ემილ ვერჰარნის „ლონდონი“ ემილ ვერჰარნის „ლონდონი“ />


  04:11:19     21-05-2012

ემილ ვერჰარნის „ლონდონი“

a18235.jpg

1855 წლის 21 მაისს, დაიბადა დიდი ფრანგულენოვანი, ბელგიელი პოეტი, მწერალი და დრამატურგი, სიმბოლიზმის სკოლის ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი ემილ ვერჰარნი (Emile Verhaeren).

დაიბადა დაბა სინტ-ამანდსში (ანტვერპენის პროვინციაში, დერდენმონდთან ახლოს), მისი ნამდვილი სახელი იყო ემილ ადოლფუს გუსტავი - Emile Adolphus Gustavus.

დაიბადა ფრანგულენოვანი, საშუალო შეძლების ოჯახში. თერთმეტი წლის ასაკში იეზუიტთა სკოლაში მიაბარეს, გენტში. სკოლის დასრულების შემდეგ ლუვენის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა.

უნივერსიტეტი სწავლის პერიოდში გამოვიდა მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთში. უნივერსიტეტის სწავლის წლებში დაუახლოვდა რევოლუციური აზროვნების სტუდენტებს. შემდგომში ისინი რევოლუციური ლიტერატურული ჟურნალის "La Jeune Belgique" (ახალგაზრდა ბელგიელი) თანარედაქტორები გახდნენ.

წერდა პროზაულ ნაწარმოებსაც, მუშაობდა დრამატურგიაშიც.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ, იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხის მიღების მერე ემილ ვერჰარნი ედმონდ პიკარის, ცნობილი კრიმინალური ადვოკატის, შეგირდი გახდა (1881-1884), რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ბრიუსელის ხელოვანთა წრეებში.

ვერჰარნი ითვლება სიმბოლიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. მასზე დიდი და ტრაგიკული შთაბეჭდილება მოახდინა პირველი მსოფლიო ომის დროს მისი სამშობლოს უბედურებამ, რამაც გამოხატულება ჰპოვა მის შემოქმედებაში.

ემილ ვერჰარნი დაიღუპა 1916 წლის 27 ნოემბერს, ტრაგიკულად.

მკითხველს ვთავაზობთ ემილ ვერჰარნის ლექსს „ლონდონი“. რომელიც თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა.

ლონდონი

(თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა)


ჩემო ოცნებავ! ლონდონია იგი რკინისა,
სად ჩაქუჩის ქვეშ გახელებით კვნესის ლითონი,
სიდან მოდიან ხომალდები უვარსკვლავო გზით,
რომ გადალახონ ოკეანე უცნობ ქვეყნისთვის.

და სადგურების მწვავე კვამლი, სადაც ციმციმებს
ვერცხლისფერ ცეცხლით სევდიანი გვიანი გაზი.
სადაც მოწყენის ქიმერები ბრავიან დროზე,
თვით ვესტმინსტერის ძველ საათის ულმობელ ხმაზე.

სანაოების და ფარნების რიგი ფხიზელი,
თითისტარების დიდი პარკი მდინარის გვერდით,
და განათებულ გუბეებში გამოჩნდებიან
თითქოს დამხრჩვალნი - მატროსების ორეულები.

ლოთების ხმობა და მეძავის უცხო ჩვენება.
დუქნის წარწერა - საშინელი, როგორც იღბალი.
და უცაბედათ, ვით სტუმარი ბრბოში სიკვდილი.
ჩემო ოცნებავ! ეს ლოდინი შენ გესწრფება!

0

ავტორი: