თამარ მეფე - „ცასა ცათასა“ თამარ მეფე - „ცასა ცათასა“ />


  08:33:46     14-05-2012

თამარ მეფე - „ცასა ცათასა“

a18005.jpg

ქართული ეკლესია 1 (ახალი სტილით 14) მაისს აღნიშნავს წმინდა კეთილმსახური თამარ მეფის ხსენების დღეს.

ყველა თამარს, ყველა ქართველს ვულოცავთ თამარობის დღესასწაულს!
 
თამარ მეფე ჩვენი სიამაყეა. თუ ძველი დროის ქალი სუზერენების დიდი ნაწილი ძალაუფლებისათვის ყველაფერზე მიდიოდა, ჩვენი დედოფალი სარწმუნოებისა და სიკეთის მაგალითს უჩვენებს მსოფლიოს, უკვე რვაასი წელია.

თამარ მეფე შესანისნავი პოეტიც იყო. მისი მხოლოდ ერთი ლექსია შემორჩენილი, თუმცა ამ ნაწარმოების მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ავტორის პოეტური ნიჭისა და რაც მთავარია, სულიერი მდგომარეობისა და რწმენის შესახებ.

თითქმის ყოველი დიდი ქართველი მეფე, მეტნაკლებად დაკავშირებული იყო მწერლობასთან. არა ერთი ქართველი ხელმწიფე თვითონ გახლდათ სიტყვის ოსტატი, შესანიშნავი პოეტი. ჩვენ ბევრი რამ დაკარგული გვაქვს, რაც შემოგვრჩა, ამის თქმის უფლებას გვაძლევს. ამის მიზეზით, შემდგომში დიდი ქართველი მოღვაწეებიც, ერის ლიდერებიც, მწერლები და პოეტები იყვნენ, ან ქართულ მწერლობასთან დაკავშირებულნი, ქართული ლიტერატურით აღზრდილნი. ქართული სულისკვეთების საუკეთესო გამოხატვა ჩვენს ლიტერატურაშია წარმოდგენილი, როგორც სასულიერო, ისე საეროში. ამიტომ, მწერლობასთან დაკავშირებული ადამიანი ქართულ სულს კარგად იცნობდა, ყოველთვის.

როგორც ვთქვით, ჩვენი დიდი მეფეები, ჩვენი ლიდერები, ქართული მწერლობით, ქართული ლიტერატურით, ფოლკლორით იყვნენ აღზრდილნი, და ამიტომ შეძლეს გამხდარიყვნენ დიდი მოღვაწეები. როცა ლიდერი ხდება დიდი მოღვაწე, მისი საქმეც გამარჯვებულია, ან წარმატების გზაზე მაინც დგას.

ქართულ მწერლობასთან მწყრალად მყოფი კაცი ვერ გახდება ერის ლიდერი, იმიტომ, რომ ვერ ექნება სრულად გათვითცნობიერებული, სრულად გათავისებული ქართველთა გულის-გულში არსებული ოცნება თუ შეგნება საქართველოს მისიისა. გარდა ამისა, ქართული ლიტერატურის სიყვარულის გარეშე ერისათვის გამოსადეგ შრომისმოყვარეობაზე საუბარი ზედმეტია...

თამარ მეფე სწორედ რომ ქართული მწერლობით აღზრდილი პიროვნება გახლდათ. მის ქმედებებში კარგად ჩანს ქართული მსოფლმიმართება, გადმოცემული უძველეს მინდიას მითში თუ ქრისტიანობაში, ქართული ლიტერატურის უკვდავ ნაწარმოებებში, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ იქნება ეს თუ „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“.

სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება, თუ სხვა გზა არ არის. ტარიელმა მხოლოდ იმიტომ მოკლა ხვარაზმშას ძე, რომ სხვა გზა არ იყო, სხვაგვარად მის სამშობლოს უცხო დინასტია დაეპატრონებოდა, რაც მამულის სხვათა მიერ დაპყრობას ნიშნავს. ტარიელმა ომი იმიტომ კი არ წამოუწყო ხვარაზმშას ვაჟის თანმხლებ ლაშქარს, რომ ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ ამგვარად დიდი მსხვერპლი აიცილა თავიდან.

ეს უნდა ესმოდეს ყველა ქართველს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად იცოდა თამარ დედოფალთა-დედოფალმა და მეფეთა-მეფემ და ამიტომ მის სახელმწიფოში სიკვდილით არ სჯიდნენ. ევროპა 800 წლის მერე მიხვდა ამას, ამერიკის ყველა შტატში ჯერ  ვერ გაუცნობიერებიათ ეს.

თუ დავაკვირდებით თამარ მეფის დროინდელი საქართველოს სახელმწიფოს, ის მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს. თუ დავით აღმაშენებელმა „შერთო სახლი სახლსა და აგარაკი აგარაკსა“, თამარ მეფე ყველა ადგილობრივ მმართველს ავტონომიურ უფლებებს უტოვებს, თუმცა რეგიონში მშვიდობას აუცილებლად იცავს. მისი ჯარის ყველა ქმედება იძულებითია და იცავს მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიას ან სხვა ხალხთა, ჩაგრულთა, შირვენელთა, სომეხთა, ებრაელთა და სხვათა უფლებებს, სამართლიანობას, რეგიონის გარეთაც (ამაზე უფრო დაწვრილებით იხილეთ ჩემი წერილი „საქართველო-კავკასიის თანამეგობრობა XII საუკუნეში“ (პრესა.გე).

შამქორისა და ბასიანის ბრძოლებიც ამგვარი ვითარებითაა გამოწვეული - საქართველოსა და მისი მოკავშირეების გადარჩენისათვის თავგანწირული ბრძოლები, მცირერიცხოვანი ქართული არმია მრავალრიცხოვანი კოალიციების წინააღმდეგ...

როცა ლიდერი წმინდა ადამიანია, სამშობლოს ნამდვილი მსახური, ღმერთი გამარჯვებასაც უწყალობებს ქვეყანას.

1195 წლის 2 ივნისს, როგორც მოგვითხრობს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი, ქართველთა არმიამ დაამარცხა მაჰმადიანთა დიდი კოალიცია, ისლამის სულიერი ლიდერის, აგრესიული ხალიფას მიერ შეგროვებული მთელ აღმოსავლეთში და საქართველოს გასანადგურებლად გამოგზავნილი. ხალიფას და კოალიციის მესვეურებს უნდოდათ არა მარტო ქართველთა, არამედ შირვანელი მაჰმადიანების, მათი შაჰის და მისი სიძის, ამირ მირმანის, - ადარბაგანის (ირანის აზერბაიჯანის, ძველი, ნამდვილი აზერბაიჯანის) გარდაცვლილი, გასულთნებული ათაბაგის უმცროსი ძის - განადგურებაც. მართალია, უმთავრესი მიზანი საქართველო იყო, მაგრამ საქართველოს მეგობრებიც განადგურდებოდნენ ჩვენი არმიის დამარცხების შემთხვევაში.

კოალიციას ხელმზღვანელობდა ათაბაგი აბუბექრი („ამირ-ბუბაქარი“), ამირ მირმანის ძმა, რომელმაც თავის ღვიძლ ძმებს, მათ შორის უფროსს, ხუტლუინანჩის, სამფლობელოები წაართვა.

კოალიციას წინ მოუძღოდა ხალიფას დროშა...

ქართველთა არმიამ, 1195 წლის 2 ივნისს, ქალაქ შამქორთან, სასტიკად დაამარცხა მაჰმადიანთა კოალიცია.

დავით სოსლანმა შამქორი ამირმირმანს უბოძა.

ხალიფას დროშა საქართველოს დიდმა გმირმა და წმინდანმა, შალვა ახალციხელმა ხელთ იგდო ფიცხელი ბრძოლით და მეფეთა-მეფე თამარს დაუგო ფეხქვეშ.

ქართველებს დარჩათ ათაბაგის დროშა, თორმეტი ათასი ტყვე, ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი. ხოლო ოქრო, ვერცხლი, ჭურჭელი, ლარი და სხვა ალაფი იმდენი იყო, რომ დაიღლებოდა კაცი დათვალიერებით.

მეფეთა მეფემ ხალიფას დროშა ხახულის ღვთისმშობლის ხატს შეწირა. ხოლო ღვთის სადიდებლად იამბიკო (ლექსი) გამოთქვა.

ქართლის ცხოვრება

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

(ნაწყვეტი)

„დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობელისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა: მაშინ მას წარეგზავნა მოძრცჳლი ქედისაგან დორბეზე სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძჳრფასისათა. მიზეზად ძღუნისა- შემწირველობისასა და მვედრებელობისა ამანცა ესევითარად ესე იამბიკო ხუთეული ოცდახუთ ლექსად აღწერა.

ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთ-მთავრობა,
ძე საუკუნობს პირველი და კუალადი.
სულმან მან ღმერთმან სრულ ყო მოქმედებადი,
სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,
მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.

შენ მიერ მისთჳს დრკუსა მის განმგებელი
დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,
ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო.
შენგან შობილმან. ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად
ბნელით ნათელსა, ნათელთა მხედველობად.

შენგან, ქალწულო, რომელსა შენთჳს დავით
როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად.
მე თამარ, მიწა შენი და მიერივე,
ცხებულობასა ღირს მყავ და თჳსობასა.
ედემს, ღადითად, სიმხნით, და ჩრდილოეთით

შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ,
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,
ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,
მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით.

ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა
ჩუენნი მჴედარნი, მოსავნი შენნი, სძალო;
მოწყლნეს, მოსწყჳდნეს აგარის ნათესავნი.
მუნით მოსმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას.
შენდა შევწირავ! მიოხე ძეებრ, ღმერთო!

0

ავტორი: