17:28:27     14-05-2012
მოსკოვში ნერვიულობენ, როგორ „არღვევს ადამიანის უფლებებს“ საქართველო, აშშ, ევროკავშირი და ნატო

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დღეს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს აკრიტიკებენ. მოსკოვი ამ თემით მას შემდეგ „შეწუხდა“, რაც ევროპამ და აშშ-მა, მის მიმართ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით კრიტიკული დოკუმენტების დასტა დააგროვეს.
საპასუხოდ, მოსკოვი დღეს პარლამენტში დაგეგმილი მრგვალი მაგიდიდან საქართველოს, აშშ-ს, კანადას, ევროკავშირსა და ნატო-ს ადამიანის უფლებების დარღვევებში ადანაშაულებს.
თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აკეთებს შეფასებას მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს რუსეთმაც? ამიტომაც, საგარეო უწყებაში სპეციალური მოხსენება დაიწერა. სწორედ ამ მოხსენებას იხილავენ დღეს დუმაში დეპუტატები, სენატორები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში და კიდევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჩუროვი, რომელსაც დუმისა და საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე, რუსეთში ადამიანის ძირითადი უფლებების დამრღვევის სტატუსი აქვს მინიჭებული, - რა თქმა უნდა, არა რუსული რეზოლუციებისა და დასკვნების თანახმად.
როგორც ჩანს, მოსკოვზე დასავლეთში მიღებული დოკუმენტები გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. თუმცა ეს გავლენა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ რუსეთი ღიზიანდება. ასეთი გამაღიზიანებლის როლი ითამაშა ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციამაც, რომელშიც რუსეთში ვლადიმერ პუტინის არჩევნები საკმაოდ მკაცრად შეფასდა.
„ჩვენ გვაქვს უფლება ყურადღება გავამახვილოთ იმ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში. ხშირად, ევროპა დემოკრატიის მაგალითად წარმოაჩენს თავს და სხვებს ასწავლის ჭკუას ისე, რომ ვერ ამჩნევს რა ხდება საკუთრივ მის ტერიტორიაზე“ - განაცხადა დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა და დასძინა, რომ რუსეთი შედის მთელი რიგი ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუტების შემადგენლობაში და ამიტომ, არ აპირებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს გვერდი აუაროს.
მრგვალ მაგიდაზე აპირებენ ევროკავშირის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზეც იმსჯელონ. როგორც დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, ევროკავშირსა და მის სტრუქტურებში, კერძოდ, ევროპარლამენტში, რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სიტუაცია არაობიექტურად შუქდება და ფასდება. ამიტომ მოსკოვი, ახლა, კონტრკრიტიკით გამოსვლას და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციების განხილვას გეგმავს.
მსოფლიოს რიგ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომზადებულ დოკუმენტს აქვს პრეტენზია, რომ „ჭეშმარიტი ვითარება“ წარმოაჩინოს და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირს, თითი მოსკოვიდან დაუქნიოს.
0