05:21:33     13-05-2012
რუსეთს მთავარი რაკეტის საიდუმლო მოჰპარეს
ეკატერინბურგის საოლქო სასამართლოში იწყება პროცესი „დახურული დაწესებულების“ ერთ-ერთი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელსაც უცხოური სპეცსამსახურებისთვის სამხედრო საიდუმლოების გადაცემა ედება ბრალად. საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც უახლესი საზღვაო სტრატეგიული რაკეტის, „ბულავას“ მართვის სისტემებს ეხება.
საქმის მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ ის რუსეთის გენერალური პროკურატურის კონტროლზეა აყვანილი და მისი განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რამდენადაც საქმე ეხება სტრატეგიული შეიარაღების სისტემებს, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.
„ინტერფაქსის“ წყარომ დაადასტურა, რომ გამოძიებას უკვე ხელთ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც განსასჯელი პირის ბრალს ადასტურებს. ეს ადამიანი თავდაცვის წარმოების სფეროს ერთ-ერთი სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელია, რომელიც სტრატეგიული რაკეტების მართვის სისტემებზე მუშაობს.
სკანდალი მართლაც გრანდიოზულია. რამდენადაც „ბულავა“ უახლესი სამსაფეხურიანი მყარსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტაა და რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის დანიშნულება აქვს. მისი ჩამოგდება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით საკმაოდ რთულია. მას მიზნის განადგურება 8 ათას კილომეტრში შეუძლია და 6-დან 10-მდე ბირთვული ბლოკის ტარების უნარი აქვს, რომელთაგან თოთოეულის სიმძლავრე, შეიძლება, 150 კილოტონა იყოს. მისი გაშვება წყალქვეშა მდგომარეობიდანაც შეიძლება.
„ბულავას“ გამოცდას პირველ ეტაპზე არაერთი პრობლემა შეექმნა. 13 მცდელობიდან ნახევარი წარუმატებლად დასრულდა. ამის გამო, მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, რომელმაც „ბულავა“ შეიმუშავა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიდეც.
რუსეთისთვის ამ რაკეტის მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2010 წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მაშინდელ პრემიერს ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს სწორედ „ბულავას“ საცდელი გაშვებით მიულოცეს.
გამოცდა მიმდინარე წლის ოქტომბერშიც იგეგმება. „ბულავას“ წყალქვეშა რაკეტმზიდი „ალექსანდრ ნევსკი“ გაუშვებს, რის შემდეგაც სარაკეტო კომპლექსი და სტრეტეგიული კრეისერი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში „ჩაირიცხებიან“, თუ, რა თქმა უნდა რაკეტის გამოცდა წარმატებით დასრულდება და მის შესახებ ყველა საიდუმლო უცხოელების ხელში არ აღმოჩნდება.
0