აფხაზეთში  რუსებს სასტიკად უსწორდებიან აფხაზეთში რუსებს სასტიკად უსწორდებიან />


  08:49:20     10-05-2012

აფხაზეთში რუსებს სასტიკად უსწორდებიან

a17885.jpg

ნათქვამია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. რუსებიც დღეს აფხაზეთში იმკიან იმას, რაც დაიმსახურეს. მათ, რატომღაც ეგონათ, თუ სეპარატისტებს გვერდში დაუდგებოდნენ, ამით თავადაც კარგად იხეირებდნენ. მთლად რომ მასეც არ არის საქმე, ამას კი ხედავენ, მაგრამ საკუთარ თავს ბოლომდე მაინც არ უტყდებიან. არადა, ისიც ფაქტია, რომ რუსების მიერ ოკუპირებულ საქართველოს ამ ძირძველ მიწაზე მცხოვრებ რუსთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება.

თუმცა, თუ რატომ მცირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე რომელსაც მთლიანად მოსკოვი აკონტროლებს, იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც იქ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცხოვრობდნენ, ცხადია, არ საუბრობენ. სხვათაშორის, ყველა ის რუსი, რომლებმაც აფხაზური სეპარატიზმის აღმოცენებაში დიდი როლი ითამაშეს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზებმა ან მოკლეს, ან იძულებული გახადეს იქაურობა დაეტოვებინა. ხოლო ვინც ჯერ კიდევ ადგილზე დარჩა, აფხაზებმა ყურმოჭრილ მონად გაიხადეს.

მიმდინარე წლის იანვარში, სეპარატისტებმა, 2011 წლის ე.წ. "აფხაზეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის" შედეგები გამოაქვეყნეს. ამ მონაცემებით, დღეისათვის აფხაზეთში 22 ათას სამოცდაჩვიდმეტი რუსი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 9,17%-ს შეადგენს. ისიც აღსანიშნავია, რომ იქ მცხოვრებ რუსთა აბსოლუტური უმრავლესობა,  ძირითადად ხანდაზმულია.

ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა პერიოდში, 1989 წლის ბოლო საკავშირო აღწერის მონაცემებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსების ( უკრაინელებისა (11600 კაცი) და ბელორუსების (2100კაცი) ჩაუთვლელად) რაოდენობა 74 ათას 913 კაცს (14,27 %) შეადგენდა. ქსენოფობიური აფხაზური რეჟიმის მიერ, 2003 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის შემდეგად კი, ადგილობრივი რუსების რაოდენობა 23420 კაცს, ანუ მთლიანი მოსახლეობის 10,88 %-ს შეადგენდა.

ყველაზე საინტერესო, ალბათ, ისაა, რომ მოსკოვში პირწავარდნილი აფხაზოფილებიდან არავის გასჩენია კითხვა: ეს რა რუსეთისადმი `მეგობრულად გაწყობილი~ რესპუბლიკაა, თუ იქ რუსების რიცხვი ასეთი კატასტროფული ტემპებით მცირდება (22 წლის მანძილზე თითქმის 3,5-ჯერ)?

სიმართლე უნდა ითქვას, რომ რუსების შევიწროება აფხაზების მხრიდან, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. მაგალითად, 1970 წელს ოფიციალური მონაცემებით აფხაზეთში 92889 რუსი ცხოვრობდა (19,08 %), ხოლო 1979 წლისთვის მათი რაოდენობა 79730 კაცამდე (16,40 %) შემცირდა.

ნიშანდობლივია, რომ 1983 წელს ქალაქ გუდაუთაში გვიან შემოდგომაზე რუსების სასტიკი მკვლელობები დაიწყო და ყოველ 2-3 დღეში ერთ რუსს მაინც კლავდნენ. მკვლელობები თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. როგორც ამბობდნენ, ეს იყო თითქოს რეაქცია ანდროპოვის ქმედებებზე სტავროპოლსა და კრასნოდარში, სადაც გაერთიანება `ოკეან~-ის დირექტორი დახვრიტეს, ხოლო რამდენიმე ადგილობრივი ხელმძღვანელი ციხეში ჩასვეს. ამის გამო, აფხაზებმა გადაწყვიტეს მოსკოვის წინააღმდეგ საბრძოლო მზადყოფნის დემონსტრირება მოეხდინათ.

მიუხედავად რუსებისადმი აფხაზების მხრიდან ასეთი დამოკიდებულებისა, 1992 წლის ზაფხულის ბოლოსთვის, როგორც კი ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით ჯარები შეიყვანა, იქ მაშინვე გამოჩნდნენ რუსეთის ტერიტორიიდან "დაჩაგრული აფხაზების დასაცავად" კრემლის ანტიქართული პროპაგანდით გაბრუებული, სხვადასხვა ჯურის შეირაღებული რაზმები. მათ შორის იყო, ახალგაზრდა რუსი პოეტი ალექსანდრე ბარდოდიმი, რომელიც შამილ ბასაევთან ირცხებოდა და ამ უკანაკნელთან თითქოს მეგობრობდა კიდეც.

თუმცა, ჯერ კიდევ 1992 წლის 10 სექტემბერს იგი ყაბარდოელმა კონფედერატმა მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მას ბარდოდიმის "აკაესუ" სისტემის ავტომატი მოეწონა. ეს ისტორია  თავის დროზე საკმაოდ გახმაურდა. ამის შესახებ ედუარდ ლიმონოვი თავის წიგნში `გუშაგის მკვლელობა~ წერდა. ნიშანდობლივია,  რომ თავგამოდებულმა აბხაზოფილმა ლიმონოვმა ამ წიგნშივე აღიარა, რომ მკვლელობის ნამდვილი ისტორია შეგნებულად დამალა და დაწერა, თითქოს ამის გამო ყაბარდოელი თანამებრძოლებმა "იქვე მიახვრიტეს", მაგრამ მკვლელი არამარტო არავის დაუსჯია, არც უძებნია საერთოდ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ბარდოდიმის თანამებრძოლები აფხაზებსა და კონფედერატებს გარდა უშუალოდ რუსი კაზაკებიც იყვნენ, რომლებსაც სეპარატისტები სოხუმის აღების შემდეგ ქართველების ქონებას დაჰპირდნენ. თუმცა, როგორც კი ომი დასრულდა, კაზაკები იქიდან უბრალოდ გააძევეს, ხოლო ვინც "საკუთარი ინტერესების" ბოლომდე დაცვა სცადა _ საიქიოს გაისტუმრეს.

ამ ვაკჰანალიის აპოგეას კი 1995 წლის 11 სექტემბერს ე.წ. ვიცე-პრემიერისა და ადგილობრივ რუსთა კონგრესის თავკაცის, იური  ვორონოვის მკვლელობა წარმოადგენდა, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრების თვალწინ აფხაზებმა დახვრიტეს. მისი მკვლელი, აფხაზი ალბერტ თარბა დაიჭირეს და დახვრეტაც კი მიუსაჯეს, მაგრამ მერე გაუშვეს, ხოლო მკვლელობის თანამონაწილე აფხაზი ძმები რაფაელ და რობერტ წვიჟბები საერთოდ არავის უძებნია. არადა, არძინბას გუნდში ეს ვორონოვი `აფხაზი ჰებელსის~ როლს ასრულებდა და ომის გაჩაღებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

ცოცხალი კი გადარჩა, მაგრამ ტრაგიკული ბედი გაიზიარა ვორონოვის მემკვიდრემ კონგრესის თავმჯდომარის პოსტზე, გენადი ნიკიტჩენკომ. ომის წლებში იგი აფხაზების მხარეს იბრძოდა და ე.წ. აღმოსავლეთის ფრონტის მეთაურის მოადგილეც გახლდათ, რის გამოც "აფხაზეთის გმირობაც" მიენიჭა.

2002 წელს, სწორედ მისი დამსახურებით დაიწყო, აფხაზებისთვის რუსული პასპორტების დარიგება და ამის გამო, მათ როგორც რუსეთის მოქალაქეებს  იმ ქვეყნის პენსიები და დახმარებებიც კი დაენიშნათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ნიკიტჩენკომ ადამიანის უფლებებათადაცვითი მოღვაწეობა დაიწყო, აფხაზებმა 16 წლის ქალიშვილი ტანკით გაუსრისეს.  ცხადია, მკვლელი არავის დაუსჯია. მეტიც, სეპარატისტულ პრესაში დაიწერა, რომ გოგონა ქართველმა ტანკისტმა გასრისა.

და სულ ბოლო გახმაურებული სკანდალი, რომელიც გასულ თვეში, 6 აპრილს, გაგრაში მოხდა. აფხაზეთში უმსხვილეს სუპერმარკეტ `კონტინენტის~ ხელმძღვანელს, იგორ ვაროვს ოთხი მისი ბიზნეს-პარტნიორი აფხაზი კაბინეტში შეუვარდა და სასტიკად სცემა. მიუხედავად იმისა, რომ იგი სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს და საკმაო ხანი საავადმყოფოში მოუწია ყოფნა, თავდმსხმელები არავის დაუკავებია. თუმცა, ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ამ სკანდალის მონაწილენი.

ერთ-ერთი მათგანია,  ილარიონ არგუნი, რომელსაც თვალში მოუვიდა სუპერმარკეტის ტერიტორია. მან ვაროვისთვის მისი წართმევა და აწ გარდაცვლილი სერგეი ბაღაფშის დაზე გადაფორმება მოინდომა. თავდასხმაში მონაწილე სამი ძმა ჭანბადან, ერთ-ერთი  “პრეზიდენტის” ადმინისტრაციაში მოღვაწეობს, ხოლო მეოთხე _ ასთამურ გაგულია, აფხაზეთის ყოფილი “პრემიერის”, გენადი გაგულიას შვილია და მოსკოვში რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს მიერ დაწუნებული მოლდოვური ღვინით ვაჭრობს, რომელსაც აფხაზურად ასაღებს. აბა, ასეთ ხალხს აფხაზეთში ვინ დაიჭერს?

0

ავტორი: