09:52:42     10-05-2012
ჯუმათის მთავარანგელოზთა მონასტერი
ჯუმათის მონასტერი ოზურგეთის რაიონში მდებარეობს. იგი რაიონული ცენტრიდან 14 კმ-ითაა დაშორებული და ჩოხატაურის ქედის ერთ მთაზე დგას, მდინარე სუფსის ხეობაში. მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული, დაარსების თარიღი უცნობია. ჯუმათში იყო მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც 1776-1777 წლებში აღადგინა აფხაზეთის (დას. საქართველო) კათალიკოს-პატრიარქმა მაქსიმე აბაშიძემ.
ჯუმათის მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. თავად სამრეკლოს ზედა ნაწილი დანგრეულია. იგი ექვსსარკმელდატანებული, გუმბათიანი, ქვით ნაშენი ნაგებობა ყოფილა. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. 1847 წელს ის რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. სამხრეთის მხრიდან კი მიუშენებიათ ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი. სამრეკლო თავად მთავარი ტაძრის დასავლეთ ფასადზეც არის მიშენებული. იგი 1904 წლის ნაგებობას წარმოადგენს. თავად ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დ.ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. ფრესკები XVI-XVIII ს.ს. თარიღდება.
ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერები. მათ შორის: მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი; გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი უმრავი ძვირფასი თვალით შემკული; მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდედის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული; მარეხ ანთიძის მიერ შეწირული მაცხოვრის მოოქვრილი ვერცხლის ხატი, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით; გიორგი გურიელის, მისი ძმის ლომასა და მეუღლის ადასუჯანის მიერ შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი; კახაბერ გურიელის მიერ შეწირული გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი; ეს ორი ხატი განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო.
ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს, ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაცს გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვრის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი. ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისათვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ.
ჯუმათის მონასტრის ერთი ხატი 1910 წლის ექსპედიციისას უნახავს წმიდა ექვთიმე თაყაიშვილს სვანეთში, ფარის თემის სოფელ სუფში. წმიდა გიორგის ქვის ეკლესიაში ძველი ხატები და ჯვრები ერთ კუთხესი ყოფილა მიყრილი. წმიდა ექვთიმეს თითოეული მათგანი გამოუტანია გარეთ, გაუსინჯავს და ფოტოები გადაუღია. მათ შორის ყოფილა მთავარანგელოზ მიქაელის ოქროთი დაფერილი ვერცხლის ხატი ჯუმათის მონასტრიდან.
საგანგებოდ გვინდა შევჩერდეთ ჯუმათის წმიდა გიორგის ხატზე. იგი პირველად 1873 წელს აღწერა დ.ბაქრაძემ. შემდგომში კი ხატის აღწერა მოგვცა ნ.კონდაკოვმა. 1889 წელს, როცა იგი ჯუმათის მონასტერს ეწვია, ხატი ჯერ კიდევ ადგილზე იყო. ჩვენამდე მოაღწია ხატის მხოლოდ ფოტომ, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებში გადაიღო ჯუმათის მონასტერში დ.ერმაკოვმა.
წმიდა გიორგის ხატი ოქროში ნაჭედი, დიდი ზომისა, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე ყოფილა. მთავარმოწამე ხატზე სრული სახით, ფარით ხელში იყო გამოსახული, ცხენის გარეშე. ხატი ერისთავთერისთავის ვარდან ვარდანის ძის შეწირულობას წარმოადგენდა. მეცნიერები ხატს XI-XII სს. მიაკუთვნებენ. ეს ხატი 1921 წელს, სხვა სიძველეებთან ერთად, მონასტრის გაძარცვისას დაიკარგა. მისი ორი ფრაგმენტი თბილისის ბაზარზე კერძო პირისგან იქნა შეძენილი და ამჟამად ერმიტაჟში (სანკტ-პეტერბურგში) ინახება.
ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლოზს (XV-XVI სს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთ-კანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია.
ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.
1827 წელს მიიცვალა უკანასკნელი ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1844 წელს ეგზარქოსის გადაწყვეტილებით ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა დახურეს. ამავე წელს შეიქმნა გურიის ეპიარქია. ეგზარქოსის 1 აპრილის ბრძანებით გურიის საეპისკოპოსო კათედრად დადგენილი იქნა ჯუმათის მონასტერი. გურიის მწყემსმთავარი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში.
კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. მამა იოანე ათეისტებისგან მრავალ შეურაცხყოფას იტანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დადიოდა და ჩუმად ნათლავდა ხალხს. მას მორწმუნე ვერიჩკა ჩხარტიშვილი უვლიდა, რომელსაც თავის დროზე მამა იოანემ ავადმყოფი შვილი მოუნათლა და ამით ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. დევნილი ბერი 1959 წელს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განთავსდა. ქვემეხიდან გასროლით სამხედროებმა დაანგრიეს მონასტრის სამრეკლო, რომელიც განთქმული იყო თავისი ჟღერადობით. გადმოცემის თანახმად, მისი ზარების ხმა ზუგდიდში, ოზურგეთსა და ქუთაისშიც კი ისმოდა. მომდევნო წლებში აქ პიონერთა ბანაკი დამკვიდრდა. იგი XX ს-ის 80-იან წლებში გაუქმდა მას შემდეგ, რაც უეცრად ამოვარდნილმა ქარმა მთის წვერზე მდგომ მთავარანგელოზთა ტაძარს სახურავი მოხადა და ბანაკზე გადმოიტანა.
XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაუძარცვავთ. დაიკარგა უამრავი სიწმინდე. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო შემორჩენილი.
სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა. მონასტერი აკურთხა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე).
მონასტერი 1995 წელს მოილოცა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II.
დღეისათვის მონასტრის ტერიტორიაზე სამი მოქმედი ტაძარია. მთავარი - მთავარანგელოზთა ტაძარი ერთნავიანი ბაზილიკაა. მასზე მიდგმულია ხარების შედარებით მცირე ზომის ტაძარი. მირქმის ტაძარი 1998 წელსაა აგებული არქიმანდრიტ ანდრიას (კბილაშვილი) თაოსნობითა და შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების ლოცვა-კურთხევით. ტაძარი ცილინდრული ფორმისაა, მოხატულია 1999 წელს დავით ჯიბლაძის მიერ. მშენებლობა დააფინანსა რომან მელიამ.
2000 წლიდან მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამსართულიანი კომპლექსის მშენებლობა, რომლის პირველ სართულზე სატრაპეზო მოეწყობა, მეორეზე - ბერების სენაკები, ხოლო მესამე სართული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის განკუთვნილ რეზიდენციას დაეთმობა. მშენებლობის ძირითადი დამფინანსებელია რომან მელია.
მთავარანგელოზის ტაძრის ფრესკები დაზიანებულია და სასწრაფო რესტავრირებას საჭიროებს.
მონასტერში ახლა 1 იღუმენი, 1 მღვდელ-მონაზონი და 5 მორჩილია.
0