ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი ვუკოლ ბერიძისადმი ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი ვუკოლ ბერიძისადმი />


  10:16:34     11-05-2012

ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი ვუკოლ ბერიძისადმი

a17944.jpg

1963 წლის 11 მაისს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1948), პროფესორი (1932) - ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე.

ვუკოლ ბერიძის დამსახურება დიდია ქართული საგანძურის გადარჩენისა და დაბრუნების საქმეში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის მიერ ემიგრაციაში გატანილი საგანძური, მას შემდეგ რაც 1933 წელს საფრანგეთმა ცნო სსრკ-ს დამოუკიდებლობა, საფრთხის ქვეშ იყო. საფრანგეთის მთავრობა უკვე აღარ ცნობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და მის დევნილ მთავრობას. შეიძლებოდა ჩვენი საგანზური მიესაკუთრებინა საფრანგეთის მთავრობას, ამასვე ცდოლობდა დიდი ბრიტანეთის მუზეუმი... ექვთიმე თაყაიშვილს და ქართველ მამულიშვილებს მატერიალურად უჭირდათ, გაძნელდა განძის მოვლა. ამ დროისათვის ბოლშევიზმის პირველი ანტიკულტურული ტალღა, როდესაც კულტურის ძეგლებს ყიდდნენ ან ანადგურებდნენ, თითქოსდა გადასული იყო. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო ქართული საგანძური. როგორც ჩანს, დიდი ქართველი მამულიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი ენდობოდა ვუკოლ ბერიძეს და მასთან ჰქონდა ამ საკითხზე მიმოწერა. 1935 წელს, როდესაც წინამდებარე წერილი დაიწერა, საგანძურის ჩამოტანა არ მოხერხდა, როგორც ამბობენ, ვუკოლ ბერიძემ ჩუმად აცნობა ექვთიმე თაყაიშვილს, რომ ეს ნაადრევი იქნებოდა, საფრთხე ისევ ემუქრებოდა საგანძურს. ამბობენ, ამაში თავისი წვლილი შეიტანა ლავრენტი ბერიამ, რომელიც ფიქრობდა, რომ შესაძლოა სოსოს (სტალინს) გაეყიდა საგანურიდან ნივთები. რამდენად მართალია ეს არ ვიცი, თუმცა ცნობილია, საგანძური მხოლოდ 1945 წლის აპრილში დაუბრუნდა საქართველოს.

ომის ბოლოს კი ვითარება შეცვლილი იყო, ამიერიდან სსრკ-ს დიდებული წარსული სჭირდებოდა პროპაგანდისათვის.

ვუკოლ ბერიძეს დიდი წვლილი მიუძღვის წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილების გადაჩენის საქმეში. უღმერთო აქტივისტებმა გადაწყვიტეს წმინდანთა ნაწილები რიონში გადაეყარათ. ამ დროს სასწაული მომხდარა, ამოვარდნილა ქარიშხალი, რამაც ხელი შეუშალა უღმერთოებს განზრახვის შესრულებაში.

ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი, პუბლიცისტი ტრიფონ ჯაფარიძე სასწრაფოდ დაუკავშირდა სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარმმართველობის გამგეს, ვუკოლ ბერიძეს და შეატყობინა, რომ „განსაცდელში იყვნენ საქართველოს ეროვნული გმირები - დავითი და კონსტანტინე“. ვუკოლ ბერიძე დაუკავშირდა მთავრობის წევრებს, მაგრამ არ უხსენებია, რომ დავითი და კონსტანტინე წმინდანები იყვნენ, არამედ მხოლოდ აღნიშნა, რომ ძმები ქართველი ერის სახალხო გმირები იყვნენ და დაუშვებლად მიაჩნდა მათი ნეშტის განადგურება. თბილისიდან მოვიდა ბრძანება და დავით და კონსტანტინე მხეიძეების ნეშტები ქუთაისის მუზეუმში მოათავსეს.

თვითონ ვუკოლ ბერიძე ორჯერ იყო დაპატირებული ბოლშევიკების მიერ...

ვუკოლ ბერიძე დაიბადა 1883 წლის 15 (ახალი სტილით 28) თებერვალს, ხონში, ქუთაისის გუბერნიაში.

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1912 წლიდან 1919 წლამდე, მასწავლებლობდა ქუთაისსა და ტფილისში. 1919 წლამდე იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1918-1922 წლებში იყო ცენტრალური არქივის დირექტორი. 1926-1936 წლებში იყო ტერმინოლოგიური კომიტეტის ტავმჯდომარე. 1922-1932 წლებში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1912 წელს შეადგინა „სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა". 

1938 წელს ვუკოლ ბერიძე, სიმონ ყაუჩიშვილთან და შალვა ნუცუბიძესთან ერთად დააპატიმრეს. დააპატიმრეს მისი მეუღლეც.  შემდგომში ბერიას განკარგულებით სამივე მეცნიერი  გაათავისუფლეს. ვუკოლ ბერიძეს ორი წელი მოუწია ციხეში ყოფნა, მისი მეუღლე სამი-ოთხი თვით ადრე გამოუშვეს. 1953 წელს ბერიას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო სამი მამულიშვილის, ბერიძის, ყაუხჩიშვილისა და ნუცუბიძის, ხელახალი რეპრესირება, მათ პარტიულ აქტივებზე უწოდებდნენ „იმპერიალიზმის აგენტებს“, გაათავისუფლეს სამსახურიდან და ჩამოართვეს სამეცნიერო წოდებები. უნდა აკრძალულიყო ვუკოლ ბერიძის სახელის (და სხვების) გამოჩენა თვით მის ნაშრომებზეც კი... სხვათა შორის, ბერიას ერთ-ერთ ბრალდებად ამ სამი მეცნიერის გათავისუფლება ჰქონდა წაყენებული. თუმცა, დაპატიმრებას გადარჩნენ. რამდენიმე თვეში ისევ დაუბრუნეს სამეცნიერო წოდებანი და აღადგინეს სამსახურში. ამ ამბებმა შეარყია ვუკოლ ბერიძის ჯანმრთელობა.

ვუკოლ ბერიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენაში. ამ საქმეს თითქმის სამი ათეული წელი მოთავეობდა. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო (1926), ფიზიკისა და ელექტროტექნიკის (1928), ენისა და ლიტერატურის (1928), ნორმალური ანატომიის (1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის (1932), ტექნიკური (1936), მემცენარეობის (1938), ენტომოლოგიის (1938), საავიაციო (1945), სამედიცინო (1947), ნიადაგმცოდნეობისა (1950) და სხვა.

ბერიძეს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი რუსთველოლოგიაში, ქართული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის", რომელშიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნულ ძირებს, მის კავშირს ქართულ ფოლკლორთან; "შოთას პოეტიკისათვის" და "რუსთაველის შაირისათვის", რომელიც ეხება რუსთაველის შეხედულებას პოეზიაზე და მისი ლექსთწყობის თავისებურებებს.

ექვთიმე თაყაიშვილის წერილი ვუკოლ ბერიძისადმი

9 აპრილი 1935 წელი

ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. მე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:

1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით.

2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.


3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.

4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეს გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამოღებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამოღებული იყო რუსეთში.

ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხატვრო გალერეა და საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა.

გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. კიდევ ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.

სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქვენს პასუხს.

ღრმად პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი.

0

ავტორი: