06:47:40     11-05-2012
მოსკოვი, სოჭის ოლიმპიადის ჩასაშლელად დაგეგმილ ტერაქტებში, „ქართულ კვალს“ ეძებს

მორიგი პროვიოკაცია მოსკოვიდან. რუსეთი დღეს გახსნილი ტერაქტების საქმეს საქართველოს უკავშირებს. კერძოდ, რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტი ამტკიცებს, რომ დოკუ უმაროვს, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ჩაშლასა და ტერაქტებს გეგმავდა, მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოსთან.
კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია აქვეყნებს, ნათქვამია, რომ „საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის „კავკასიის იმარატის“ ლიდერი დოკუ უმაროვი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს საქართველოს სპეცსამსახურებთან“.
სწორედ უმაროვის დაჯგუფებას მიაწერეს გაჟღერებული ხმაურიანი ტერაქტების საქმე. კერძოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ აფხაზეთის სპეცსამსახურებთან ერთად გამოამჟღავნეს ბოევიკთა ჯგუფი, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ჩასაშლელად სამზადისს აფხაზეთის ტერიტორიაზე გადიოდა და აფეთქებებს გეგმავდა.
როგორც ითქვა, აფხაზეთის ტერიტორიაზე იარაღის ათობით სამარხიც აღმოაჩინეს, სადაც საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალა ინახებოდა, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „იგლა“ და „სტრელა“, ნაღმები, ყუმბარები, ტროტილი…
ანტიტერორისტული კომიტეტის დასკვნით, აფხაზეთში იარაღის შეტანისა და შენახვის პროცესს დოკუ უმაროვი უწევდა კოორდინირებას. აქვე, კომიტეტის წარმომადგენელმა მეორე „ბრალდებაც“ წაუყენა საქართველოს და განაცხადა, რომ შესაძლოა, „ბომბებისთვის დეტონატორების მიწოდებაში, საქართველოს სპეცასამსახურები იყვნენ გარეულები.“
ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება გამოვლენილ ტერაქტებთან საქართველოს „სავარაუდო კავშირზე“ აქტიურად წერს. რატომღაც, საქართველოს თემა ერთადერთია თავად ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ გავრცელებულ ცნობაში, რომელზეც ვარაუდების საფუძველზე, თუმცა მაინც ხაზგასმით საუბრობენ. ყველა დანარჩენ მონაცემს კი სპეცსამსახურები უკვე დადასტურებულ ფაქტად ასახელებენ.
ამასთან, იგივე რუსი ექსპერტი სპეცსამსახურებიდან, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გამოთქვა აზრი, ამბობს, რომ ამ ტერაქტებში „ქართული კვალის“ არსებობის არ სჯერა. ქვედანაყოფ „ალფას“ ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტი სერგეი გონჩაროვი აცხადებს, რომ არ ღირს მომხდარში ქართული მხარის დადანაშაულება, ყოველ შემთხვევაში მანამდე, ვიდრე ამის მტკიცებულებები არ ექნებათ. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ასეთი მტკიცებულებების გარეშე მსგავსი ბრალდებები მხოლოდ ფუჭი სიტყვები და საინფორმაციო ომის ნაწილია.
თუმცა ეს პირველი მცდელობა არ არის მოსკოვისა, საქართველო ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულოს. მაგალითად, მიმდინარე წლის თებერვალში, როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე „ბანდიტური იატაკქვეშეთის კურიერის“ დაკავებისა და 300 დეტონატორის ამოღების შესახებ იუწყებოდნენ, ითქვა, რომ ეს დეტონატორები აფხაზეთში საქართველოდან იყო შეტანილი.
მთელ ამ ისტორიაში კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მოსკოვი არ შეშფოთებულა იმაზე, რომ ეს ყველაფერი მის მიერ დროებით კონტროლირებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, სადაც როგორც თავადვე ამტკიცებენ, „საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს“ დაუდიათ ბინა და თუ დღეს ამოღებული იარაღის სახეობებისა და მასშტაბის მიხედვით ვიმსჯელებთ, საკმაოდ სერიოზული დივერსიებისთვის ემზადებიან იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ზონის „საზღვრებს“ „ფსბ“ და საერთოდაც, მთელს რეგიონს რუსეთის სამხედრო ბაზა აკონტროლებს.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ კომენტარი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვის ბრალდება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წარსულში გაჟღერებული მსგავსი ბრალდებები. აღნიშნული განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა და მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია რეგიონში, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელ პერიოდში სწორედ რუსული სპეცსამსახურების მიერ, ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული და დივერსიული აქტის განხორციელების მცდელობას, რომელთა უმეტესობაც წარმატებით იქნა აღკვეთილი. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა და განხორციელება ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, თავის შეიკავოს პროვოკაციული განცხადებებისგან და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს ტერორისტული აქტების გამოძიებაში.
0