ცხინვალში „სამთავრობო კადრებს“ ეძებენ და ვერ უპოვიათ - ხუგაევის გასაჭირი ცხინვალში „სამთავრობო კადრებს“ ეძებენ და ვერ უპოვიათ - ხუგაევის გასაჭირი />


  11:41:21     19-05-2012

ცხინვალში „სამთავრობო კადრებს“ ეძებენ და ვერ უპოვიათ - ხუგაევის გასაჭირი

a18212.jpg

მართალია, ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა „პრემიერ–მინისტრად“ როსტიკ ხუგაევი კი დანიშნა, მაგრამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას ისევე, როგორც მათ მფარველ რუსეთში, აქაც არ დაადგა საშველი. ცხინვალში საკადრო გადაწყვეტილებებს დღედღეზე ელოდებიან, რადგან უკვე მესამე კვირაა, რაც ხმები დადის კანდიდატებთან კონსულტაციების მიმდინარეობის შესახებ.

თუმცა, თუ ვინ შევა მარიონეტულ კაბინეტში კვლავ გაურკვევლობაა, რაც ცხინვალელების გაღიზიანებას იწვევს. 17 მაისს, გამოქვეყნდა თიბილოვის ბრძანებულება „ მთავრობის“ სტუქტურის შესახებ, მაგრამ დანიშვნები ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. ყველაზე მეტად ყურადღება მიპყრობილია იმაზე, თუ ე.წ. ოპოზიციის ლიდერებიდან ვინ რა პოსტს დაიკავებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსების მიერ დაწუნებულმა წინასაპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვებულმა, ალა ჯიოევამ, თავის მომხრეებთან ერთად, 18 მაისს  დააფუძნა პარტია, რომლის დასახელებაც დაახლოებით, ასე ჟღერს: „სამხრეთ ოსეთი – თავისუფლების მოედანი“. პირველსავე განცხადებაში ჯიოევამ აღნიშნა, რომ მათი მიზანი თიბილოვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაა და მასთან ოპონირებას არ აპირებენ.

„პრეზიდენტის“ ადმინისტრაციიდან გაჟონილი ინფორმაციით, ჯიოევას აქტიური მხარდამჭერმა და თანაპარტიელმა, ანატოლი ბარანკევიჩმა „ ვიცე–პრემიერის“  პოსტი უკვე დაიკავა (როგორც ამბობენ, პარალელურად იგი „მთავრობის“ აპარატსაც უხელმძღვანელებს), მაგრამ თავად ის ამის შესახებ კომენტარისგან თავს იკავებს, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაველოდოთო.

ე.წ. ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალან პლიევი, სავარაუდოდ, ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციისა ხელმძღვანლად დაინიშნება. უკვე გადაწყვეტილია ალა ჯიოევას უახლოესი თანამებრძოლის, აზა ხაბალოვას ფინანსთა „მინისტრად“ დანიშვნის საკითხიც. მას ერთხელ უკვე ეკავა კოკოითის დროს ეს თანამდებობა.

როდიონ სიუკავიც, რომელიც ასევე ჯიოევას მომხრეებში გადის და იმავდროულად, ლეონიდ თიბილოვის ერთ–ერთ ნდობით აღჭურვილი პირიც გახლდათ, ჯანდაცვის მინისტრად დანიშნას ელოდება.

ყველაზე დიდ საიდუმლოებას, ჯერჯერობით, მაინც ალა ჯიოევას პერსპექტივა წარმოადგენს, რომელსაც მეორე ვიცე–პრემიერის პოსტს უწინასწრმეტყველებენ. თუმცა მას არჩევანის თავისუფლება აქვს და რა პოსტს დაიკავებს, ზუსტად დაკონკრეტებული ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ის ახალ „მთავრობაში“ აუცილებლად იქნება.

ჯერჯერობით, გასადუმლოებულია კოკოითის „ მთავრობის“ წევრებიდან, ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას და ასევე ვინ ეყოლებათ, რუსეთიდან „მოწვეული“. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გაუქმდა ე.წ სამხრეთ ოსეთის აღდგენის პროექტების რეალიზაციის კომიტეტი და მისი ფუნქციები „მშენებლობისა და არქიტექტურის სამინისტროს“ გადაეცა. სწორედ ამ სამინისტროს მოუწევს ფინანსების საკითხებში არსებული უზარმაზარი დავალიანებების აღმოფხვრისა  და შეუსრულებრულებელი სამუშაოების დასრულებაზე ზრუნვა. ანონიმურიბის ვითარებაში ცნობილი გახდა, რომ სწორედ ამ „სამინისტროს“ გაუძღვება რუსეთიდან მოწვეული სპეციალისტი. ოღონდ, ვინ იქნება ის, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.

ასე რომ ცხინვალი, ჯერჯერობით, ისევ „სამთავრობო კადრების“ ძიებაშია, როდის მოეღება ბოლო ხუგაევის გასაჭირს და აავსებენ „მინისტრთა კაბინეტს“  „პროფესიონალებით“, უცნობია.

0

ავტორი: