შექსპირის 66-ე სონეტის რამდენიმე ქართული თარგმანი (ვიდეო) შექსპირის 66-ე სონეტის რამდენიმე ქართული თარგმანი (ვიდეო) />


  10:25:09     11-05-2012

შექსპირის 66-ე სონეტის რამდენიმე ქართული თარგმანი (ვიდეო)

a17945.jpg

შექსპირის სონეტები რომ შესანიშნავია, ქართულენოვან მკითხველს არა ერთმა მთარგმნელმა დაუმტკიცა. შექსპირის ბრწყინვალე სონეტები მსოფლიო ლიტერატურის განძია. ქართველთა უმრავლესობა მხოლოდ თარგმანით თუ შეძლებს გაიგოს დიდი დრამატურგისა და შესანიშნავი ლირიკოსის გენიის ფასი. ამიტომ ქართულ თარგმანებს განსაკუთრებული ფასი აქვს. ქართველები კი თარგმანის ხელოვნებით მუდამ გამოირჩეოდნენ. რაც მთავარია, მუდამ ჰქონდათ სურვილი ეთარგმნათ დიდ შემოქმედთა ნაწარმოებები. ვალერიან გაფრინდაშვილი ლექსში „შექსპირი“ (ასევე სონეტი) წერდა:

„ვესწრაფვით შექსპირს - სალხინობელს მრავალთა შემდეგ,
ის ჩვენთვის იყო საუნჯეთა უტყვი განჯინა,
როს მაჩაბელმა ის ხალხისთვის აღმოაჩინა.“

ვფიქრობ, ამის გამოცაა, რომ ქართულენოვანი მკითხველის გემოვნება საკმაოდ მაღალია. დღეს პრესა.გე-ს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ შექსპირის შესანიშნავი 66-სონეტის რამდენიმე ქართული თარგმანი, მათ შორის ერთი მეგრულად. მკითხველი დარწმუნებული ვარ დააფასებს მთარგმნელთა მონდომებას. მით უმეტეს, წარმოდგენილი გვაქვს პოპულარული თარგმანები. რა თქმა უნდა, აქ ყველა არ არის წარმოდგენილი და ეს არც იყო ჩვენი მიზანი, ამ საკითხზე გავაგრძელებთ მუშაობას და სხვებსაც გაგაცნობთ (მკითხველს ადრე შევთავაზეთ გივი გაჩეჩილაძისა და სხვათა მიერ თარგმნილი რამდენიმე სონეტი).

66-ე სონეტი

თარგმნა ივანე მაჩაბელმა

ვეძახი სიკვდილს, დაქანცულმა როგორ ვუმზირო
 მათხოვრად შობილს და დათრგუნვილს ქვეყნად ღირსებას,
 როგორ ნთქავს ნდობას სიცრუის ზღვა ვრცელი, უძირო,
 სულით ღატაკი ზღვა სიმდიდრით როგორ ივსება!

უღირსს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად
 და დევნილია ჭეშმარიტი სრულყოფილება,
 და უბიწობა გათელილა უხეშად, მკაცრად,
 და ძლიერება უძლურებას ემორჩილება;

და ხელოვნებას ბრძანებებით დაბმია ენა,
 და ბრძნად გვაჩვენებს თავს რეგვენი გამობრძმედილი;
 და სისულელედ ეჩვენება სიმართლე სმენას
 და თავის მონად უქცევია ბოროტს კეთილი;

დაქანცული ვარ და სიცოცხლე არ მსურს სრულებით,
 მაგრამ ვერ ვტოვებ, რადგან ქვეყნად შენ მეგულები.

თარგმნა რეზო თაბუკაშვილმა

ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა

ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...

ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში..

თარგმნა ოთარ ცისკაძემ

დავიღალე ყველაფრით და მშვიდ სიკვდილს მოვითხოვ:
რადგან ვხედავ ღირსეულს, დაბადებულს მათხოვრად,
უღირსმა კი ძვირფასი ტანსაცმელი მოირგო
და რამდენი უმანკო დასაღუპად გაწირა,
სათანადო დიდება სამარცხვინოდ შეცვალეს,
რამდენ ქალწულს ახადეს ძალადობით პატივი
და რამდენი უმწიკვლოს სახელები შებღალეს,
სიმართლე დააკოჭლეს და გახადეს კუტივით
და მართლის მთქმელ ხელოვანს შიშით ენა აუბეს,
ხელოვნებას განაგებს უვიცი და რეგვენი,
ჭეშმარიტს კი დაცინვით - სიმარტივე შეარქვეს
და სიკეთე შექმნილა ტყვე და მონა უგვანის:
დავიღალე ყველაფრით, მსურს ამისგან გაქცევა,
მაგრამ ახლა სიკვდილი, არის სატრფოს გაცემა.

მეგრულად. სამწუხაროდ მთარგმნელის გვარი ჩემთვის უცნობია

ირით შულადირს, ონატრებელო ღურაქ დჷმოსქიდ,
რახან მათხირო გინორთელე ასე კოჩანა,
რახან ირფელ ჯგირ თე უკოჩობაშ კათეფს რენ ოსქიდ,
რახან გურ ქოჩენ, მუკკართუნა ლაბანს ქორჩანა,

რახან ვალალეფს ჟინოსქუაშ პატი ქიგედვეს,
რახან ტოლოფით აკოწიკვე მუთ ქორდჷნ წკონდა,
რახან კოჩანაშ ჯოხო ამდღა, ჩიჩიეფს გედვეს,
რახან კობუებქ გამკაჸათეს მუთ ქორდჷნ მონდა,

რახან ქუალეფს ოჸოთანა გამწაშე წირდეს,
რახან ურჩქენდეფ უნჩაშენა ქიჸანას ეფას,
რახან სიმართეს სიბორუეშ მარწკინდი დირგეს,
რახან გურს წირკე გამოთხოზაფ ჸოროფათ ეფშას.

თაშნე შულადირს თე ქიჸანაშე ქომისხუნ იმნტე,
მარა ჸოროფილს მა ხვათახვალე თაქ მუჭო დიბტე?!

0

ავტორი: