15:56:21     17-05-2012
თუ პუტინ-მედვედევის საქმეში ჩაერევით, ბირთვულ ომს მიიღებთ - მოსკოვი ისევ იმუქრება
რუსეთი ისევ ომით, თანაც უკვე ბირთვული ომით იმუქრება. ასეთი შედეგი, ვლადიმერ პუტინის უკვე სრულ ქვეშევრდომობაში მყოფი დიმიტრი მედვედევის აზრით, შეიძლება, ერთი სახელმწიფოს მეორე ქვეყნის საქმეში ჩარევამ გამოიწვიოს. სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე მეორე საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე, სადაც რუსეთის ახალი პრემიერი დღეს სიტყვით გამოვიდა, მან ტანდემის „თვალსაზრისზე“ ილაპარაკა - სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით და მუქარანარევი გაფრთხილებებიც გააკეთა.
მედევედვი აცხადებს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევამ, შედეგად, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი ომი გამოიწვიოს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით.
„ნაჩქარევი სამხედრო ოპერაციების შედეგები უცხო სახელმწიფოებში, როგორც წესი, ხელისუფლებაში რადიკალების მოსვლით მთვარდება. რაღაც მომენტში ასეთი მოქმედებები, რომლებიც ძირს უთხრიან სახელმწიფო სუვერენიტეტს, შეიძლება დამთავრდეს სრულფასოვანი რეგიონალური ომით და თანაც, არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ - ბირთვული იარაღის გამოყენებით“ - განაცხადა მედვედევმა.
„არაბული ნიავის“ ქროლვას რუსეთის ხელისუფლებაში არ იმჩნევენ, თორემ გრძნობენ. ხელისუფლება დიდი ხანია აცხადებს, რომ ამ საპროტესტო ტალღას აშშ და დასავლეთი მართავს, რასაც „სუვერენული რუსეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა ჰქვია“. შესაბამისად, პუტინ-მედვედევის მუქარას ბირთვული იარაღით ამ „ჩარევის“ აღმოფხვრის თაობაზე, კონკრეტული ადრესატი ჰყავს.
„განცხადებები იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ რეჟიმმა დაკარგა ლეგიტიმურობა (თანაც სხვა სახელმწიფოს მხრიდან და არა ამ ქვეყნის ხალხის მხრიდან), კოლექტიური სანქციების შემოღება საერთაშორისო ინსტიტუტების გვერდის ავლით - ეს ყველაფერი არ გააუმჯობესებს სიტუაციას მსოფლიოში“ - გვაფრთხილებს მედვედევი. თუმცა ეს თეზისი უადგილოა, რადგან რუსეთში სწორედ „ამ ქვეყნის ხალხის მხრიდან“ ხდება რეჟიმის არალეგიტიმურობაზე საუბარი. მაგრამ კრემლში ამას არ აღიარებენ და ამიტომაც, - თუ შიგნით აირევა სიტუაცია, მოსკოვი გარეთ დაიმუქრება.
მაგრამ ამ განცხადების შემდეგ მედვედევმა სირიაზე გადაიტანა საუბარი, რომელიც მისთვის არანაკლები თავის ტკივილია. მან ბაშარ ასადის რეჟიმის დაცვაც სცადა და თანაც, მსოფლისგან საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების დაცვა და პატივისცემა მოითხოვა:
„სახელმწიფო დოქტრინის ხელყოფის მაგალითები ბოლო პერიოდში არაერთი იყო. მარტო გაეროს გვერდის ავლით უცხოურ სახელმწიფოებში ჩატარებული სამხედრო ოპერაციები რად ღირს“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ სირიელ ხალხს თავად უნდა მისცენ არჩევანის გაკეთების უფლება.
საომარი რიტორიკა ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ აშკარად გააქტიურდა. მოსკოვმა უკვე განაცხადი გააკეთა იმაზეც, რომ თუკი ამერიკა ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს განათავსებს, რუსეთი უპირატესი დარტყმის უფლებას გამოიყენებს.
0