09:32:40     10-05-2012
ელდარ ჭიჭიაშვილის (შატილიონი) პოეზიის საღამო
11 მაისს, პარასკევს,
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში
გაიმართება
კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი
შეხვედრა
პოეტ და მთარგმნელ ელდარ ჭიჭიაშვილთან (შატილიონი)
დასაწყისი: 18 საათზე
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს. მეტი სიზუსტისთვის: ლინკი ბიბლიოთეკის განლაგების გენგეგმით - http://www.sciencelib.ge/node/64)
დასწრება თავისუფალია
გთხოვთ მობრძანდეთ
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ელდარ ჭიჭიაშვილის (შატილიონი) ლექსს.
მოგვხედე, წმინდა გიორგი!
მოგვხედე, წმინდა გიორგი,
შეიბ მესიის მახვილი,
მოგვფინე სხივი ქარქაშით
კაშკაშით ამოძახილი!
კერპთა წაბილწეს ტაძარი,
ღვთიური საკურთხეველი,
ღვთისმშობლის კვართის სიწმინდე,
ჩვენთვის სისხლ-ცრემლის მთხეველი.
მზე დაატყვევა ბოროტმა,
მოდის და მძლავრობს ბნელეთი,
მზის დამხსნელ გმირთა სისხლ- ოფლთა
სისხლად და ოფლად შევერთვი!
შენი სიმართლით ნაკურთხმა
ზღვამ ქშენით რიყოს ხმელეთი,
შენმა ლახვარმა გამუსროს
გველეშაპი და გველეთი!
სნეულ-გლახაკთა მფარველო,
ტყვეთა მხსნელო და იმედო,
მწედ ექმენ დედა-ღვთისმშობელს
გულს სევდა აწევს მძიმედო!
ქრისტეს რჩეულო მხედარო,
ცრუთა მთრგუნავო მზე-მეხო,
მინდა, შენს გვემულ ჭრილობებს
ამ ცოდვილ ბაგით შევეხო!
დღეს უფლის საკურთხეველთან
სანთლად ცრემლობენ სულები,
უფლისთვის, ქართველობისთვის
გოლგოთის ჯვარს გაცმულები!
აანთეთ ბევრი სანთელი
ტაძრიდან გულის კარამდე,
რომ შენი სისხლის ნათელი
მთელ დედამიწას ფარავდეს!