08:51:04     18-05-2012
სარყის (სარკის) წმიდა გიორგის ეკლესია
სარკის წმიდა გიორგის მადლმოსილება ულამაზესი მთაკალთიანი ფერდობისაკენ მორწმუნეებს უწყვეტ ნაკადად იზიდავს. ტაძრისაკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარ ფერებით მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის.
ლეგენდა - ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის „დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმიდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, სარყვისას უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით. მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა. დღესაც აქ, „დასარყულ“ მინდორზე წმიდა გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც გუთნისდედას სიზმრეულ ჩვენებაში ეუწყა: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედო და ღვთის ნებისათვის მიენდო. სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯავარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან დაღლილი ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმიდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.
ჟამთა სიავით ათეული წლობით შეფერხებული ღვთისმსახურება მისი მაღალ ყოვლად უსამღვდელოესის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა და განახლდა სარკის წმიდა გიორგის ეკლესია, მოეწყო და დღესაც მოქმედებს მამათა მონასტერი, რომლის იღუმენიცაა მამა იოანე (ოხანაშვილი). სარკედ ქცეულ სარყეს სახელი შეეცვალა, მაგრამ მისი მადლმოსილება კვლავ სარკესავით ჩანს და მორწმუნეთა სულებს ათბობს.
ერთხელ ყიფიანებს ცხვარი მიუყვანიათ სარკის წმიდა გიორგის ეკლესიაში. ტრადიციისამებრ, ცხვარი ტაძრისათვის უნდა შემოეტარებინათ. ვეება ჭედილა ხელიდან დაუსხლტათ და სამი კილომეტრით დაშორებული ყინწვისის ეკლესიისკენ გაექცათ. დადევნებულებმა საოცრება იხილეს - ცხვარი გზის მიუთითებლად ყინწვისის ეკლესიაში მივიდა, სამჯერ გარშემო შემოუარა და კვლავ სარკეს ეკლესიისკენ გამოსწია. ეკლესიის კარებთან წინა ორი ფეხი მოიდრიკა და დაჩოქილმა თავი მიწას დაადო. ამის ხილვით შეძრული ხალხი შემოქმედს განადიდებდა და უფალს მადლობდა, რომელმაც პირუტყვის მიერ განსწავლა მცირედ მორწმუნენი თავმდაბლობასა და ღვთისმორჩილებაში.
გიორგობას სარკეს წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ზოგი მათგანი კლდოვან გზას ფეხშიშველა მიუყვება. როგორც ამბობენ, არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე ამის გამო გაციებულიყო, ან ფეხი დაზიანებოდა.
ერთხელ მძიმე ავადმყოფი ურემზე დაწოლილი მიიყვანეს, ტაძართან მისულმა კი ურმიდან დაუხმარებლად ჩამოსვლა და გავლა შეძლო.
წმიდანებს სხვადასხვა დახმარებას სთხოვენ. ეს იმაზეა დამოკიდებული, წმიდანი სიცოცხლეში რა სასწაულებს ახდენდა, ან რა კუთხით მოღვაწეობდა, როგორ ეწამა, გარდაცვალების შემდეგ როგორ შეეწეოდა ადამიანებს. წმიდა გიორგი განსაკუთრებული წმიდანია. მას სხვადასხვა თხოვნით მიმართავენ. სარკეს წმიდა გიორგიც სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ. კეთილად მთხოვნელთ მსწრაფლი შეწევნა მიუღიათ.