პუტინის პარიზული „კორონაცია“ და მედვედევის „ქორწილი“ პუტინის პარიზული „კორონაცია“ და მედვედევის „ქორწილი“ />


  15:57:56     10-05-2012

პუტინის პარიზული „კორონაცია“ და მედვედევის „ქორწილი“

a17916.jpg

ვლადიმერ პუტინს ინაუგურაცია არა მხოლოდ კრემლში ჰქონდა. თუკი თავის სამშობლოში მისი გაპრეზიდენტება საკუთარი ხალხისგან იზოლირებულად, ომონშემორტყმულ კრემლში მოხდა, პარიზში „პუტინის კორონაცია“ სრულიად სახალხოდ, გამვლელებისა და ტურისტების თვალწინ მიმდინარეობდა, თანაც, ყველა წესის დაცვით, რუსეთის პატრიარქისა და რუსული პოლიტიკის ყველა ვარსკვლავის თანდასწრებით.

მინი-სპექტაკლი „პუტინის კორონაცია“  სენ-მიშელის მოედანზე ორგანიზაციის - „გაერთიანებული რუსი ამომრჩეველი საფრანგეთში“ წარმომადგენლებმა გამართეს. ამ ფორმით, საფრანგეთში მცხოვრებმა რუსებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

წარმოდგენა პუტინის გამოჩენამდე სცენით დაიწყო.

მოქმედების ცენტრში დგას „ტახტრევანი“, რომელსაც ჯერ პლუშის დათუნია ათბობს. მის ერთ მხარეს ოპოზიცია, მათ შორის ქსენია სობჩაკი, მეორე მხარეს კი პუტინის მომხრეები დგანან: მინისტრები, ცენტრალური  საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი და რასაკვირველია, ომონი. მათი ჯიბეებიდან ფულის დასტებს აქვს თავი ამოყოფილი. ჩუროვი მოახსენებს მათ, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა ისე დათვალა, როგოც ეს საჭიროა, რისთვისაც ორდენს იღებს, - ზუსტად ისე, როგორც ეს რეალურად მოსკოვში მოხდა.

მალე გამოჩნდება პუტინიც, რომელსაც ოპოზიცია თავის ლოზუნგებს ესვრის, მაგრამ ომონი სიტუაციას გაანეიტრალებს და წინა პლანზე მოდის რუსეთის პატრიარქი თავისი ძვირადღირებული სკანდალური მაჯის საათით, პოლიციელები შამპანურების ბოთლებით და საბჭოთა ჰიმნი.

როგორც შოუს ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ „პუტინის კორონაციის“ სცენარი ნამდვილი ინაუგურაციის ჩატარებამდე დაიწერა, ეს ორი ღონისძიება, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგნ.
მაშინ, როცა პარიზში „პუტინის კორონაცით“ ერთობოდნენ, ჟირინოვსკიმ სახელმწიფო დუმაში, დიმიტრი მედვედევი რუსეთის პირველ პატარძლად გამოაცხადა და ქორწილიც გადაუხადა. ეს მაშინ მოხდა, როცა დუმაში მედვედევს პრემიერად ამტკიცებდნენ.

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მედვედევის პრემიერად დანიშვნის პროცესი ქორწილს შეადარა და კოლეგებს მოუწოდა, მედვედევი, ეს „მორიდებული საცოლე“ ჯერ საქმეში ენახათ და მერე გამოეცხადებინათ მისთის უნდობლობა.
„იმუშავებს ერთი წელი, წელიწადნახევარი და ვნახავთ. ქორწილში ხომ არ ვამბობთ-ხოლმე - საცოლე ცუდია, საქმრო არ ვარგა. ვამბობთ, დაე, იცხოვრონ ერთად, იქნებ, ყველაფერი გამოვიდეს“ - განაცხადა ჟირინოვსკიმ სხდომაზე და ქორწილიც შედგა - მედვედევ-პატარძალს პრემიერის პოსტზე გამოსაცდელი ვადა მისცეს.
0

ავტორი: