ანრი ბარბიუსი - გულუბრყვილო „სტალინისტი“ ანრი ბარბიუსი - გულუბრყვილო „სტალინისტი“ />


  08:40:07     17-05-2012

ანრი ბარბიუსი - გულუბრყვილო „სტალინისტი“

a18122.jpg

1873 წლის 17 მაისს, ანიერ-სიურ-სენში დაიბადა დიდი ფრანგი მწერალი ანრი ბარბიუსი (Henri Barbusse).

მომავალი მწერალი ქვეყანას მოევლინა ლიტერატორის ოჯახში. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 1895 წელს გამოსცა პესიმისტური ლექსების კრებული „მოტირალნი“.

1908 წელს მისმა რომანმა „ჯოჯოხეთი“ დიდი პოპულარობა მოუტანა. ამას მოჰყვა ნოველათა კრებული „ჩვენ“.

ანრი ბარბიუსი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის მსოფლმხედველობაზე. ომის მიმდინარეობისას, სანგრებში წერდა რომანს „ცეცხლი“. რომანი ქვეყნდებოდა ფრანგულ გაზეთებში. 1916 წელს ამ რომანმა გონკურის პრემია (Le prix Goncourt) მიიღო. ეს პრემია საფრანგეთში ყველაზე პოპულარულია. დაარსებულია ედმონ დე გონკურის ანდერძის თანახმად. ერთ მწერალს მხოლოდ ერთხელ შეუძლია მისი მიღება. გონკურის ლიტერატურული საზოგადოება ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1902 წელს. პირველი პრემია გადაცემულ იქნა 1903 წლის 21 დეკემბერს. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ფრანგული პრემია, რომლითაც ჯილდოვდება წლის საუკეთესო რომანი. პრემიის თანხა სიმბოლურია, სამაგიეროდ პრემიის მფლობელს გარანტირებული აქვს პოპულარობა ფრანგულენოვან სივრცეში და მერე მთელ ევროპაში.

ომის შემდეგ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ჩამოაყალიბა საერთაშორისო ჯგუფი „სინათლე“. გამოსცა წიგნები „სინათლე“, „ვინც იყო, იქნება“. წერდა პუბლიცისტურ, პოლიტიკურ წერილებს და პამფლეტებს. ასევე წერილებს ფრანგულ ლიტერატურაზე. ავტორია მონოგრაფიისა ემილ ზოლას შესახებ.

ანრი ბარბიუსს არ მოსწონდა კაპიტალიზმის ველური კანონები, ადამიანების ექსპლუატაცია. 1917 წლის რუსეთის ბოლშევიკური რევოლუცია ევროპის დაჩაგრული ხალხების გათავისუფლების დასაწყისად წარმოესახა, ადამიანთა თანასწორობისა და სამართლიანი ცხოვრების ეპოქის დასაწყისად. 1923 წელს ანრი ბარბიუსი გახდა საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

ანრი ბარბიუსი ნამყოფი იყო საქართველოში. დაწერილი აქვს წიგნები: „აი, რა გაკეთდა საქართველოში“, „სტალინი“ („სტალინი - ერთი კაცის მიერ განჭვრეტილი ახალი სამყარო" (Staline, un monde nouveau vu a travers un homme). ეს წიგნები ანრი ბარბიუსმა, როგორც ვთქვით, სსრკ-ში მოგზაურობის შთაბეაჭდილებით დაწერა. წიგნში ანრი ბარბიუსი წერდა:

„ვინც არ უნდა იყოთ, თქვენი მეობის საუკეთესო ნაწილი განწირულია ამ ადამიანის ხელში აღმოსაჩენად: ადამიანისა მეცნიერის იერსახით, მუშა-კაცის ტან-ფეხით და უბრალო ჯარისკაცის სამოსით."

ანრი ბარბიუსი წერდა: „ გარდაცვალების შემდეგ ადამიანი ცოცხლობს მიწაზე. ლენინი კი არსებობს ყველგან, სადაც არიან რევოლუციონერები. მაგრამ შეიძლება ითქვას: არავისში არაა ისე განხორციელებული იდეები და სიტყვები ლენინისა, როგორც სტალინში. სტალინი დღევანდელი ლენინია“.

ენვერ ხოჯა თავის წიგნში, „სტალინთან ერთად / მოგონებები“, წერდა:

„სტალინის დახასიათებისას ანრი ბარბიუსი თავის წიგნში „სტალინი“ აღნიშნავს: „მან დაამყარა და მუდვივად ინახავს კონტაქტებს მუშებთან,გლეხებთან და საბჭოთა კავშირის ინტელექტუალურ მოსახლეობასთან,ისევე როგორც მსოფლიოს რევოლუციონერებთან,რომლებსაც საკუთარი სამშობლო მთელი სულითა და გულით უყვართ,— ანუ 200 მილიონზე მეტ ადამიანთან“. და იქვე დასძენს: „იგი გამჭრიახი და გონებახვილი,ამასთან ერთად,მეტად თავმდაბალი ადამიანია - სტალინი ძალიან ჰგავს არაჩვეულებრივ ვლადიმერ ილიჩს: ისევე ღრმადაა დაუფლებული თეორიას, ისეთივე გამრჯეა და შეუპოვარი — სწორედ სტალინში გამოიხატა ყველაზე მეტად ლენინის აზრები და სიტყვები. იგი ჩვენი დროის ლენინია“.

თრევორ-როუპერი წერდა: „ფრანგი მწერალი გატაცებული იყო კომუნისტური იდეებით და განსაკუთრებით მოსწონდა სტალინი.– ბარბიუსს გულწრფელად სწამდა, რომ წყობილება, რომელიც საბჭოთა რუსეთში დაიბადა, კაცობრიობას ბედნიერებას მოუტანს, ეს იყო ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ძალიან გულუბრყვილო კაცი. ბარბიუსს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მას უბრალოდ იყენებდნენ. მწერალს სულითა და გულით სწამდა, რომ კაცობრიობის მომავლისთვის იბრძოდა“.

ანრი ბარბიუსი გარდაიცვალა 1935 წლის 30 აგვისტოს მოსკოვში, საბჭოთა კავშირში მოგზაურობისას.

გავიდა წლები, რუსი მწერალი არკადი ვაკსბერგი წიგნში "ლენინიდან პუტინამდე, შხამის ლაბორატორია" ამტკიცებს, რომ ბარბიუსი სტალინის ბრძანებით მოწამლეს...

რამდენად მართალია ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ დიდი ფრანგი მწერალი, კომუნისტი ანრი ბარბიუსი რომ ძალიან გულუბრყვილო იყო, ფაქტია...

ანრი ბარბიუსზე რომ წარმოდგენა არ დაეკარგოს მკითხველს, ამ ისტორიის მოყოლის მერე, ეს პატარა ნაწარმოებიც უნდა გავიხსენოთ. თორემ, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ანრი ბარბიუსი ისეთივე დაუნდობელი, დესპოტური ხასიათისა იყო, როგორც ლენინი და სტალინი. ნაწარმოები მართლაც დიდებულია, და მეორე, ნოველის წაკითხვა ავტორის ფაქიზ გულსაც წარმოგვიჩენს...

არადა, სრულიად სხვაგვარადაა საქმე. ანრი ბარბიუსს ძალიან უნდოდა ადამიანთა ჩაგვრა შეწყვეტილიყო მთელ მსოფლიოში. მას სურდა კაცობრიობის ბედნიერება. ის ნამდვილი თანასწორობის მეოცნებე გახლდათ.

ნოველა მოგვითხრობს ობოლი, ახალგაზრდა ქალის  შესახებ, რომელიც ერთადერთ იმედზე, ძმაზე, ოჯახურ ატმოსფეროზე მხოლოდ იმიტომ ამბობს უარს, რომ  ძმას დაეხმაროს ფსიქოლოგიური პრობლემების მოხსნაში. ნაწარმოებში კარგადაა დახატული რეგვენი ადამიანების დაუნდობლობა, რომლებიც ფიზიკური ნაკლისათვის დასცინიან და მორალურად ანადგურებენ ადამიანს...

ანრი ბარბიუსის ნოველა „ქალი“ (Une femme), გამოქვეყნდა კრებულში „ნოველები“ 1920 წელს. ქართულად თარგმნა ნათელა ტერელაძემ.

ქალი

(თარგმანი ნათელა ტერელაძისა)

ქოხი, რომელშიაც თავი შეეფარებინა ორ ქალს, ისეთი დაბალი და უსიუნათლო იყო, რომ შიგ შეღწეული დღის შუქი სიბნელედ იქცეოდა. მხოლოდ ოთახის ერთ კუთხეში მოჩანდა მოუვლელი გზისპირის მსგავსი, დამტვრეული ქვის ფილებით, მიწითა და მტვრით მოფენილი იატაკი.

მომაკვდავი, ძვალტყავად ქცეული ქალი  ფარღალალა სამერცხულიდან მკრთალად განათებულ ღარიბულ საწოლზე წამოიწია და უთხრა თავის ქალიშვილ მარიას:

- როდესაც მოვკვდები, შენი ძმა მოძებნე; ისიც მაღაროში დარჩა, როცა მამათქვენს წავეჩხუბე. რადგან ორივენი ობლად რჩებით, ერთად იცხოვრეთ. ასე აჯობებს. იცნობ უთუოდ, თუ არა და, გვარით მიაგნებ. ერთმანეთს დაეხმარეთ, იცოდე, ცუდი ბიჭი არ არის.

ამ ლაპარაკმა ავადმყოფს უკანასკნელი ძალა გამოაცალა და შებინდებისას დადუმდა კიდეც სამუდამოდ.

დედის დასაფლავების შემდეგ მარიამ თალხი კაბა ჩაიცვა, გლოვის ნიშნად ყვავილი ააცალა ქუდს, მატარებელში ჩაჯდა და ძმის საძებნელად გაეშურა. გადაიარა ქვანახშირისაგან გადაშავებული სოფლები. რაც მეტად უახლოვდებოდა მაღროებს, მით უფრო პირქუში ხდებოდა გარემო; თითქოს უზარმაზარ, საავდრო ღრუბელს დაეფაროს და გაემუქებინოს მიდამო.

მარიამ მთავარ ქუჩაზე, პატარა სასტუმროში იქირავა ოთახი. ქარს აქაც უხვად შემოჰქონდა ქვანახშირის მტვერი. საღამოთი, მეზობლებთან ერთად მაღაროს კართან იდგა. აშინებდა  საყვირის ბღავილი და შახტიდან ამომავალი მუშების შავი ტალღა, სამგლოვიარო პროცესიასავით ერთი მიმართულებით რომ მიედინებოდა.

ამ ბრბოში ღვიძლი ძმაც შეიცნო, თუმცა დიდი ხანია არ ენახა. ერთმანეთს რომ დაშორდნენ, ბიჭი თხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა. ნამდვილად ჟანი იყო. ახლაც ყველასაგან გამოირჩეოდა მუშტისოდენა თავითა და უზარმაზარი ტანით. თავჩაქინდრული მოაბიჯებდა, დაღლილი, უთვისტომო, ეული...

- ღმერთო ჩემო!..

მარიამ შეამჩნია, როგორ დასცინოდნენ მის ძმას, უჯიკავებდნენ და აბუჩად იგდებდნენ თანამგზავრები. ის კი ძლივს იგერიებდა მათ შემოტევას, ბოლოს გაუსხლტა და გაიქცა.

მარია დაედევნა.

ჟანი შევიდა ერთ სახლში, სადაც ავეჯით ქირავდებოდა ოთახები; სადარბაზოსთან შედგა და ზევით აიხედა, სახლი ხომ არ მეშლებაო, როგორც ეს დაბეჩავებულ ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე. მალე უკან გამობრუნდა და სასადილოსკენ წაჩანჩალდა. ცოტა ხანს კარის ზღურბლზე შედგა, ჩანს, იქიდან გამოსულმა ხმაურმა შეაკრთო. შემდეგ ანგარიშმიუცემლად გადადგა ნაბიჯი და დარბაზის ყველაზე მივარდნილ კუთხეში მიიყუჟა.

- არც ცოლი ჰყავს, არც მეგობარი... უცნაურია...

მარია დარწმუნდა, რომ შეძლებდა ძმასთან დასახლებას. აქ საამისოდ ჩამოვიდა, ნატვრა აუხდა, მაგრამ ეს ახდენილი ოცნება ახლა გულს უკუმშავდა...

ძმის კვალად მარიაც შევიდა რესტორანში და მის პირდაპირ, ორი მაგიდის იქით დაჯდა. თავს უხერხულად გრძნობდა უცხო ადამინებს შორის, უდარდელად რომ შეექცეოდნენ საჭმელს. ჟანის სახეზე მწუხარება და გლოვა აღბეჭდილიყო, თუმცა, ცხადია, არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა დედის სიკვდილი. გაზის უშუქფარო ნათურა მის ჩონჩხადქცეულ სახეს უცნაურ ჩრდილებს აფენდა.

- ეი, ლამაზო!

რამდენიმე ოინბაზი და ლენტებით მორთული, გამობრუჟული მეგერა ცეკვა-გრეხითა და ირონიული შეძახილებით მიუახლოვდნენ ჟანს. დარცხვენილმა ჟანმა რაღაც წაიბუტბუტა და თეფშში ჩარგო ცხვირი. აბეზრები ბოლოს გაეცალნენ, მაგრამ ქალების სიცილმა იფეთქა ირგვლივ.

რადგან შემბრალე და გამკითხავი არავინ ჰყავდა, ჟანი თავს არიდებდა ყველას, ქალებსაც და მამაკაცებსაც. სამუშაოს დამთავრების შემდეგ რესტორანს შეეფარებოდა და, თვალში რომ არავის მოხვედროდა, დარბაზის ყველაზე მივარდნილ კუთხეში სადილობდა.

მარიას თვალზე ცრემლი მოადგა. ძალიან შეეცოდა ძმა. „მე შემიძლია ცხოვრება შევუმსუბუქო, ოჯახის მაგივრობა გავუწიო, იქნებ საკუთარი კუთხეც გავიჩინოთ და მაშინ ვინძლო ჩემ ძმასაც ეღირსება ოჯახური მყუდროება“...

სანამ ადგილიდან წამოდგებოდა, დიდხანს უცქირა ძმას. ჟანმა მისდაუნებურად ასწია თავი და მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს. მარიამ გაუღიმა. იგიც გაოგნებული და პირდაღებული შესცქეროდა მოღიმარე ქალს.

მარია გაწითლდა, ძმამ ვერ იცნო. ჟანმა წარმოიდგინა, რომ... უნებურად დახარა თავი, მაგრამ მაშინვე აიხედა. კაცი მისჩერებოდა ფართოდ გახელილი და ცრემლით აციაგებული თვალებით. მის სახეზე ისეთი გულისგამგმირავი გაკვირვება აღბეჭდილიყო, რომ მარია შეკრთა და ისევ გაუღიმა.

ეს ამბავი არ გამოჰპარვიათ დარბაზში მსხდომთ; კადიო და უცნობი ლამაზი ქალი თვალს უკრავენ ერთმანეთსო, ატყდა ხელის ჯიკავი, გადალაპარაკება...

დარცხვენილმა მარიამ სადილობა დაამთავრა, მაგრამ ჟანისკენ გახედვა ვერ გაბედა, რადგან გრძნობდა, რომ ყველა დაჟინებით უცქეროდა.

ყავა რომ ჩამოარიგეს, დარბაზი ნახევრად დაცარიელდა. მაშინ მარია წამოდგა და ძმისაკენ გაემართა. როგორც კი შენიშნა მისკენ მომავალი ქალი, ჟანიც შესახვედრად წამოვიდა, გაუგერბრობის თავიდან ასაცილებლად თავი გააცნო:

- მე კადიო ვარ, ჟან კადიო.

ქალმა თქმა დააპირა: „მე კი მარია ვარ, ვერ მიცანი?“ მაგრამ კაცი ისეთი იმედით შესცქეროდა მის ნორჩ ტუჩებს, რომ მარია ანგარიშმიუცემლად, ისე, რომ ვერც კი მიმხვდარიყო რა ხდებოდა მის თავს, დუმილს განაგრძობდა და მშვიდად უღიმოდა.

ბოლოს კაცმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა და წასჩურჩულა:

- არ გინდათ აქედან გასვლა?

