09:33:52     10-05-2012
ანდრე მორუა: „ფლობერი მთელი სიცოცხლის მანძილზე არაადამიანური სრულყოფისაკენ ისწრაფოდა“
1880 წლის 8 მაისს გარდაიცვალა დიდი ფრანგი მწერალი გუსტავ ფლობერი (Gustave Flaubert).
თანამედროვე რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი დაიბადა 1821 წლის 12 დეკემბერს ქალაქ რუანში. უძველესი ქალაქი რუანი ისტორიული ნორმანდიის დედაქალაქია. იყო დრო ამ ქალაქიდან მართავდნენ ინგლისსა და საფრანგეთის საკმაო ნაწილს. რუანში გარდაიცვალა უილიამ დამპყრობელი. რუსნში დაწვეს კოცონზე ჟანა დარკი. უძველეს და ულამაზეს ქალაქში დაბადებული გუსტავ ფლობერი ქალაქის საავადმყოფოს უფროსი ექიმის, ქირურგის შვილი იყო. ჰყავდა უფროს ძმა, ალბერტი და მასზე უმცროსი და, კაროლინა. მამამისი შეძლებული მემამულეც იყო. მომავალი მწერალი სწავლობდა რუანის სამეფო კოლეჯში. სიყმაწვილიდანვე გატაცებული იყო ლიტერატურით. კითხულობდა რომანტიკოსებსა და კლასიკოსებს, ჰიუგოს და შატობრიანს, სერვანტესსა და შექსპირს. უყვარდა ისტორია.
1840 წელს მომავალი დიდი რომანისტი გაემგზავრა პარიზში იურისპრუდენციის შესასწავლად. თუმცა სამი წლის მერე მიატოვა სამართლის შესწავლა. იმიტომ, რომ 1843 წელს მას აღმოაჩნდა ეპილეფსიის მსგავსი ნერვული დაავადება. ურჩიეს მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა და მიეღო ცხელი აბაზანები. აბაზანები შველოდა ეპილეფსიური გულყრებისგან. მთელი ცხოვრება იღებდა ცხელ აბაზანებს. დაავადების გამო ვერ დაასრულა სამართლის შესწავლა. წავიდა სამოგზაუროდ. იტალიაში.
1846 წელს გარდაეცვალა მამა. გუსტავი დაბრუნდა თავის მამულში, კრაუსში, რომელიც რუანთან ახლოს მდებარეობდა. ცხოვრობდა დედასთან ერთად, რომელსაც მარტოობა არ შეეძლო. ოჯახის შემოსავალი საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავისი დროის დიდი ნაწილი ლიტერატურული საქმიანობისათვის მიეძღვნა. საბედნიეროდ, არ იყო იძულებული სამსახური ეძებნა. უყვარდა მოგზაურობა. 1849-1850 წლებში კიდევ იმოგზაურა აღმოსავლეთში. მოინახულა ეგვიპტე, სირია, პალესტინა, საბერძნეთი. განსაკუთრებით მოიხიბდა პირამიდებით და სფინქსით.
მერე ისევ დაბრუნდა თავის მამულში და დედასთან ერთად ცხოვრობდა. დედამისი გარდაიცვალა 1872 წელს. საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს მსახურობდა არმიაში ლეიტენანტის ჩინით. დააჯილდოეს საპატიო ლეგიონის ორდენით. არ იქორწინა, ვინაიდან შესაძლოა მისი შთამომავლობა მემკვიდრეობითი დაავადებით დაბადებულიყო. თუმცა, როგორც ამბობენ, ქალებს უყვარდათ და ჰყავდა კიდეც საყვარლები. დედის გარდაცვალების მერე გარდაეცვალა დაც. დის ოჯახზე ზრუნველობა მან აიღო თავის თავზე. ამის გამო მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო. 1879 წელს მოეწყო მაზარინის ბიბლიოთეკის დირექტორად.
მეგობრობდა ჟორჟ სანდთან, თეოფილე გოტიესთან, ალფონს დიდესთან, ძმებ ჰონკურებთან, ემილ ზოლასთან და სხვებთან. ეხმარებოდა ახალგაზრდა შემოქმედებს. დიდი ამაგი დასდო გი დე მოპასანს.
მუშაობდა ნელა. წერას დიდ დროს ანდომებდა, იმიტომ, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფრაზების დახვეწილობა. ყოველ წინადადებას, ყოველ სიტყვას ჩაჰკირკიტებდა - "ზუსტი სიტყვისთვის". სწორედ ამაზე გვესაუბრება ანდრე მორუა თავის „ლიტერატურულ პორტრეტებში“
1851 წელს დაიწყო მუშაობა რომანზე "მადამ ბოვარი", რომლის ნაწილებსაც აქვეყნებდა ჟურნალში "რევიუ დე პარი". რომანის გამოქვეყნება დასრულდა 1856 წელს. მისმა რომანმა "მადამ ბოვარი" დიდი სახელი მოუტანა. სიუჯეტი მარტივია. მოქმედება მიმდინარეობს პროვინციაში. რომანტიულად განწყობილი გოგონა თხოვდება სოფლის ექიმზე. ცხოვრებით უკმაყოფილოა და გატაცებებს აჰყვება.
მერე თავს იკლავს. ქმარს კი თურმე უყვარდა. რომანი ნატურალისტურია. ნაწარმოებში არ არის დადებითი გმირი. გამოჩნდა ავტორის დამოკიდებულება ადამიანისადმი, დიდად სკეპტიკური. მიუხედავად ამისა, დიდმა რომანისტმა მოახერხა და ქალის ფსიქოლოგიური განცდები ისე ოსტატურად გადმოსცა, რომ საზოგადოება გააოცა. რომანის გამოსვლის მერე გუსტავ ფლობერს უწოდებდნენ ყველაზე დიდ რეალისტს თავისი საუკუნისა. კრიტიკოსები ცდილობდნენ გაეგოთ, თუ ვინ იყო მადამ ბოვარის პროტოტიპი: "თუკი ვინმეა მადამ ბოვარი, ეს მე ვარ", უპასუხა დიდმა რომანისტმა.
თუმცა უსიამოვნებაც დიდი შეხვდა. მას და ჟურნალს "რევიუ დე პარი" საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფისათვის სასამართლოში უჩივლეს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სკანდალური გარჩევა ლიტერატურული ნაწარმოებისა. სასამართლომ გაამართლა ავტორი. ამის შემდეგ რომანი ცალკე წიგნად გამოვიდა. შემდეგ იმოგზაურა კვლავ აღმოსავლეთში და დაიწყო მუშაობა "სალამბოზე", ისტორიულ რომანზე, რომელიც პირველი პუნიკური ომის პერიოდს შეეხება. თუმცა, მისი შემოქმედებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ამით არ დამთავრებულა. კათოლიკურმა ეკლესიამ აღნიშნული რომანი აკრძალა და შეიტანა "აკრძალულ წიგნთა ინდექსში". თუმცა, ამან ვერ შეუშალა ხელი "მადამ ბოვარის" პოპულარობას. ასეთივე ბედი ეწია "სალამბოსაც".
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზულად უდგებოდა თითოეულ ფრაზას, ხვეწდა სტილს და მუდამ ასწორებდა. თავისი ნაწარმოებებისადმი გუსტავ ფლობერი მაინც კრიტიკულად იყო განწყობილი. ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია რომანისა თუ მოთხრობების წერა და წერდა დიდი გულმოდგინებით. მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წერილიბიც (მიმოწერა), რომელიც სიკვდილის მერე გამოაქვეყნეს. წერილებში გადმოცემულია ხელოვნების მისეული ესთეტიკური კონცეფცია. მან დიდი გავლენა იქონია ისტორიული რომანის ჩამოყალიბებაში და საერთოდ, რომანისტიკაში.
დიდი რომანისტი გუსტავ ფლობერი, როგორც ვთქვით, გარდაიცვალა 1880 წლის 8 მაისს თავის მამულში, კრუასში, რუანთან ახლოს.
ანდრე მორუა:
„ქალბატონი ბოვარი“, აი წიგნი რომელსაც კრიტიკოსთა უმრავლესობა მარტო საფრანგეთში კი არა, დასავლეთ სამყაროში ხელოვნების სრულყოფილ ქმნილებად აღიარებს. მაინც რა საფუძველი არსებობს ესოდენ მაღალი შეფასებისათვის? უპირველეს ყოვლისა - მწერლური ტექნიკა. ჯერ გონების ნაღვაწი მსგავსი მზრუნველობით არასდროს აგებულა. წიგნის სიუჟეტი მარტივი და კარგად მოფიქრებულია; ავტორი შესანიშნავად იცნობს გარემოს; უმნიშვნელოავანესი სცენები მაღალმხატვრულად არის აღწერილი და განლაგებული; დეტალები სწორად შერჩეული და ზუსტია. რაც შეეხება სტილს, აქ უკვე საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ მუშაობდა ფლობერი: მისთვის ხომ ყოველი სიტყვის ადგილი, მუსიკალური ფრაზის ჟღერადობა, რიტმის შერჩევა ხანგრძლივი ძიებისა და ფიქრის შედეგად ხდებოდა, მთელი სამი დღის განმავლობაში ზოგჯერ მხოლოდ ერთ ფურცელს ან, სულაც, რამდენიმე სტრიქონს თუ დაწერდა ხოლმე. სტილის პერიოდები გულმოდგინედ იყო გაწონასწორებული - ისეთნაირად, რომ თუნდაც ხმის შეცვლით მთლიანად ირღვეოდა. ერთხელ, როცა ფლობერს გარკვეული მოსაზრებით ახალი სათაურის მოგონება დასჭირდა ადრე დამკვიდრებული ხელნაწერი „რუანული ჟურნალის“ ნაცვლად, სასოწარკვეთილმა რჩევისათვის მეგობრებს მიმართა. იქნებ „რუანულ პროგრესზე“ შეჩერებულიყო? მაგრამ ამ შემთხვევაში ფრაზა ძლიერ ბევრ თანხმოვანს იძენდა, რაც მას დაამძიმებდა. ბოლოს, როგორც იქნა, მწერალი შეჩერდა სათაურზე - „რუანული ლამპარი“, რომელიც ავტორს დიდად როდი აღაფრთოვანებდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ფრაზის მუსიკალური რიტმი არ ირღვეოდა. სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ცნობილი სცენა კონტრაპუნქტის ჭეშმარიტად ოსტატური ნიმუშია. ნორმანდიული ქორწილის აღწერა ცნობიერებაში ხელახლა წარმოგვიდგენს ჰოლანდიელ ოსტატთა ტილოებს. ფლობერი მთელი სიცოცხლის მანძილზე არაადამიანური სრულყოფისკენ ისწრაფოდა. „ქალბატონ ბოვარში“ მან საწადელს მიაღწია“ (თარგმნა ვასილ მჭედლიშვილმა)...
0