07:51:02     20-05-2012
2012 წელს, რუსეთმა უკვე 35 მილიარდი დოლარი დაკარგა

რუსული საინფორმაციო წყაროების მონაცემებით, შარშან რუსეთიდან გაედინა 80 მილიარდ დოლარზე მეტი. რუს სახელმწიფო ჩინოვნიკებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ტენდენცია წელს დაიკლებდა, მაგრამ მათი იმედი არ გამართლდა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, მარტო ამა წლის აპრილში რუსეთიდან 8 მილიარდი დოლარი გაედინა და ეს ტენდენცია გაგრძელდება მაისშიც. ამის შესახებ საზოგადოებას განუცხადა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, ანდრეი კლეპაჩმა.
„გადინება უფრო მასშტაბურია, ვიდრე მოველოდით, უკვე პირველი კვარტლის მანილზე 35 მილიარდი დოლარი გავიდა ქვეყნიდან. კაპიტალის გადინება გაგრძელდა აპრილშიც, ჩვენი წინასწარი მონაცემებით, 8 მილიარდი დოლარი. ალბათ, მაისშიც ასე გაგრძელდება“ - განაცხადა კლეპაჩმა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებიც დაახლოებით ასეთივეა. „ცენტრობანკის“ მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან გავიდა 35.1 მილიარდი დოლარი. გასულ წელს, „ცენტრობანკის“ მონაცემებით რუსეთიდან გაედინა 84.2 მილიარდი დოლარი. ამ თანხიდან საერთაშორისო კრედიტების დაბრუნებაზე წავიდა 43 მილიარდი დოლარი, დანარჩენი კი კლასიკური „გაქცევაა“ კაპიტალისა ქვეყნიდან. თუმცა, აპრილში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი სერგეი იგნატიევი აცხადებდა, რომ 2012 წელს მხოლოდ 80.5 მილიარდი დოლარი გავიდაო, თუმცა, ეს ტენდენციას მაინც ამტკიცებს (დიდი სხვაობა არ არის 80-სა და 84-ს შორის) და როგორც ჩანს, ბანკმა ახლა უფრო „დააზუსტა“.
2010 წელთან შედარებით კაპიტალის გადინება 2.5 ჯერ გაიზარდა. 2010 წელს რუსეთიდან 33.6 მილიარდი დოლარი გაედინა.
როგორ გაგრძელდება მომავალში საქმე, ამის შესახებ სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. 2012 წლის გასული თვეების მანძილზე მათი პროგნოზები იცვლებოდა. ფინანსთა სამინისტროში ჯერ ეგონათ, რომ 2012 წელს, წინა წელთან შედარებით ნახევარი, მხოლოდ 40 მილიარდი დოლარი „გაიქცეოდა” რუსეთიდან. ამ ვარაუდს გამოთქვამდა ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი. მაგრამ ნახევარი წელიც არ გასულა და უკვე 35 მილიარდი გავიდა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან გავიდა 11-12 მილიარდი, ცენტრალური ბანკის მონაცემებით კი 9 მილიარდი. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე ალექსი ულიაკოვის ადრინდელი განცხადებით, ცენტრალური ბანკი მაისში სიტუაციის გამოსწორებას ელოდებოდა, ანუ კაპიტალი პირიქით, უნდა შესულიყო რუსეთში. მაისის დასაწყისში ფინანსთა მინისტრი სილუანოვი აცხადებდა, რომ ფინანსთა სამინისტრო ამა წლის მეორე ნახევარში ელოდებოდა კაპიტალის გადინების შემცირებას, თუმცა, იგი არ ამბობდა, რომ შედინება გადააჭარბებდა გადინებას... ეს ყველაფერი არ გამართლდა...
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადრე გამოქვეყნებული განცხადებით, წელს გადინება მხოლოდ 25 მილიარდი იქნებოდა... რაც უკვე ჩანს, რომ არასწორი პროგნოზია.
ექსპერტების თქმით, აპრილში კაპიტალის გადინების მიზეზი იყო უცხოეთის ბაზრების კონიუქტურა. აპრილში ნავთობის ფასის ცვლილება. ამან დარტყმა მიაყენა რუბლის აქტივების საინვესტიციო მიმზიდველობას.
ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ქვეყანიდან გაედინებოდა სპეკულაციური კაპიტალი, რადგან ნავთობის ფასის დაცემამ დარტყმა მიაყენა რუბლსაც, ივანე მანენკოს აზრით, თებერვალში ბარელი ნავთობი 125 დოლარი ღირდა და ბევრი ფინანსისტი ელოდა დოლარის კურსის დაკლებას 28 რუბლამდე, მაგრამ ეს არ მოხდა, პირიქით დოლარმა 30 რუბლს გადააჭარბა, მაისის შუა რიცხვებში.
ზოგი ექსპერტის აზრით, კაპიტალის გადინების ბრალი შეიძლება იყოს ის, რომ დიდი კომპანიები შიშით უყურებენ პრივატიზაციის შედეგების გადახედვის საშიშროებას და საგადასახადო პოლიტიკის გაუარესების შესაძლებლობას.
ჩვენი მხრიდან უნდა დავამატოთ, რომ ყველაფერი ეს მარტო საგადასახადო და სხვა, ეკონომიკური არასტაბილური პოლიტიკის ბრალი არ არის. შესაძლოა, ეს ყველაფერი გამოწვეული იყოს რუსეთში არადემოკრატიული არჩევნების (როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო) ჩატარებასთან და მის შედეგებთან. ფაქტია, რომ რუსულმა არჩევნებმა ცუდად იმოქმედა რუსულ საზოგადოებაზეც და უცხოელ პარტნიორებზეც. რუსეთი აღარ განიხილება სტაბილურ ქვეყნად, სადაც კაპიტალს აბანდებენ, რუსეთი განიხილება ქვეყნად, სადაც ფული შეიძლება გააკეთო, მერე კი აუცილებლად უნდა „გააქციო“.