11:22:37     15-05-2012
შუშის სასახლის მძევალს „სახალხო კრებასთან“ არ უშვებენ…

ნინო ბურჯანაძე 26 მაისის აღნიშვნას პარაკლისით, 23 მაისს ბათუმში აქციით და საზოგადოებასთან ერთდღიანი შეხვედრებით აპირებს. თუმცა მანამდე „სახალხო კრებას“ აქციების ჩატარებაში ხელი ივანიშვილმა შეუშალა, რომელმაც ნინოს ამჯერადაც უთავაზა პოლიტიკური ალიყური და უკვე დაანონსებული აქციები ჩაუშალა. ადრე დაანონსებული 26 მაისის ე.წ. საპროტესტო მანიფესტაცია ივანიშვილმა 27-ში გადადო, როცა თარიღის დამთხვევის მიზეზით ბურჯანაძემ აქციების ჩატარებაზე საერთოდ უარი თქვა, ივანიშვილის 26 მაისს დამთხვევა არ მინდა, ხელი რომ შევუშალოო.
ბიძინამ ნინოს „კვანტი“ დაუდო, ჯერ აქციებზე უარი ათქმევინა და მერე გამოაცხადა, 27 მაისს ვაპირებო. ივანიშვილი მანამდე საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ „აქციები არ იქნებაო“, მაგრამ „ეროვნულმა ფორუმმა“ და დავითაშვილმა „წმინდა ბიძინა მდიდარი“ გადაარწმუნეს , უბრალოდ დავათვალიეროთ, ხალხის რა რაოდენობა გვიჭერს მხარსო. ივანიშვილს აქციები ჭკუაში მას შემდეგ დაუჯდა, რაც გაირკვა, რომ ბელადს უბრალოდ გარემოცვა ატყუებდა მისი მითიური რეიტინგების შესახებ. ყველა სხვა სერიოზული ორგანიზაციების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბიძინა სადღაც 10-დან 20 პროცენტამდეც ვერ ქაჩავს. მოკლედ, „ქართულ ოცნებაში“ ამომრჩევლის ქუჩაში დატესტვა გადაწყვიტეს. ეს ფაქტი არც ზვიად ძიძიგურს დაუმალავს და პირდაპირ ეთერშიც განაცხადა.
ბიძინას აქციებმა კი „სახალხო კრებას“ გეგმები ჩაუშალა. ამაზე „სახალხო კრებაში“ ცოტა ხნის წინ ალაპარაკდნენ, ხოლო ,,კრებელმა“ თემურ შაშიაშვილმა უკმაყოფილება არ დამალა, ჩვენ რომ თავიდანვე გვცოდნოდა, ,,ქართული ოცნება' 26 მაისს აქციას აღარ გამართავდა, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მივიღებდითო.. შაშიაშვილი პრესასთან საუბრისას სხვათა შორის, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს კიდეც.
მოკლედ, „წმინდა ბიძინა მდიდარს“ სამებაში „სახალხო კრების“ ლიდერები მაინც ელოდებიან. გამორიცხული არაა, რომ ივანიშვილი მივიდეს კიდეც. თუმცა , პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ეს ხელის ჩამორთმევის საჩვენებელი ფანდი იქნება. მივა თუ არა 26 მაისს ივანიშვილი სამებაში, „მრეწველებისთვის“ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ბურჯანაძის შეკვეთილ პარაკლისზე მის გარეშეც მისვლას აპირებენ. სამაგიეროდ, გადაცემა „კითხვის ნიშნიდან“ ზურაბ ტყემალაძე „სახალხო კრების“ ლიდერებს ასე პასუხობს: „თუ სად წავა და რა პოზიციას დაიკავებს ბიძინა ივანიშვილი, რომელი პარტიების ლიდერი იქნება ის, ეს თქვენ არ გეკითხებათ და კოალიციის გადასაწყვეტიაო“.
ტყემალაძეს არ უთქვამს, რომ ივანიშვილის გადასაწყვეტია, რომელი პარტიების ლიდერი იქნებაო. გამოდის, ტყემალაძემ კოალიციურ „შეფზე“ ზუსტად ის თქვა, რაზეც ამდენი ხანია სხვა ოპოზიციური ლიდერები მიუთითებენ, რომ ივანიშვილი გარემოცვის გადაწყვეტილებების უბრალოდ ბუტაფორიული გამხმოვანებელია და თუკი კოალიცია გადაწყვეტს, ივანიშვილი სამებაში იმ შემთხვევაში წავა. თავად ივანიშვილი კი, ტყემალაძის განცხადებიდანაც მტკიცდება, რომ უკვე აღარაფერს წყვეტს და რამდენიმე ოპოზიციონერის შუშის სასახლეში გამომწყვდეული მძევალია.
0