ოპოზიცია, პარლამენტის საზეიმო სხდომას არ დაესწრება... ოპოზიცია, პარლამენტის საზეიმო სხდომას არ დაესწრება... />


  09:20:52     10-05-2012

ოპოზიცია, პარლამენტის საზეიმო სხდომას არ დაესწრება...

a17892.jpg

მმართველი გუნდი 26 მაისის პარლამენტის საზეიმო სხდომის აღსანიშნავად ემზადება. ვინაიდან, დეპუტატები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად ქუთაისის ახალი პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში აღნიშნავენ, უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოს მოპირკეთების პროცესს აქტიურად აკვირდებიან, თუმცა, პარლამენტის მშენებლობის ტექნიკურ საკითხებზე, ოპონენტებისგან განსხვავებით, ოპოზიცია არ ნერვიულობს, რადგან „ქრისტიან-დემოკრატები“საზეიმო სხდომას ბოიკოტს უცხადებენ.

„ქრისტიან–დემოკრატების“ მსგავსად, სხდომას პროტესტს უცხადებენ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები. ფრაქციის თავმჯდომარის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით თბილისშია, ამიტომ ისინი ქუთაისში, პარლამენტის სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ.  

აღსანიშნავია, რომ საზეიმო სხდომას ოპოზიციური ფლანგიდან, მხოლოდ გურამ ჩახვაძე დაესწრება. როგორც პრესა.ჯი-ს ჩახვაძემ განუცხადა, ყველა  ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია და ოპოზიციონერების უფლებაა სხდომაში მონაწილეობა მიიღონ, ან პირიქით.

მისი თქმით, ქუთაისი საქართველოს ტერიტორიაა და სიმბოლურია, რომ სხდომა ახალი პარლამენტის შენობაში ჩატარდება.  

„დეპუტატი ვარ და სადაც, პარლამენტის სხდომა ჩატარდება იქ უნდა ვიყო. ამას გარდა, უნდა ითქვას, რომ 26 მაისი ქვეყნის ისტორიაში  მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს, „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობისთვის“ დიდი დატვირთვა აქვს“, - აცხადებს დეპუტატი.

უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის არსი მმართველ გუნდს არ ესმის. ოპონენტების მიერ მიღებულ გადაწყევტილებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება საქართველოში ჯერ კიდევ ყალიბდება  და სიახლის მიმართ, ოპოზიციას კომპლექსები აქვს.   

როგორც პრესა.ჯი-ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, ოპოზიცის გადაწყვეტილების მიუხედავად, 26 მაისს საზეიმო სხდომა ქუთაისში  გაიმართება. დეპუტატის მოსაზრებით, ოპოზიციას ხან პარლამენტში შესვლა არ უნდა და მანდატებს ჭრის, ხან კი ისინი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ეწინააღმდეგებიან.

„ფაქტია, რომ მათ ამ დღესასწაულის აღნიშვნის სურვილი არ აქვთ“, - ამბობს კანონმდებელი.

კუბლაშვილის მსგავსად, ოპოზიციის შეფასებების შინაარსი გაურკვეველია პარლამენტის ვიცე-სპიკერ, მიხეილ მაჭავარიანისთვისაც. მისი თქმით, 26 მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა და ის აღინიშნება ყველგან, სადაც საქართველოს იურისდიქცია  ვრცელდება.

„იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს დღე  სოხუმსა და ცხინვალში აღინიშნება. მიმაჩნია, რომ თუ პარლამენტის წევრები ვართ, მონაწილეობა უნდა მივიღოთ -  როგორც დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში, ასევე, სხვა ღონისძიებაში. აქ საპიარო არაფერია“, - აცხადებს დეპუტატი.   

ოპოზიციონერების ბოიკოტის შეფასებისას, მეტად კრიტიკულია მმართველი გუნდის წევრი, შოთა მალაშხია. როგორც პრესა.ჯი-ს მალაშხიამ განუცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ არის სააკაშვილისა და მალაშხიას დღესასწაული, არამედ ეს ქვეყნისთვის დიდი მოვლენაა.

„ქვეყანას დამოუკიდებლობის კუთხით, 70 წლიანი წყვეტა ჰქონდა და თუ ისინი ამ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს  მათ მენტალურ პრობლემაზე მიუთითებს, რადგან მათ სახელმწიფო არ ესმით და სახელმწიფოში მხოლოდ ხელისუფლებას მოიაზრებენ. მათ არ იციან, რას ნიშნავს სახელმწიფოსა და ქვეყნის პატივისცემა. ჰგონიათ, რომ ხელისუფლებასთან კინკლაობის რეჟიმში თუ ჩადგებიან,  ეს არის გამოსავალი, მაგრამ მათი პოლიტიკური კარიერისთვის უკეთესია, რომ ამ პროცესების მონაწილეები თავად გახდნენ. ახალი არ არის, რომ ოპოზიცია სულ ფეხის დადების რეჟიმშია, მაგრამ ამ ქვეყანს ფეხს ვერ დაუდებენ, რადგან ეს დრო დამთავრდა“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახალ პარლამენტში საზეიმო სხდომის გამართვასთან დაკავშირებით, მოქმედ რეგლამენტში ცვლილება შედის. კერძოდ, ვინაიდან, დღეს მოქმედი რეგლამენტი  საზეიმო და საიუბილეო სხდომების გამართვას არ ითვალისწინებს,  პროექტს სპეციალური 130 პრიმა მუხლი ემატება, რომელიც მსგავსი სხდომის გამართვას არეგულირებს. რაც შეეხება ოპოზიციის გადაწყვეტილებასა და მათ არგუმენტებს, მათი ბუნდოვანი განცხადებები „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“, რადგან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ისინი მეშვიდე მოწვევის პარლამენტში „ხელისუფლების პიარ აქციის ნაწილნი“ არაერთხელ ყოფილან. როგორც ჩანს, ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ საზეიმო სხდომისადმი ბოიკოტის გამოცხადებით, ქართულ საზოგადოებაში მათდამი ნდობა გაიზრდება, მაგრამ ხომ არ სჯობდა, რომ ზოგიერთი დეპუტატი ამ სხდომას დასწრებოდა, რადგან იქნებ, ზოგიერთი მათგანი მერვე მოწვევის პარლამენტში კაბინეტისა და დეპუტატის კომფორტული სავარძლის მიღმა დარჩეს...  

0

ავტორი: