15:31:46     09-05-2012
როგორ დაიშლება რუსეთი

რუსული პოლიტიკისთვის და არამარტო მისთვის, კავკასია, რომ ცხელი წერტილია არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ცნობილია, რომ ეს საკითხი კრემლისთვის ყველაზე მეტად მტკივნეულია და არავინ იცის, რა შეიძლება იქ მოხდეს, ან როგორ შეიცვლება მდგომარეობა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ფლანგზე. ცხადია, აქ სიტუაციის წინასწარ პროგნოზირება ძალიან ძნელია, ისეთი სისწრაფით ვითარდება მოვლენები.
რაც ყველაზე მეტად თვალშისაცემია, რეგიონი ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება და იგი, როგორც მოსკოვის საწინააღმდეგოდ ჩრდილოთკავკასიელთა მხრიდან დივერსიულ-პარტიზანული ომის კერას, ასევე იმავდროულად თვით ჩრდილოკავკასიურ ეთნოსებსა და რესპუბლიკებს შიგნით სამოქალაქო დაპირისპირების არენასაც წარმოადგენს.
სიტუაცია ამ მომენტისათვის რეგიონში შესაძლებელია შემდეგი სცენარით განვითარდეს: ზოგიერთი ექსპერტის, კერძოდ ებრაელი პოლიტოლოგის, აბრაამ შმულევიჩის მოსაზრებით, პერსპექტივაში ჩრდილოეთ კავკასიაში მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვის პოზიციების კიდევ უფრო დასუსტებაა მოსალოდნელი. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსეთს აქედან საერთოდ მოუწიოს აბარგება.
შმულევიჩის ღრმა რწმენით, რეალურად ეს მოვლენები შესაძლოა, დაიწყოს ხუთი-ათი, ან თხუთმეტი წლის შემდეგ. მისივე მტკიცებით, ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსკოვის სრულად, ან ნაწილობრივ წასვლის შემთხვევაში გამორიცხული არაა აქ ადგილობრივ ძალებს შორის მოხდეს შეირაღებული დაპირისპირება.
კერძოდ:
_ ისლამისტთა მხრიდან ძალაუფლების აღების მცდელობის მიზნით მათ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ქალაქები.
_ დიდია სამოქალაქო ომის ალბათობა უშუალოდ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შიგნით.
_ დაღესტანში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება და სამოქალაქო ომი.
_ ჩერქეზებსა და ყაბარდო-ბალყარებს შორის კონფლიქტი.
_ ოსებსა და ინგუშებს შორის ომი.
_ ერთიანი ჩერქეზეთის შექმნის შემთხვევაში, გამორიცხული არაა ჩერქეზებსა და ოსებს შორისაც შეიარაღებული კონფლიქტი.
_ ასევე ჩერქეზეთის რესპუბლიკაში `ისლამისტებსა~@და@`ხაზბისტებს~ შორის სამოქალაქო ომი.
_ რამზან კადიროვის მხრიდან ინგუშეთსა და დაღესტნის ნაწილზე საკუთარი ძალაუფლების გავრცელების მიზნით შეიარაღებული მცდელობის განხორციელება.
რუსი ანალიტიკოსების მტკიცებით, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების, ან რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიის მთლიანად დატოვების შემთხვევაშიც კი მოსკოვი ყველანაირად შეეცდება აფხაზეთზე სამხედრო კონტროლის შენარჩუნებას. ამასთან, ცხადია, რომ აფხაზეთის `მთავრობის~ ე.წ. დამოუკიდებლობა მოსკოვის მხრიდან, სულ უფრო შეიზღუდება, რასაც, უკეთეს შემთხვევაში, საბოლოოდ, ფაქტობრივად მისი ლიკვიდაცია და ასოცირებულის მსგავსი რაღაც სახელმწიფოთშორისი წარმონაქმნის ჩამოყალიბება მოჰყვება. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ აფხაზეთი უბრალოდ რუსეთის გუბერნიად გადაიქცეს.
ამ მოვლენათა პარალელურად, თუ დანარჩენ საქართველოში ხელისუფლება იქნება სტაბილური და ქვეყანა ეკონომიკურად უფრო განვითარდება, ვიდრე რუსეთი, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზეც. მთავარია, რომ თბილისმა აფხაზებს მათთან ინტეგრაციის უკეთესი ვარიანტი შესთავაზოს და დაარწმუნოს ისინი, რომ საქართველო მის მიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს. ასეთ შემთხვევაში არაა გამორიცხული აფხაზების მხრიდან შეიარაღებული გამოსვლა რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნით.
რაც შეეხება ჩვენთვის მტკივნეულ საკითხს _ ურთიერთობას როგორც აფხაზეთთან და ასევე ცხინვალის რეგიონთან, უცხოელ ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, თბილისი ახლა აქ აქცენტს დაკარგული ტერიტორიების `თანამშრომლობის გზით~ შემოერთებაზე აკეთებს, რაც ეფექტურია. თუმცა, მათივე მტკიცებით, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის და მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის შემთხვევაში საომარი მოქმედებების განახლების ალბათობა საკმაოდ რეალურია. მოხდება თუ არა ეს, დამოკიდებულია იმაზე, როგორ ეფექტურად იმუშავებენ საქართველოს დასავლეთელი პარტნიორები.
თუნდაც იმიტომ, რომ ანალიტიკოსები არც რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შესაძლებლობას გამორიცხავენ, რადგანაც კრემლის აკვიატებულ სტრატეგიულ მიზანს შეადგენს სააკაშვილის დამხობა, რასაც ისინი არც მალავენ. ამიტომაც კრემლის ოფიციალური პროპაგანდა ძირითადად სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული, რადგანაც თავად მოსკოვის რეჟიმი გარკვეული სიძნელეების წინაშე დგას. იმიტომ რომ არანაირი წინსვლა ქვეყნის შიგნით მოსალოდნელი არ არის. მოსახლეობის ცხოვრებისეული დონე კი სულ უფრო ეცემა, მმართველობის სისტემა ტოტალურად იშლება, ქვეყანაში კორუფციის დონე არნახულ მასშტაბებს აღწევს. არსებული მდგომარეობიდან გამოსავლად კრემლს ძველი ნაცადი ხერხი აქვს მხოლოდ _ `მცირემასშტაბიანი ძლევამოსილი ომი~, რაც საქართველოსთან მიმართებაში ერთხელ უკვე გამოსცადეს კიდეც 2008 წლის აგვისტოში.
სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის პროპაგანდა და დიპლომატია წარმატებულია. მათი მტკიცებით, რუსეთი დაშლის ზღვარზეა. ასეთი დამოკიდებულება კი პირიქით, რუსეთში ხელს უფრო რეაქციული ძალების აღზევებას უწყობს. ამის მიზეზია ის, რომ ზომიერი მმართველების ნაცვლად ხელისუფლებაში ანტიდასავლური ძალები, რუსი ნაციონალ-ფაშისტები უფრო პოულობენ დასაყრდენს, რაც ქვეყანას ანარქიისა და განუკითხაობისკენ მიაქანებს. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კრემლის მმართველი რეჟიმი გამოსავალს სწორედ ზემოთხსენებულ `მცირემასშტაბიან ძლევამოსილ ომში~ ხედავდეს.
გამომდინარე აქედან, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოიქცევა საქართველო. თუმცა ანალიტიკოსთა ვარაუდით, რამდენად რბილი იქნება თბილისი მოსკოვის მიმართ, ამაზე სრულებითაც არ არის დამოკიდებული, დაესხმება მას თავს რუსეთი თუ არა, თუ კრემლი ასე გადაწყვეტს.
მაშ, რა გამოსავალი არსებობს არსებული სიტუაციიდან?
აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტური იქნება დასავლეთის დამოკიდებულება ოფიციალური თბილისის მიმართ. ეს კი იმაზე იქნება აგებული, თუ რა გეოპოლიტიკური პროექტის შეთავაზებას მოახერხებს საქართველო დასავლეთისთვის. თუ ეს პროექტი მიმართული იქნება სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში წესრიგისა და თავისუფალი მსოფლიოს ინტერესების გამყარებისკენ, რომელშიც თბილისი დიდ როლს ითამაშებს, ანუ, თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში მისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ რუსეთს მასზე თავდასხმის საშუალებას არ მისცემს.
სხვა გამოსავალი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ჩანს.
0