11:47:49     12-05-2012
რატომ არ მიდის პუტინი „დიდი რვიანის სამიტზე“?

ცნობილია, რომ 18–19 მაისისთვის კემპ–დევიდში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტად მესამედ მოსული, ვლადიმერ პუტინი არ ჩავა და სამიტის მონაწილეთ კვლავ უკვე გაპრემიერებულ დიმიტრი მედვედევთან მოუწევთ ურთიერთობა. არადა, რუსულ პრესაში იყო ინფორმაცია, რომ აშშ–ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა იმედოვნებდა, რომ ისინი იქ ერთმანეთს შეხვდებოდნენ. თუმცა, თეთრ სახლში ირწმუნებიან, რომ ობამა პუტინის სამიტზე ჩაუსვლელობის შესახებ ინფორმაციას „გაგებით შეხვდა“, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს მხოლოდ დიპლომატიური სვლაა და სხვა არაფერი.
თუ რატომ არ მიდის პუტინი „დიდი რავიანის“ სამიტზე, ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი წყარო იმასაც კი წერს, ვაშინგტონმა თავის ელჩს, მაიკლ მაკფოლის დაავალა, რომ ამის ნამდვილი მიზეზი გაერკვია და მოეხსენებინა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, რომელიც მოგვიანებით კრემლმაც დაადასტურა, პუტინმა თავისი უარი რუსეთის მთავრობაში მიმდინარე კაბინეტის ფორმირების პროცესით ახსნა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის.
მეორე ვერსიით, პუტინმა მედვედევის აშშ–ში გაგზავნა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში ამ უკანასკნელს და ბარაქ ობამას და დასავლეთის სხვა ლიდერებთან კარგი პირადი კონტაქტები დაუმყარდა.
კიდევ ერთი ვარაუდით, პუტინის უარი გამოწვეულია მოსკოვში, „ბოლოტნაიას“ მოედანზე 6 მაისის მიტინგის სამარცხვინო დარბევის შემდეგ მისი დემოკრატ ლიდერებთან ერთად გამოჩენაზე დასავლეთს პრესის შესაძლო ნეგატიური რეაქციით.
მსგავსი კრიტიკა თავიდან რომ აეცილებინა, პუტინმა თითქოს ამის გამო გადაწყვიტა დასავლეთში ლიბერალის იმიჯის მქონე თავისი მარიონეტის, მედვედევის გაგზავნა.
პროკრემლური „ექსპერტები“ წერენ, რომ ამ ნაბიჯით პუტინი დასავლეთს თითქოს უარყოფით სიგნალს უგზავნის ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებათა მშენებლობის საკითხში პროგრესის არარსებობის გამო.
იმავე პროკრემლური პოლიტტექნოლოგების სხვა ვერსიით, პუტინს სურს თავისი პირველი ვიზიტი ჩინეთში განახორციელოს და ამით აჩვენოს, რომ კრემლის საგარეო პოლიტიკაში ახალი პრიორიტეტები გაჩნდა.
თავის მხრივ, დასავლური პრესაში ახლა არკვევენ, პუტინის უარი მართლაც უკავშირდება თუ არა აშშ–ის წინააღმდეგ ღია გამოხტომას, თუ ეს იძულებითი ნაბიჯია. ანალიტიკოსთა მოსაზრებით, პუტინის ანტიდასავლური წინასაარჩევნო რიტორიკა და ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ღონისძიების უგულვებელყოფა რუსეთსა და აშშ–ს შორის გადატვირთვის პოლიტიკის გასაგრძელებლად, უიღბლო სტარტია, – წერს Christian Science Monitor–ი.
„თეთრი სახლი“ ცდილობს გადაწყვიტოს, როგორ იმუშაოს მან პუტინთან მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია მედვედევთან შედარებით, რომელიც თანამშრომლობისთვის იყო განწყობილი, უფრო ნაციონალისტური და საბრძოლო რიტორიკით წამოიწყო“, – ნათქვამია სტატიაში.
წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი გამოდიოდა ღია ანტიდასავლური განცხადებებით და, ეტყობა, ამიტომაც არ სურს თანამდებობის დაკავებისთანავე დასავლეთის ლიდერებთან შეხვედრა, მიაჩნია იტალიურ გაზეთ Corriere della Sera–ს.
სტატიის ავტორის მოსაზრებით, მწვავე ანტიდასავლურ ტონებში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებით, პუტინი, სავარაუდოდ, სიძნელეებს განიცდიდა იმის გამო, რაც „დაკავშირებულია იმასთან, რომ იგი ყველა მსოფლიო ლიდერთან ერთად მაშინვე „ ოჯახურ ფოტოზე“ უნდა გამოჩნდეს“.
გერმანული გაზეთის Sueddeutsche Zeitung–ის ვარაუდით, პუტინის სამიტზე უარი განპირობებულია ქვეყანაში არსებულ რეალობასთან, სადაც მოქალაქეები ამჟამინდელ ხელისუფლების კანონიერებაზე უარს ამბობენ. ამას გარდა, „რუსეთის ნათელი მომავალი, რომელზეც პუტინი თავის გამოსვლებში მიანიშნებდა, გადაფარულია რეგულარული ცნობებით კატასტროფაზე“ სწორედ იმ ოლქებში, რომლებიც, ძველი–ახალი პრეზიდენტის მოსაზრებით, ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელნი უნდა გახდნენ, აღნიშნავს გამოცემა.
გაზეთ Washington Post–ის სტატიაში კეტი ლელი წერს, რომ მხოლოდ პუტინმა იცის, თუ რატომ გააგზავნა კარგა ხნის წინ დაგეგმილ სამიტზე თავის ნაცვლად პრემიერ–მინისტრი, დიმიტრი მედვედევი. ამავე გაზეთში რუს ექსპერტთა ვერსიით, პუტინის მიერ „მედვედევის ამერიკაში გაგზავნა იმ მომენტში, როცა მან გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს კაბინეტთან დაკავშირებით, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველას, ელიტის ჩათვლით, უჩვენოს, ბოსი და ერთადერთი ადამიანი სწორედ ისაა, ვის მოსაზრებასაც მნიშვნელობა აქვს“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი.
სხვა თეორიით, პუტინი ამერიკის შეერთებული შტატებით უკმაყოფილოა და ისეთ დროს, როცა ის კალაპოტიდანაა ამოვარდნილი, საერთაშორისო არენაზე გამოჩნას თავს არიდებს.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთმოყვანილი ყველა ვერსია სადაოა და სრულად ვერ განმარტავს, იმის მიზეზს, თუ რატომ თქვა უარი პუტინმა კემპ–დევიდის სამიტში მონაწილეობაზე.
რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ პუტინი თითქოს და „მთავრობის ფორმირებითაა“ დაკავებული, საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობის ფორმირება პუტინის ხელახლა მოსვლამდე კარგა ხნით ადრე მოხდა.
ზოგიერთ ექსპერტთა მოსაზრებით, მისი წაუსვლელობის მიზეზი, შესაძლოა, სულ სხვა რამ იყოს. ცნობილია, რომ მთელს მსოფლიოში სახელმწიფო გადატრიალებათა უმეტესობა მაშინ ხდება, როცა ქვეყნის მეთაური საზღვარგარეთ იმყოფება. თუ პუტინის მანიაკალურ ეჭვიანობას გავითვალისწინებთ,რუსეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ვერსია, თუ ის ამერიკაში გაფრინდება, მაშინ მისი არყოფნით გარკვეული ძალები ისარგებლებენ და მას ამ პერიოდში დაამხობენ, რეალობას ნამდვილად არ არის მოკლებული.
0