14:39:56     16-05-2012
როსტიკ ხუგაევი, პუტინის დასტურით ცხინვალის „პრემიერად“ დაინიშნა

ცხინვალში ახალი ე.წ. პრემიერი დაამტკიცეს. ოსი წარმოშობის სამარელი ბიზნესმენი როსტიკ (როსტისლავ) ხუგაევი 10 დღის განმავლობაში ახალ „მთავრობასაც“ დააკომპლექტებს. მოსალოდნელია, რომ ის პოსტებს ედუარდ კოკოითის აქტიურ მოწინააღმდეგეებს, ჯიოევა-თედეევის ბანაკის წევრებს შესთავაზებს.
„ეხო კავკაზას“ ცნობით ცხინვალში გუშინვე უკვე ჩავიდა კოკოითის კიდევ ერთი ოპონენტი ანატოლი ბარანკევიჩი. ცნობილია, რომ მან ე.წ. ვიცე-პრემიერისა და პარალელურად, „მთავრობის“ აპარატის ხელმძღვანელის პოსტი უნდა დაიკავოს, თუმცა ოფიციალურ დანიშვნამდე ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს. ალა ჯიოევას გარემოცვის წევრი სერგეი ზასეევი, რომელმაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ლეონიდ თიბილოვს დაუჭირა მხარი, იმედოვნებს, რომ ახალი „მთავრობა“ ოპოზიციისთვის მისაღები იქნება და „მინისტრების“ პოსტების განაწილებისასაც მათ აზრს გაითვალსწინებენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბარანკევიჩის გარდა, ახალ „მთავრობაში“ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრადაც ოპოზიციონერი როდიონ სიუკაევი შეიძლება დაინიშნოს. კოკოითის გუნდი კი ნელ-ნელა უკანა პლანზე იწევს.
ცნობილი ხდება, რომ ჯაბაევიჩის მომხრე ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ კოკოევი თიბილოვთან აღნიშნულ პოსტზე მისი დამტკიცების თხოვნით იყო შესული, მაგრამ უარი მიიღო. ზოგადად, ჯიოევას მომხრეები, ხუგაევის ე.წ. პრემიერად დანიშვნას უკვე „ოპოზიციის გამარჯვებას“ უწოდებენ, თუმცა უცვლელი დარჩა ერთი მომენტი, ან შეიძლება, უფრო გამკაცრდა კიდეც: არანაირი გადაწყვეტილება მოსკოვის დასტურის გარეშე არ მიიღება.
გუშინ, როცა თიბილოვმა ხუგაევი ე.წ. პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა, თან მრავალმნიშვნელოვნად დასძინა, რომ აღნიშნული კანდიდატურა სოჭში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილეს და რომ „დღეს რუსეთში პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან“. სწორედ ამ გაფრთხილების შემდეგ გადაიბარა სამარელმა ბიზნესმენმა როსტიკ ხუგაევმა ჩელიაბინსკელი ბიზნესმენის ვადიმ ბროვცევის პოსტი.
0