ეგნატე ნინოშვილის ერთი წერილი „კვალის“  რედაქტორისადმი ეგნატე ნინოშვილის ერთი წერილი „კვალის“ რედაქტორისადმი />


  11:21:38     12-05-2012

ეგნატე ნინოშვილის ერთი წერილი „კვალის“ რედაქტორისადმი

a17980.jpg

ინგოროყვათა გვარმა რამდენიმე დიდებული ადამიანი აჩუქა საქართველოს, მარტო ეგნატე ნინოშვილი და პავლე ინგოროყვა რად ღირს. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, გვარი ინგოროყვა, ისევე, როგორც სხვა ქართული გვარები - კეთილშობილი და სასახელოა.

1894 წლის 12 მაისს, გურიაში, სოფელ ჩიქვეთში, გარდაიცვალა დიდი ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი. მისი ნამდვილი სახელია ეგნატე თომას ძე ინგოროყვა.

ეგნატე ინგოროყვა დაიბადა 1859 წლის 17 თებერვალს, გურიაში, სოფელ ყელაში. მამა საბატონო გლეხი იყო. მომავალი მწერლის დაბადებიდან ორ წელიწადში რუსეთის იმპერატორმა ხელი მოაწერე დეკრეტს ყმების გათავისუფლების შესახებ. ეს კანონი საქართველოში 1864 წლიდან ამოქმედდა. მაგრამ, როგორც ანტიქრისტიანული და არაადამიანური იყო ბატონყმობა, ისე არაადამიანურად მოიქცა ყმათა გათავისუფლების  დროს იმპერია... გლეხებს თავისუფლება კი უბოძეს, მაგრამ მიწა არ მისცეს. ვისაც ერგო რაიმე ნაკვეთი მიწისა, დიდი გადასახადი უნდა ეხადა წლების მანძილზე, უნდა გამოესყიდა მიწა,

ცნობილია, ქონების გარეშე ადამიანი თავისუფალი არ არის, ის სამწუხაროდ, მთლიანად დამოკიდებულია  დამქირავებელზე, ვითარებაზე და ა. შ. მით უმეტეს, იმ დროს... ამიტომ, უამრავი ადამიანი ჩავარდა უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, როგორც ეს გულისამაჩუყებლად მოთხრობილი აქვს  რეალისტ დიდ მწერალს, ეგნატე ნინოშვილს, „გოგია უიშვილში“ თუ სხვა ნაწარმოებებში. სადაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გვიხატავს ამა ქვეყნის თანამდებობრივად თუ ფიზიკურად ძლიერთა შეუბრალებელ და ამორალურ სახეებს. ღატაკს ხომ ყველა ერევა...

„მუდამ მოუსვენარი ხარივით შრომა, ოფლის ღვრა, ჭაპან-წყვეტა და მაინც ცოლ-შვილი შიშველ-ტიტველი, ხშირად მშიერიც; მიწა-მამული მის ბარაზე არსად მოიპოვება, ნაბატონარი, საბეგრო მიწის გარდა: გადასახადი დღითი დღე მატულობს, უფროსი, მებატონე, მღვდელი, მამასახლისი, ასე გასინჯეთ, ნაცვალიც კი მას უწყრება და იჯაბნებს“.

ქვეყანაში არსებულმა ამგვარმა ვითარებამ, მისმა წარმოშობამ, სიღარიბემ დიდი გავლენა იქონია მწერლის ბედზე. ჩვილობის დროს დედით დაობლებულ ეგნატეს ზრდიდა მამიდა ნინო. მამიდამ ასწავლა წერა-კითხვა, მღვდელმა ხუცური და ლოცვა. მერე გავაჭრებულ აზნაურს მიაბარეს ფოთში, მაგრამ მან მოსამსახურედ გაიხადა პატარა ობოლი. ბიძამ კი დააბრუნა სოფელში და სკოლაში შეიყვანა, მაგრამ სიღარიბის გამო ხშირად უწევდა სკოლაში სიარულის მაგიერ საქონელი ემწყემსა. მერე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შევიდა.. მოსწავლეთა გაფიცვაში მონაწილეობის გამო გარიცხეს ნიჭიერი ყმაწვილი, თუმცა დამოუკიდებლად იმეცადინა და ექსტერნად დასრულება მაინც შეძლო. 1879-1881 წლებში ჩოჩხათის სკოლაში ასწავლიდა, მერე მუშაობდა ბათუმის რკინიგზაზე. შემდეგ ტელეგრაფისტად სადგურ სუფსაში. 1884 წელს ტფილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში მუშაობდა ასოთამწყობად და დღეში 7 კაპიკს იღებდა... შემდეგ ბათუმის ნავსადგურში დღეში 10 კაპიკს...

მეგობრების დახმარებით საფრანგეთშიც კი გაემგზავრა სასწავლებლად, მაგრამ სიღარიბემ აქაც შეუშალა ხელი, ვერც ქუჩის დამლაგებლად მუშაობამ უშველა სწავლის გაგრძელებაში და იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. მის ცხოვრებაში მერეც არაფერი შეცვლილა... არაჯანსაღი კვების, ხშირ შემთხვევაში შიმშილისა და რთული საცხოვრებელი პირობების გამო ჩვენი შესანისნავი მწერალი ჭლექით დაავადდა...

ჭლექისაგან დასუსტებული და საწოლს მიჯაჭვული მწერალი თავის სოფელში, 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა...

როცა მის ბიოგრაფიას კითხულობ, გიკვირს, როდის მოასწრო ამ მართლადაც და დიდმა მწერალმა, თავისი შესანიშნავი, ამაღელვებელი, გულისამაჩუყებელი ნაწარმოებების შექმნა... ალბათ ხშირად მშიერი ან ნახევრად მშიერი იყო. ძალიან ხშირად უმძიმესი შრომისგან ქანცგამოლეული. ბოლო წლები კი  ავადმყოფობისაგან გატანჯული...

ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალების დღეს გავიხსენოთ მისი წერილი გიორგი წერეთლისადმი, რომელიც რედაქტორობდა გაზეთ „კვალს“ 1893-1900 წლებში. წერილი დაწერილია 1894 წელს. ეს წერილი გვიჩვენებს როგორ უჭირდა მწერალს და რამდენად არიან დამოკიდებულნი მწერლები, ჟურნალისტები და პუბლიცისტები თავიანთი მასალის დაბეჭდვა-გამოქვეყნებაზე...

გიორგი წერეთელს

ძლიერ მესიამოვნა, რომ დიდებული პოეტი, აკაკი, ხელახლა მოუბრუნდა „კვალს“ თანამშრომლად. იჭვი არ არის, ეს გარემოება დიდძალ ხელის მომწერს შეჰმატებს რედაქციას. აკაკი ხალხის საყვარელი პოეტია და რომელ ორგანოშიაც ის (აკაკი) თანამშრომლობს, ხალხიც იმას მიემატება.

ჩემი სტატია, იჭვი არ არის, აღარ დაიბეჭდება. თუ არ შეგაწუხებთ ამით, კარგი იქნება რომ იმ სტატიას მომიბრუნებდეთ.

მაგრამ უფრო კი შემდეგი სათხოვარის ასრულებას გთხოვთ, მაცნობოთ თუ რა მდგომარეობაშია ანგარიში „კვალის" რედაქციასა და ჩემ შორის, მინდა გავიგო, რას შეადგენს ერთი მხრივ ჩემ მიერ ვალად წამოღებული ფული და მეორე მხრივ ამ ვალის ანგარიშში დაბეჭდილი მოთხრობები.

მართალია, წამოღებული ფულის ანგერიში მეც მიწერია, მაგრამ მოთხრობების ანგარიში რამდენს შეადგენს, ეს კი აღარ ვიცი. რაც ვალად ფულის წამოღება დავიწყე, მას შემდეგ დაბეჭდილია ორი მოთხრობა: ერთი გასულ წელში, „განკარგულება“ და მეორე, ის იყო, წრეულს დაიბეჭდა,  - „ჩვენი ქვეყნის რაინდი“.

როგორც ეტყობა, „კვალის“ მეათე ნომერს, ამჟამად მასალა ძლიერ ბევრი გაქვთ და ამიტომ აღარ ავჩქარდები ჩემ მხრივაც გამოვგზავნო რამე. როცა საჭირო გახდება, დიდი სიამოვნებით მოვაწვდენ მოთხრობებს და სტატიებს.

გთხოვთ გადასცეთ ჩემი მორჩილი სალამი ქ-ონ ანასტასია მიხეილის ასულს.

მარად თქვენი პატივისმცემელი ეგნატე ინგოროყვა.

1894 წელი.

0

ავტორი: