროექტი უკრაინაში />


  08:21:42     21-05-2012

ვიქტორ მედვედჩუკი – პუტინის ახალი პროექტი უკრაინაში

a18255.jpg

მართალია, თავის დროზე კრემლმა ყველანაირად ხელი შეუწყო ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინაში გაპრეზიდენტებას, მაგრამ, ეჭვსგარეშეა, რომ მან მისი იმედები ვერ, თუ არ გაამართლა. კრემლში ეგონათ, რომ იანუკოვიჩი მათი ყურმოჭრილი მონა და ნებისმიერი სურვილის აღმსრულებელი იქნებოდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ. ამიტომაც, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე (მომავალი არჩევნები 2015 წელს უნდა გაიმართოს) იანუკოვიჩის შემცვლელის ძებნა უკვე დაწყეს.

კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, კრემლში არჩევანი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ შეფზე, ვიქტორ მედვედჩუკზე შეაჩერეს. ეს ინფორმაცია სააგენტო „ როსბალტთან“ საუბარში პოლიტტექნოლოგმა, ტარას ბერეზოვეცმაც დაადასტურა.

მისი თქმით, დღეისათვის ოფიციალური კიევისა და კრემლის ურთიერთობები ძალზე სავალალო მდგომარეობაშია. „მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე არ იმყოფებოდა, რაც მოსკოვში და მის გარეთაც ექსპერტებმა რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობებში ტემპერატურის დაწევად შეაფასეს. პრემიერ–მინისტრად ყოფნისას, პუტინი იულია ტიმოშენკოს დევნას  სათანადოდ არ აღიქვამდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტის სავარძელში გადაჯდა, გასაგებია, რომ ამას მხარს არ დაუჭერს. მეტიც. სავარაუდოდ, პუტინი იანუკოვიჩს მიანიშნებს, რომ ტიმოშენკოს საქმე უნდა გადაიხედოს“, –აღნიშნა ტარას ბერეზოვეცმა.

„მოსკოვის სამიტისგან (მხედველობაშია, 15 მაისს გამართული დსთ–ს ქვეყნების არაფორმალური სამიტი, ავტ.) ჯერჯერობით, არაფერია მოსალოდნელი, რადგანაც ძირითადი,  უკრაინის გაზოსატრანსპორტო სისტემის საკუთრებაზე უფლების მოპოვების საკითხი არც ახლა გადაწყდა. მეტიც, სანამ პუტინი წინასაარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული, უკრაინაში რუსულ ბიზნესს პრობლემები შეექმნა. პუტინმა, ალბათ, ეს საკითხიც იანუკოვიჩის წინაშე დააყენა.

ორ ქვეყანას შორის დგას  ასევე საპარლამენტო არჩევნების საკითხიც, რომლებზეც მოსკოვი ვიქტორ მედვედჩუკის პროექტის „პედალირებას“ დაიწყებს. ამბობენ, რომ პუტინმა იანუკოვიჩს უკვე უთხრა კიდეც, რომ მედვედჩუკმა არჩევნებში უპრობლემოდ უნდა მიიღოს მინაწილეობა, რადგანაც იგი კრემლის პროექტია. მედვედჩუკის მასობრივი რეკლამაც იმაზე მოწმობს, რომ კიევში სიგნალს უკვე მიუხვდნენ“, – ასკვნის ტარას ბერეზოვეცი.

ცნობისათვის: ვიქტორ მედვედჩუკი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია და უკრაინის სოციალ–დემოკრატიულ პარტიის თავკაცია. უნდა ითქვას, რომ ვიქტორ მედვედჩუკი ამ პლეადის უკრაინელ პოლიტიკოსთა  შორის იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, რომელიც სსრკ კომუნისტური პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა. სამაგიეროდ, 1994 წელს იგი უკრაინის უკრაინის სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა და 1998 წლიდან მისი თავმჯდომარეა. 2002 წლის ივნისიდან 2005 წლის იანვრამდე, იგი უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ადმინისტრაციას ედგა სათავეში. მანამდე კი 1998–2000 წლებში, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ რადის დეპუტატი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ 2004 წელს სანკტ–პეტერბურგში მისი ქალიშვილი, დარია ვლადიმერ პუტინმა და სვეტლანა მედვედევამ მონათლეს.

ასე რომ, ვიქტორ მედვედჩუკს  რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრის ოჯახთან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნათელ–მირონიც აკავშირებს.

ვნახოთ, თუ ეს საკმარისი იქნება მედვედჩუკის გასაპრეზიდენტებლად. იქამდე ჯერ კიდევ საკმარისო დროა იმისათვის, რომ ან ერთმა ან მეორე მხარემ პოზიცია გაიუმჯობესოს, ან კიდევ უფრო გაიუარესოს. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა შემდგომ განვითარებას.

0

ავტორი: