21:16:09     12-05-2012
ანქვაბზე თავდასხმა აფხაზ ვაჰაბიტებს დაბრალდა...

ყველაფრიდან ჩანს, რომ აფხაზთა რუსეთის მარიონეტი პრეზიდენტ, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმას ვაჰაბიტებს აჰკიდებენ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ყველაფერი აქეთკენ მიდის. საქმეც იმაშია, რომ რუსული სპეცსამსახურები აფხაზების ჩეჩენ ტერორისტებთან კავშირზე ალაპარაკდნენ. აი, რა განუცხადა ერთ–ერთმა წყარომ „ფეესბედან“ ერთ–ერთ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს.
„აფაზეთში ჩრდილოკავკასიელთა ბანდიტურ იატაკქვეშეთთან, რომელსაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს, კავშირები დღემდე შენარჩუნებულია. ჩრდილოეთ კავკასიაში ბანდიტური იატაკქვეშეთის ყოფილი ლიდერი, შამილ ბასაევი, რომელსაც ამ „რესპუბლიკაში“ ერთ–ერთი თავისი ბაზა ჰქონდა, 2006 წელს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იქნა ლიკვიდირებული“. წყაროს თქმით, მათ შორის, ამ კავშირზე მიუთითებს „აფხაზეთის პრეზიდენტზე“ განხორციელებული თავდასხმის მცდელობა (სიტყვა „მცდელობა“, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში, საკმაოდ რბილად ნათქვამია, – ავტ.), ანუ გამოდის, რომ ანქვაბის მოკვლა ვაჰაბიტებს უნდოდათ?
ნიშანდობლივია, რომ „აფხაზ ვაჰაბიტებზე“ პირველად ქართული სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2007 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც გუდაუთაში, 17 აგვისტოს, აფხაზი იმამი, ხამზატ გიცბა და ქალაქ უფადან იქ ჩასული, რუსლან ასადულინი, ერთად მოკლეს. მიუხედავად ამისა, აფხაზები ვაჰაბიტების იქ ყოფნას კატეგორიულად უარყოფდნენ. მათი განცხადებით, აფხაზეთში ისლამურ ექსტრემიზმს არც ადგილი და არც საფუძველი არ გააჩნია, რადგანაც, იქ დღემდე არცერთი მეჩეთი არ არის. არსებობს მხოლოდ ორი სალოცავი სახლი. მათ შორის, ერთ–ერთი გუდაუთაშია, რომელსაც, აფხაზთა მტკიცებით, ქართული საიტების პროპაგანდის წყალობით, „ვაჰაბიტთა მეჩეთს“ ეძახიან.
2007 წელს ნიღბიანმა უცნობებმა სწორედ ამ მეჩეთში მოკლეს ხამზატ გიცბა, მეტსახელად „როკი“. ამ უკანასკნელმა სახელი იმით გაითქვა, რომ თურქულ ბორან, „ევრასიაზე“ თავდასხმაში და მის ხელში ჩაგდებაში მონაწილეობდა. ცნობილია ისიც, რომ 2007 წელს გიცბას ლიკვიდაციას აფხაზ მულულმანთა უცნაური მკვლელობების სერია მოჰყვა.
თუ მამის სახელით ვიმსჯელებთ, ამჟამად დაპატიმრებული „აფხაზური ჯამაათის ხელმძღვანელი, რუსლან რაუფის ძე გიცბა (რუსულ, პრესაში იგი ხან რუსტანადაა მოხსენიებული, ხანაც რუსტამადაც კი. თუმცა, აფხაზური პრესა მას რუსლანს უწოდებს და ამიტომ, ალბათ, ეს უფრო სარწმუნოდ უნდა მივინიოთ, – ავტ.) „როკის“ ღვიძლი ძმაა. სხვათა შორის, მისი მკვლელობის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც 2010 წელს სამლოცველო სახლთან ახლოს მას და მის მეორე ძმას ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა, მაშინ რუსლანი და მისი ძმა მხოლოდ დაიჭრნენ და ცოცხლად გადარჩნენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ გიცბების ბიძაშვილი, ინდირა ჯენია, შამილ ბასაევის ცოლი იყო.
უცნაურია ერთ რამ: სამლოცველო სახლის მრევლი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. მათზე თვალთვალიც კი იყო დაწესებული. განსაკუთრებით, ცხადია, ძმებ გიცბებს უთვალთვალებდნენ და როგორ მოახერხეს მათ ასეთ დროს იარაღის 10 სამალავის მოწყობა და ანქვაბის კინაღამ იმქვეყნად გასტუმრება, პირდაპირ გასაოცარია. თუმცა, ცხადია, რომ „ზემოდან“ ხელშეწყობის გარეშე, ისინი ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ.
მით უმეტეს, ერთი რამეც გასათვალისწინებელია: როცა ჩეჩნები აფხაზეთის ომში იბრძოდნენ, მაშინ შამილ ბასაევს „გრუ“ აკონტროლებდა. ცნობილია, რომ იგი მათ ჯერ კიდევ 1982 წელს „დაავერბოვკეს“ და მეტსახელად „უმარს“ ეძახდნენ. ეს ისტორია პრესისთვის საიდუმლოებას ნამდვილად არ წარმოადგენს. ამის შესახებ, მას მერე, რაც შამილ ბასაევი ჩეჩნეთთან ომში, რუსებს დაუპირისპირდა, არაერთხელ დაწერილა.
0