ცხინვალში მცირე გადატრიალება მზადდება - არბიტრი ისევ მოსკოვია ცხინვალში მცირე გადატრიალება მზადდება - არბიტრი ისევ მოსკოვია />


  06:09:04     11-05-2012

ცხინვალში მცირე გადატრიალება მზადდება - არბიტრი ისევ მოსკოვია

a17934.jpg

როგორც ცნობილი გახდა, ედუარდ კოკოითის გუნდის წევრები სეპარატისტული რეჟიმის ახალი ლიდერის დაუკითხავად მოსკოვში გამართავენ აუდიენციას.

„საიდუმლო სერობა“  სახელმწიფო დუმის სპიკერთან სერგეი ნარიშკინთან შედგება. როგორც „ეხო კავკაზა“ იუწყება, ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ ე.წ.  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ედუარდ კოკოითის ერთგული ზურაბ კოკოევი, თანამზრახველებთან ერთად, მოსკოვში გუშინ ისე გაემგზავრა, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არც ხელმძღვანელობა და არც რიგითი კოლეგები ჩაუყენებია.

ოფიციალური განმარტებების არარსებობის მიუხედავად, მაინც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვური ვოიაჟი ცხინვალში მცირე გადატრიალების მოწყობას ისახავს მიზნად. კერძოდ, კოკოევი ნარიშკინს სეპარატისტული პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დამტკიცებაში დახმარებას სთხოვს.

ამ ამბის მცირე წინაისტორია ასეთია:

პოსტი, რომლის დაკავებაც ედუარდ კოკოითის კლანის წევრ ზურაბ კოკოევს სურს, კოკოითის დროს კომუნისტ სტანისლავ კოჩიევს ეკავა. თუმცა ედუარდ ჯაბაევიჩისადმი არასათანადო ერთგულების გამო, კოჩიევს პოსტი დაატოვებინეს და ის, როგორც დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ კოკოევმა დაიკავა. მაგრამ ახლა, როცა რეგიონს თიბილოვის სახით ახალი ლიდერი ჰყავს, კოკოითის კლანმა თავისუფლების შეზღუდვა იგრძნო. თიბილოვმა თავისი წინამორბედის მიერ დანიშნული კადრები მოხსნა და როგორც არაოფიციალურად, თუმცა თითქმის დადასტურებულად ამბობენ, „სახელისუფლო მაღალ პოსტებს“ იმ ოპოზიციასაც ჰპირდება, რომლის მსხვერპლიც, ზამთრის საპროტესტო აქციების შემდეგ თვით კოკოითი გახდა. როგორც ამბობენ, ალა ჯიოევამ  მალე ვიცე-პრემიერის, ანატოლი ბარანკევიჩმა კი „მთავრობის მეთაურის“ აპარატის ხელმძღვანელის პოსტები უნდა დაიკავონ.

ცნობილი გახდა ისიც, რომ თიბილოვის სათავეში მოსვლისთანავე, სტანისლავ კოჩიევს იმედი მიეცა, რომ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან მისი გათავისუფლების უკანონობას დაამტკიცებს და ამ გადაწყვეტილებას ახლა სასამართლოში ასაჩივრებს.

ყოველივე ამან, როგორც ჩანს, კოკოითის ჯერ კიდევ შემორჩენილ გუნდის წევრებს ვითარების კრიტიკულობა დაანახა და საჩივლელად თუ დახმარების სათხოვნელად მოსკოვს მიაშურეს.

„ეხო კავკაზა“ იმასაც წერს, რომ გუშინ, როცა კოკოევი მოსკოვში მიემგზავრებოდა, ცხინვალის სასამართლომ რატომღაც გადადო კოჩიევის სარჩელის განხილვა, თანაც სწორედ კოკოევის თხოვნის საფუძველზე. აქაც კოკოითის გუნდი ამუშავდა. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯერჯერობით ისევ ჯაბაევიჩის კადრი აცამაზ ბიჩენოვია, რომელსაც თავის დროზე გააფთრებით ებრძოდა ალა ჯიოევა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ბიჩენოვმა მოსამართლეს, რომელიც კოჩიევის სარჩელს იხილავდა, პირდაპირ მოსთხოვა სხდომის გადადება.  კოკოითის კლანი ახლა მოსკოვის ვერდიქტის მოლოდინშია და როგორც ჩანს, დროის მოგებას ცდილობს. თუკი ზურაბ კოკოევი ნარიშკინისგან მხარდაჭერას მიიღებს, გასაგები გახდება, რა გადაწყვეტილებაც უნდა გამოიტანოს ცხინვალის სასამართლომ.

და ვინ არის ამ დროს ლეონიდ თიბილოვი და რას წარმოადგენს ის, როცა ასეთი საკითხები მისი გვერდის ავლით, აშკარად ისევ მოსკოვში წყდება?

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ცხინვალში ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი, რადგან ის, რაც ხდება, სკანდალია. ყველა თიბილოვის რეაქციის მოლოდინშია, რადგან „მის თავზე გადახტომა“ პირველ რიგში მასზე დარტყმის ტოლფასია.

მოვლენათა ანალიზის ადგილობრივი ვერსია ასეთია: ზურაბ კოკოევს ნარიშკინზე ზემოქმედების არანაირი რესურსი არ აქვს, სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის უკან ედუარდ კოკოითი დგას. მოსკოვში ვიზიტი კი ე.წ. პარლამენტზე ედუარდ კოკოითის კონტროლის დამყარების მცდელობას ემსახურება. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ სეპარატისტული რეჟიმის ყოფილი და ახალი ლიდერები ებრძვიან ერთმანეთს: ზურაბ კოკოევი კოკოითის კაცია, სტანისლავ კოჩიევი კი თიბილოვისა. ამიტომ ვითარება სახუმარო სულაც არ არის.

ყველაზე უარყოფითი მომენტი ამ დაპირისპირებისა კი არის ის, რომ მან კვლავ გამოავლინა: გადამწყვეტი სიტყვა ცხინვალის რეგიონში არცერთ ადგილობრივს არ ეკუთვნის და ბრძანებებს აქ ისევ მოსკოვი იძლევა. 
0

ავტორი: