14:04:39     10-05-2012
ელვისის პორტრეტი 37 მილიონად გაიყიდა
ელვის პრესლი - ლეგენდად ქცეული მუსიკოსი. ადამიანი, რომელმაც ძალიან სწრაფად შეაყვარა მსოფლიო საზოგადოებას თავი და ისტორიაში სამუდამოდ დარჩა.
პრესლის მსოფლიო მასშტაბით მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. არსებობს მისი სახელობის ღამის კლუბები, სწრაფი კვების ობიექტები. ადამიანები თანახმანი არიან, ლეგენდარული შემსრულებლის უმნიშვნელო ნივთშიც კი მილიონობით დოლარი გადაიხადონ.
ყოველწლიურად თემა „ელვისის“ ფარგლებში ათეულობით ნივთი გადის სხვადასხვა აუქციონებზე, რომლებიც წარმატებით იყიდებიან.
განსაკუთრებული პოპულარობით პრესლის ავტომობილები, სასცენო ტანისამოსი და პორტრეტები სარგებლობენ. აუქციონის სახით გაყიდვის შემთხვევაში ისინი ძირითადად პირადი კოლექციის შემადგენელი ნაწილნი ხდებიან და მათი მესაკუთრეები საგულდაგულოდ იცავენ შენაძენს.
რამდენიმე დღის წინ სოტბის აუქციონმა გამოიტანა პორტრეტები, რომლებიც მეოცე საუკუნეში შექმნეს სხვადასხვა მხატვრებმა.
როკ ენ როლის მეფის, ელვის პრესლის პორტრეტის ავტორი, მხატვარი ენდი უორჰოლა გახლავთ. აღნიშნული ხელოვნების ნიმუში კი 37 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.
პორტრეტზე ელვისი „კოვბოის“ ფორმაშია გამოსახული. რომელსაც მორგებული აქვს ჯინსის შარვალი, პერანგი და ამერიკელი ფერმერებისთვის დამახასიათებელი მაღალყელიანი ფეხსაცმელი. ხელში კი მომართული იარაღი უჭირავს.
ექსპერტების აზრით, ხელოვნების ნიმუშის მაღალი ფასი ელვისის უჩვეულო სტილმა განაპირობა. მხატვარმა მსოფლიო საზოგადოებას სრულებით განსხვავებული პრესლი აჩვენა.
0