17:47:04     10-05-2012
ოლიგარქის ბანკმა სასამართლოში ხუთ ფიზიკურ პირს უჩივლა…

,,როსიისკი კრედიტი-ქართუს’’ შთამომავალ - ,,ქართუ ბანკის’’ მეპატრონე, ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, კანონის არაერთგზის დარღვევისთვის, კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმების ფულის ამოღებას ბანკის საშუალებით, მოსახლეობისგან ცდილობს.
მიმდინარე წელს, მხოლოდ თბილისში, ივანიშვილის ბანკს სასამართლო დავა 5 ფიზიკურ პირთან აქვს წამოწყებული. ვლადიმერ ბრეგვაძის, ალექსანდრე მაღლაკელიძის, ირმა ფარცვანიას, დიმიტრი გოგეშვილისა და ზურაბ თუთბერიძის დავები ,,ქართუ ბანკთან’’ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. ივანიშვილის კიდევ ერთ კომპანიას - ,,ქართულ კრედიტს’’ კი ბიძინა კალაძისთვის უჩივლია.
,,პრესა.ჯი’’ ,,ქართუ ბანკის’’ მოპასუხე, ფოთელ ირმა ფარცვანიას დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარს თავი აარიდა. ივანიშვილის ბანკის წარმომადგენლების მიერ კრედიტორებისგან ფულის ამოღების ხერხებსა და მეთოდებზე, რომელიც შანტაჟსა და მუქარაში გამოიხატება, ,,პრესა.ჯი’’ არაერთხელ წერდა, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ფარცვანიაც მათი ერთ-ერთი მსხვერპლი იყოს და სწორედ, ამიტომ არიდებდეს თავს სასამართლო დავის საკითხებზე კომეტარს.
გასათვალისწინებელია, რომ ,,ბანკი ქართუ’’, საქართველოში მოქმედი სხვა ბანკებისგან განსხვავებით, ფიზიკურ პირებს არ აკრედიტებს. შესაბამისად, მისი კლიენტების რიცხვი, ისეთ ბანკებთან შედარებით, რომლებიც სესხებს ფიზიკურ პირებზეც გასცემენ, ბევრად ნაკლებია. თანაც ოლიგარქის ბანკი სესხებს საკმაოდ ძნელად გასცემს და უზრუნველყოფად ან ანაბარს იტოვებს, ან ოვერდრაფტის ტიპის სესხებს გასცემს, მათზე, ვისაც ხელფასი ამავე ბანკში ერიცხება, ან ქონების საკმაოდ დიდ ნაწილს იდებს სესხის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, კლიენტებს ბანკთან სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში, მთელ ქონებასთან უწევთ გამომშვიდობება.
0