04:43:30     21-05-2012
ვახტანგ ჭაბუკიანი - ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი
ბიოგრაფიული შტრიხები:
ვახტანგ ჭაბუკიანი 1910 წელს თბილისში დაიბადა.
მამა - მიხეილ ჭაბუკიანი - ხელოსანი, დურგალი;
დედა - ელენე პილიახი;
მას ხუთი და-ძმა ჰყავდა, აქედან ერთ-ერთი - თამარ ჭაბუკიანი - ქართველი ბალერინა, საქართველოს სსრ. სახალხო არტისტი.
ბავშვობა გაჭირვებაში გაატარა. დაწყებითი სკოლის პარალელურად მარიამ შევალიეს სახელოსნოში - შეგირდად მუშაობდა.
ცეკვა საკმაოდ გვიან, 14 წლის ასაკში, მარიამ პერინის სტუდიაში დაიწყო.
1924-25 წლებში ჭაბუკიანი ჩაირიცხა თბილისის ოპერის საბალეტო დასში, სტაჟიორად, სადაც მისი და - თამარ ჭაბუკიანი მუშაობდა. ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისში მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და 1926 წელს ლენინგრადში გადავიდა.
შემოქმედება
თავდაპირველად ვახტანგ ჭაბუკიანი ლენინგრადის ქორ. სასწ. არსებულ საღამოს კურსებზე ჩაირიცხა (პედაგოგი - ვიქტორ სიმონოვი). ამ კურსებზე სწავლისას გამოჩნდა მისი ნიჭის უჩვეულო ძალა. ვახტანგი ცეკვავდა “ცეცხლის ცეკვას”, რომელიც მან თვითონ დადგა. ეს იყო 18 წლის ჭაბუკის პირველი სერიოზული განაცხადი.
მალე იგი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პონომარიოვის კლასში მიიღეს, სადაც მან ერთი წელი დაჰყო.
1929 წელს ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოზე ჭაბუკიანი მოგვევლინა, როგორც მოცეკვავე და ბალეტმაისტერი. ამავე წელს ვახტანგ ჭაბუკიანი ლენინგრადის კიროვის სახ. ოპერისა და ბალეტის დასში ჩაირიცხა. აქ ის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. მისი დებიუტი ბალეტ “მაკნატუნაში” შედგა.
1930 წ. 19 ნოემბერი ჭაბუკიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღად ითვლება. 20 წლის ჭაბუკს დაეკისრა მინკუსის “დონ კიხოტში”- ბაზილის პარტიის შესრულება. მისმა პირველივე გამოსვლამ განაცვიფრა ლენინგრადი. ”დონ კიხოტმა” გაუთქვა ჭაბუკიანს სახელი მთელს სსრკ-ში. ამ ბალეტის შემდეგ მოეწყო მისი ტრიუმფალური გასტროლები, როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ.
1932 წელს ის აშშ-ში მიიწვიეს.
1935 წელს ჭაბუკიანი მიიწვიეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბალეტის დასადგმელად. ბალეტის დამდგმელმა ვ. ჭაბუკიანმა და სპექტაკლის დირიჟორმა ევ. მიქელაძემ (მხატვ. ს. ვირსალაძე) ბევრი შრომა მოანდომეს ა. ბალანჩივაძის პირველი ქართული ბალეტის “მზეჭაბუკის” შექმნას.
1936წ. 26 დეკემბერს “მზეჭაბუკის” პრემიერა შედგა. 1938 წ. ლენინგრადში წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი “მზეჭაბუკი” , ახალი სახელით “მთების გული”.
1941 წელს ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისში ბრუნდება და მთელი მისი ცხოვრების მეორე ნახევარს აქ ატარებს.
1958 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში “ოტელოს" პრემიერა შედგა. ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმულ და შესრულებულ”ოტელოს” – “ქართული ხელოვნების ტრიუმფი” უწოდეს. თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანმა მრავალი საბალეტო დადგმა განახორციელა: “ბოლერო", “პოემა-ბალეტი”, ”განთიადი”, ”ჰამლეტი”, “აპასიონატა”. ჭაბუკიანის თეატრი გასაოცარი წარმატებით მოგზაურობდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში.
აღსანიშნავია ვახტანგ ჭაბუკიანის პედაგოგიური მოღვაწეობა, ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდიდა არა მხოლოდ ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი სპექტაკლების დადგმის დროსაც. მისი მოსწავლე–სტუდენტები იყვნენ: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, აგრეთვე დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი და სხვა.
1990 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში ვ. ჭაბუკიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. ამ საღამოზე ვახტანგ ჭაუკიანის ქართულ ხელოვნებაში მოღვაწეობას ოფიციალურად “გმირობა” დაერქვა, ხოლო თვით ჭაბუკიანმა სამადლობელო ერთი საოცარი ფრაზით გამოთქვა: “მე მგონია, რომ რაღაც გავაკეთე...”
ვახტავგ ჭაბუკიანი 1992 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა .
დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
თბილისში ფუნქციონირებს ვახტანგ ჭაბუკიანის სახლმუზეუმი?.
1999 წელს “ვახტანგ ჭაბუკიანის საერთაშორისო ცენტრი” ჩამოყალიბდა.