10:49:57     12-05-2012
პირველი ქართველი ,,მესურათხატე”…
60-იანი წლების დასაწყისში დუშეთიდან თბილისში ჩამოვიდა გლეხის ბიჭი, რომელიც ფოტოგრაფ თ. ხლამოვს მოწაფედ მიაბარეს. სწორედ თ. ხლამოვის ფოტოსახელოსნოს მხატვრულ ატმოსფეროში ყალიბდებოდა ალ. როინაშვილი - მხატვარი, პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი.
ალ. როინაშვილმა 1875 წელს თბილისის ცენტრში, სასახლის ქუჩაზე საკუთარი ფოტოსახელოსნო გახსნა.
ალ. როინაშვილის გადაღებული ისტორიული ძეგლების ხედებით და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების პორტრეტებით შევიდა ფოტოგრაფია ქართველი ინტელიგენციის სახლებში, დაიკავა სასტუმრო ოთახებისა და კაბინეტების კედლები.
ალ. როინაშვილს მიმოწერა ჰქონდა ცნობილ ისტორიკოს და არქეოლოგ დ. ბაქრაძესთან, რომელსაც უზიარებდა ქართული სიძველეების მოძრავი მუზეუმის შექმნის გეგმებს, რისთვისაც მან რამდენიმე ასეული ექსპონატი შეიძინა. ექსპონატთა ძიებას ის აგრძელებდა დაღესტანშიც, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.
1887 ალ. როინაშვილმა შექმნა კიდეც მოძრავი მუზეუმი, წაიღო იგი ქ. ასტრახანში, სარატოვში, ხოლო შემდეგ პეტერბურგში. საქართველოს სიძველეთა ამსახველ მრავალ ფოტოგრაფიულ და სტერეოსკოპულ ფოტოსურათებთან ერთად გამოფენილი იყო ძველებური იარაღი და სამხედრო აღკაზმულობა, სპილენძის და ვერცხლის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური კოლექცია და სხვა ქართული და აღმოსავლური კულტურის ამსახველი ნიმუშები. გამოფენებს დიდი წარმატენა ჰქონდა, რამაც ა. როინაშვილს აფიქრებინა თავისი მოძრავი მუზეუმის საზღვარგარეთ გატანა. ეს ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა.
ალ. როინაშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების შექმნისა, რომლის დამფუძნებელი შეკრება ალ. როინაშვილის ფოტოატელიეში 1893 წლის აპრილში ჩატარდა.
ალ. როინაშვილი ირიცხებოდა თბილისში მოქმედ ყველა კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრად. აქვეყნებდა პუბლიცისტურ სტატიებს, აწყობდა თეატრალურ რეპეტიციებს თავის ატელიეში, უფასოდ უგზავნიდა წიგნებს სოფლის ბიბლიოთეკებსა და სკოლებს, იგი ჩქარობდა გაეკეთებინა რაც შეიძლება მეტი...
ალ. როინიშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1905 წელს ფოტოსახელოსნო, ალ. როინაშვილის მიერ გადაღებულ ნეგატივებთან ერთად, გადავიდა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის საკუთრებაში.
1916 წელს გარდაიცვალა დ. ერმაკოვი. ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით, დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ა. როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით შეიძინა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთობლივად.
პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალ. როინაშვილის საფლავის ქვაზე დიდუბის პანთეონში ამოკვეთილია:
“სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს ალექსანდრე როინაშვილს, 1846-1898, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”.
0