ისინი წავიდნენ უხმოდ, უხერხულად... დარბაზში უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.

როგორც კი გამოვიდნენ, კაცმა ხელი ჩაჰკიდა. ქალმა არ იუცხოვა.

რატომ მაშინვე არ გაფანტა ეს მძიმე და მტანჯველი გაუგებრობა? რატომ?

- სულ მარტო ცხოვრობთ?

- დიახ, - მიუგო ჟანმა. შემდეგ თავს ძალა დაატანა და წაიბუტბუტა: - რატომ მეკითხებით? მიკვირს, რომ ჩემით ვინმე დაინტერესდა. როგორც ხედავთ, მდიდარი არა ვარ. ამიტომაც დამცინიან... - მან თითი სასადილოს შეორთქლილ ფანჯრებისაკენ გაიშვირა, სადაც სახეები კინოს კადრებივით ცვლიდნენ ერთმანეთს.

- მეგობარი ქალი არა გყავთ?

- განა მე ვინმე შემიყვარებს? თქვენც ალბათ ჩემი გამასხარავება გინდათ...

კაცი გაჭირვებით ლაპარაკობდა. როგორც ჩანს, არ იყო ჩვეული ასეთ თემაზე საუბარს.

ქალმა კი, ნაცვლად იმისა, რომ ძმისათვის ყველაფერი გაემჟღავნებინა, ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩულით განაგრძო:

- თქვენ ძალიან სასიამოვნო გარეგნობა გაქვთ; არიან ქალები, რომლებიც ბედნიერი იქნებოდნენ თქვენთან.

- ჩემთვის ეს არავის უთქვამს! - წაიბუტბუტა ყმაწვილმა კაცმა.

- ხომ ხედავთ, მე გეუბნებით ამას!

- თქვენ?.. თქვენ?..

უცებ თავისი გრძელი ხელები მოხვია ქალს მხრებზე და საკოცნელად წაეტანა, ტუჩებით ოდნავ შეეხო კიდეც მის ლოყას. ქალმა ხელი ჰკრა.

- არა. არა!..

კაცმა მორჩილად, მონასავით დაუშვა მკლავები.

- მომისმინეთ! - უთხრა მარიამ, - ჩემი შეყვარება შეუძლებელია. თქვენ რომ შემიყვაროთ, გავუბედურდები. თავისუფალი არა ვარ, არა. მე მალე წავალ აქედან, მაგრამ სხვა ქალები ჩემსავით დაინახავენ, რომ თქვენ არ ჰგავხართ სხვა მამაკაცებს, რომ თქვენ ყველაზე უკეთესი ხართ.

- ოჰ, რითი? რითი? - ჟანი აღზნებული იდგა ქალის წინაშე. - განა მე ვინმე შემიყვარებს? ნუთუ ეს შესაძლებელია? მითხარით! თავისუფალი რომ იყოთ, შემიყვარებდით? მართლა შემიყვარებდით?

- კი, - უთხრა ქალმა, - ახლა კი მშვიდობით...

მარია გაუჩინარდა, ჟანი გაშეშებული იდგა იმავე ადგილას, ფერმკრთალი, მთრთოლვარე, ვით ნიავისგან მოფარფატე თაფლის სანთლის ალი... მის სახეს, მთელ მის არსებას წვავდა შესანიშნავი ქალის ანარეკლი.

იმ სინათლის გამონაკრთობი სამუდამოდ ჩარჩა არსებაში, თითქოს სასწაულმოქმედ თილისმას დაეუფლა, რომელმაც ძალა და გამბედაობა შემატა სიცოცხლისა და ბედნიერებისათვის საბრძოლველად.

ქალმა შეუმჩნევლად გაიარა დერეფანი და თავის პატარა, მცირე ხნით ნაქირავებ ოთახში ჩაიკეტა. ხვალ დილითვე წავა აქედან; ძმას აღარ ნახავს, რადგან ამჯობინა მისთვის ყოფილიყო არა ღვიძლი და, არამედ სრულყოფილი ქალის ზმანება. ქალი ატირდა ერთად განცდილი მწუხარებისა და სიხარულისაგან.

0

ავტორი: