ჰააგის ტრიბუნალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ დანაშაულს იხილავს ჰააგის ტრიბუნალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ დანაშაულს იხილავს />


  22:13:01     16-05-2012

ჰააგის ტრიბუნალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ დანაშაულს იხილავს

a18111.jpg

ჰააგის სასამართლოში ბოსნიელი სერბების არმიის გენერლის საქმის განხილვა დაიწყო. რატკო მლადიჩს გენოციდსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში ედება ბრალი.

ის 1995 წელს სოფელ სრებრენიცაში 8000-მდე მუსულმანი მამაკაცისა და ყმაწვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ასევე ბრალი ედება ქალაქ სარაევოს ლყის კოორდინაციაში, რაც დაახლოებით, 3 წელიწადნახევარი გრძელდებოდა და ამ პერიოდში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სრებრენიცაში განვითარებული მოვლენები უშუალოდ უკავშირდება გენერალ რატკო მლადიჩს. მან პირველი მსხვილმასშტაბიანი შეტევა 1995 წლის ზაფხულის პერიოდში  დაიწყო. სრებრენიცა ბოსნიელი სერბების 15-ათასიანი არმიის წინაშე უძლური აღმოჩნდა. ქალაქი 11 ივლისს დაეცა. მამაკაცები 16-დან 60 წლამდე, როგორც მერე მლადიჩმა განაცხადა „დაკითხვებზე გაგზავნეს - სამხედრო დანაშაულების ჩადენასთან შესაძლო კავშირის გამო“.

მომდევნო კვირის განმავლობაში კი, 8000-მდე ბოსნიელი დახვრიტეს. ამ მკვლელობების ორგანიზება - ტრანსპორტის, ქვედანაყოფების ურთიერთქმედების, მასობრივი სამარხების მომზადების თვალსაზრისით, იმის დასტურია, რომ ეს კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო. ის მიზნად ისახავდა მამრობითი სქესის მოსახლეობის განადგურებას, რასაც თავის მხრივ, ხელი უნდა შეეშალა ომის დამთავრების შემდეგ ბოსნიელი ქალებისა და ბავშვების თავის სახლებში დაბრუნებისთვის. ამასთან, მასობრივი მკვლელობები სრებრენიცაში მაგალითი უნდა გამხდარიყო სხვა მუსულმანური ანკლავებისთვის, რათა მათ წინააღმდეგობა შეეწყვიტათ.

სარაევოსა და სრებრენიცაში ჩადენილი დანაშაულები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სერიოზულ სამხედრო დანაშაულებად ითვლება.

სასამართლოს პირველ სხდომაზე ექს-გენერალი, რომელიც მუქი სერი ფერის კოსტიუმში იყო გამოწყობილი, სარკასტულად - აპლოდისმენტებით მიესალმა ტრიბუნალის მოსამართლეებს და მათ დიდი თითი უჩვენა - იუწყება BBC-ის კორესპონდენტი ჰააგიდან.

თავისი გამოსვლა, პროკურორმა დერმოტ გრუმმა ვიდეოპრეზენტაციით დაიწყო, რომელშიც მოთხრობილია გენერლის მიმართ წაყენებული დანაშაულების შესახებ. „4 დღის წინ სამწუხარო იუბილე იყო: ზუსტად 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რატკო მლადიჩი იუგოსლავიის არმიის მეორე სამხედრო ოლქის შტაბის მეთაური გახდა. ამ მომენტიდან მლადიჩი კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობას იწყებს, რომელიც
უკვე მიმდინარეობდა. იმ დღიდან ის პირდაპირ ჩაერთო სერიოზული დანაშაულების ჩადენაში“  - განაცხადა პროკურორმა.

ყოფილი გენერალი, რომელიც ახლა 69 წლისაა, საერთაშორისო ტრიბუნალს 16 წლის განმავლობაში ემალებოდა. ის 2011 წლის 26 მაისს სერბეთის სპეცსამსახურებმა სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს და ჰააგის სასამართლოს გადასცეს. მლადიჩი სასამართლოს იმავე ციხეში ელოდა, რომელშიც მისი ყოფილი მეთაური, ბოსნიელი სერბების რესპუბლიკის მეთაური როდოვან კარაჯიჩი იჯდა. კარაჯიჩი 2008 წელს დააკავეს და მისი სასამართლო პროცესი დღესაც გრძელდება.

იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დაეჩქარებინათ, მლადიჩს „დანაშაულთა ნუსხა“ შეუმცირეს. რადგან შიშობენ, რომ გენერალმა, რომელმაც ყველაზე ცოტა, ერთი ინსულტი გადაიტანა, შეიძლება, სასამართლო პროცესის დასრულებამდე ვერც იცოცხლოს. დაკავების მომენტიდან მლადიჩი ჯანმრთელობას უჩიოდა. ვარაუდობენ, რომ ბრალდების მხარეს თავისი არგუმენტების წარმოსადგენად 200 საათი დასჭირდება. მოწმეთა რაოდენობა კი 400-ზე მეტია.

„მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ ვარ მე! - ასე უპასუხა მლადიჩმა გასულ წელს მოსამართლეს, რომელმაც სთხოვა მას, ეთქვა, თუ ვინ იყო. - მე გენერალი რატკო მლადიჩი ვარ.  მე  ვიცავდი ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას… ახლა მე საკუთარ თავს ვიცავ!“

გენერალ მლადიჩს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. აქამდე, ის, წაყენებულ ბრალდებებს არ ცნობდა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მლადიჩმა თავი დამნაშავედ სცნო იმ მუხლის მიხედვით, რომელიც ეთნიკურ წმენდას ეხება.

0

ავტორი: