08:23:52     16-05-2012
ცესკოს დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში

5-11 მაისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია: კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, ცესკოს წევრი დავით გურგენიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანი, საარჩევნო კუთხით საფრანგეთის გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის დამზადებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების, ასევე მედიისთვის და დამკვირვებლებისთვის შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელოების განხილვა იყო.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა, სადაც ცესკოს დელეგაციასთან ერთად ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია ევროპის საბჭოს პროგრამების მენეჯერმა იგორ გაონმა, საარჩევნო ექსპერტმა ხორვატიიდან მორანა სუსეკმა და ექსპერტმა შვეიცარიიდან პატრიკ თრიზმა განიხილეს. მხარეებმა სახელმძღვანელოების სხვადასხვა ასეპქტებთან დაკავშირებით იმსჯელეს და წარმატებულ გამოცდილებებსაც გაეცნენ; უცხოელმა ექსპერტებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციებიც წარმოადგინეს და ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ დოკუმენტაციას დადებითი შეფასებაც მისცეს.
ცესკოს დელეგაციის ერთ-ერთი მიზანი ასევე იყო საარჩევნო კუთხით საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება; შესაბისად, კომისიის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას - 6 მაისს, საარჩევნო პროცესს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაესწრნენ და საფრანგეთის საარჩევნო სისტემასაც გაეცნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საქართველოში 11 მაის დაბრუნდა.
cec.gov.ge
0