09:59:23     19-05-2012
იროდიონ ევდოშვილის „მეგობრებს“
1873 წლის 7 (ახალი სტილით 19 მაისს), ქიზიყში, სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბისხევში, დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი და მწერალი იროდიონ ევდოშვილი (ხოსიტაშვილი).
მომავალი მწერლის მამა, ისაკ თადას (თადეოზის) ძე ხოსიტაშვილი სოფელ ბოდბისხევის ამაღლების ეკლესიის მთავარდიაკვანი იყო, ჰქონდა საეკლესიო განათლება. დედა, ევდო (ევდოკია) მიხეილ ხუხუნაშვილის ქალი იყო, მოსიყვარულე, მზრუნველი ადამიანი.
მომავალი პოეტი სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში და სემინარიაში. არ უყვარდათ ჟანდარმებს, ვინაიდან ცარიზმის დიდი მოწინააღმდეგე იყო ჭაბუკობიდანვე. ლექსების წერა დაიწყო 17 წლის ასაკში, 1890 წელს, სემინარიაში სწავლისას. წერდა ვოდევილებსაც. მისი ნაწარმოებები სემინარიაში ხელიდან ხელში გადადიოდა...
1893 წელს იროდიონ ხოსიტაშვილის ლექსი, „გუბე“, ი. ს. - შვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა გაზეთ „კვალში“ (# 23). მაშინ სამი დღის გამორიცხული იყო სემინარიიდან „არაკეთილსაიმედოობის“ გამო.
ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსი, „გაზაფხული“, ევდოშვილის ფსევდონიმით, გამოქვეყნდა 1895 წელს „ივერიაში“ (# 50).
1896 წლიდან „მესამე დასის“ წევრი გახდა. „კვალი“ მესამე დასის ტრიბუნად იქცა და პოეტიც აქტიურად თანამშომლობდა ამ გაზეთთან. იმედებით შეხვდა 1905 წლის რევოლუციას და აქტიურად მონაწილეობდა მასში. მისი ლექსები ძალიან პოპულარული იყო რევოლუციონერთა შორის.
რევოლუციის დამარცხება ძალიან განიცადა. მის შემოქმედებაში პესიმიზმმა იჩინა თავი. თუმცა, უბრალო ადამიანების ცხოვრებას, მათ მძიმე ყოფას აღწერდა და მჩაგვრელთა, ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ კვლავ მოუწოდებდა.
იმპერია დევნიდა, აპატიმრებდა, ციხეში სვამდა პოეტს. დაავადდა ჭლექით. გადასახლებაში დაავადება გაურთულდა, ამიტომ 1912 წელს, როგორც სნეულებისაგან დასუსტებულს უფლება მისცეს სამშობლოში დაბრუნებულიყო. მისი აღარ ეშინოდათ...
იროდიონ ევდოშვილი გარდაიცვალა 1916 წლის 2 (ახალი სტილით 15) მაისს, ტფილისში.
იროდიონ ევდოშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში. მის საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს ძალიან აფასებდნენ აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი. თანამშრომლობდა მაშინ არსებულ ორ საყმაწვილო ჟურნალში, „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“. ალბათ ყველას ახსოვს მისი „უბედური ქორბუდა“, ალბათ ყველას უტირია „ორი ობოლის“ წაკითხვისას...
გავიხსენოთ იროდიონ ევდოშვილის ცნობილი ლექსი „მეგობრებს“. ქართველები დღესაც იროდიონ ევდოშვილის სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს გაჭირვების დაძლევის ან რაიმე მიზნის მიღწევის სურვილის დროს: „მეგობრებო, წინ... წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული“.
მეგობრებს
მეგობრებო, წინ... წინ გასწით,
ნუ შედრკება თქვენი გული,
დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს
და შუბლს ოფლის ნაკადული!
წინ, წინ, მედგრად შევებრძოლოთ
ჩარხუკუღმართ ამ ჩვენს დროსა,
ჭირის ოფლში გავატაროთ
სიმართლის და ძმობის დროშა!
დეე, ჩვენ ტოლთ, უგვანო შვილთ,
კერპის წინა ხარონ ქედი,
ფუ, იმ ვაჟკაცს, ვინც ინატროს
მათი სვე და მათი ბედი!
დე, ისევ მათ ავარჯიშონ,
საქვემძრომო მკლავი, ენა,
სხვა აკვნესონ და ამ კვნესით
თვით იპოვონ შვება-ლხენა...
მომავალი იმათ თვის ხვედრს
წარმოუძღვის, დასდებს მსჯავრსა,
შეაჩვენებს იმათ საფლავს
სამარცხვინოს, საზიზღარსა!
მეგობრებო, ჩვენ ნუ გვინდა
ამნაირი სვე და ბედი,
ბრძოლა იყოს ჩვენი ლხინი,
სატრფიალოდ გულს იმედი!
მაშ, უშიშრად შევებრძოლოთ
ჩარხუკუღმართ ამ ჩვენს დროსა
და ჩვენ რაზმს წინ წავუმძღვაროთ
სიმართლის და ძმობის დროშა!
1895 წელი
0