11:14:45     16-05-2012
აქცია კიშინიოვში: „პუტინო ვოვა, გაიყვანე არმია მოლდოვადან“

მოლდოვას ლიბერალური პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ მათი ქვეყანა „რუსული ოკუპაციის“ მსხვერპლი გახდა და ამიტომ დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითხოვენ.
მიმართვა პუტინს სპეციალურად მოლდოვას მიწების რუსეთის იმპერიაში შესვლის წლისთავზე გაუგზავნეს. საუბარია 200 წლის წინანდელ აქტზე - როცა ხელი მოეწერა ბუქარესტის სამშვიდობო შეთანხმებას ალექსანდრე I რუსეთსა და ოსმენთა იმპერიას შორის. სწორედ ამ შეთანხმებით დაფიქსირდა მოლდოვას სამთავროს აღმოსავლეთ ნაწილის (მის ტერიტორიაზე ბესარაბიის გუბერნია შეიქმნა) რუსეთისთვის გადაცემა. ლიბერალების წერილი პუტინის მისამართით მოლდოვას ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა იონ ჩებანუმ კიშინიოვში, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალთან წაიკითხა.
წერილში ნათქვამია, რომ 1812 წელს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მოლდოველებისთვის ტრაგიკულ მოვლენად იქცა და ეს ტრაგედია, მიმართვის ავტორთა აზრით, დღემდე არ დასრულებულა.
„რუსეთის ჯარებს ჯერაც ოკუპირებული აქვთ მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი. იმ 22 წლის გამოკლებით, როდესაც ბესარაბია რუმინეთთან იყო გაერთიანებული, შეიძლება ითქვას, რომ საოკუპაციო არმია მოლდოვაში 178 წელია, რაც დგას“.
ახალგაზრდა ლიბერალები ყოველგვარი პირობის გარეშე მოუწოდებენ პუტინს გაიყვანოს თავისი ჯარები დნესტრიპირეთიდან:
„ეს პირადად თქვენთვის და რუსეთის მთელი პოლიტიკური ელიტისთვის სასწრაფო აუცილებლობაა - შეეგუოთ მოლდოველი რუმინების სრულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობის იდეას“ - არწმუნებენ წერილის ავტორები რუსეთის პრეზიდენტს.
ბუქარესტის შეთანხმებას 1812 წლის 16 მაისს მოეწერა ხელი. გასულ შაბათ-კვირას ამ მოვლენის 200 წლისთავთან დაკავშირებით კიშინიოვში, უნიონისტების (ვინც მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანების მომხრეთა) ორგანიზებით „სამგლოვიარო მარში“ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ: „პუტინო ვოვა, გაიყვანე არმია მოლდოვადან“, „გაეთრიეთ აქედან“.
ლიბერალური პარტიის (რომელიც მმართველი საპარლამენტო კოალიციის შემადგენლობაშია) ლიდერი მიხეილ გიმპუ კი სთავაზობს მოლდოველებს, 16 მაისი ნაციონალური გლოვის დღედ გამოცხადდეს. კიშინიოვის მერიამ უკვე გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, დღეს, ქალაქის შენობებზე აღმართული სახელმწიფო დროშები გლოვის ნიშნად დაშვებული იქნება.
0