საფინანსო ბაზარზე კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი შემოდის საფინანსო ბაზარზე კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი შემოდის />


  13:56:15     09-05-2012

საფინანსო ბაზარზე კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი შემოდის

a17875.jpg

საქართველოში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი შემოდის, რომელიც ფულად სახსრებს 400-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან მიიზიდავს, ამ ტიპის ინსტიტუტს კი, ეროვნული ბანკი გააკონტროლებს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება - „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა.

წარმოდგენილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაარეგულიროს იურიდიული პირები, რომლებიც ფიზიკური პირებისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ეწევიან და ამ სახსრების საფუძველზე, სესხებს გასცემენ.

კანონპროექტით, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი იურიდიული პირი იქნება, რომელიც სახსრებს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან მოიზიდავს ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება. ცვლილებებით, ასეთი პირი ვალდებული იქნება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში,  დარეგისტრირდეს და მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თუმცა, იურიდიული პირები, რომელთა მიერ მოზიდული სახსრები ხუთ მილიონ ლარს არ აღემატება ან სახსრების მოზიდვა ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან ხორციელდება, გარკვეულ შემთხვევებში, ეს პირები მაინც ვალდებულნი იქნებიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ.

კანონპროექტით, მათ ასეთი ვალდებულება მაშინ ექნებათ, თუ მათი საქმიანობა, მოზიდული სახსრების რაოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი, ეროვნული ბანკის მიერ მიჩნეული იქნება საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვნად ან იურიდიული პირის საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ წრის მნიშვნელოვან გაფართოების გეგმაზე, საიდანაც სახსრების მოზიდვა ხორციელდება.

ამას გარდა, ცვლილებების მიხედვით, ეროვნულ ბანკს შეეძლება - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მათთვის შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენა, შემოწმება, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება. იმ შემთხვევაში კი, თუ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ მოზიდული სახსრები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტს აღემატება, მაშინ ეროვნულ ბანკს შეეძლება მას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის აღება მოსთხოვოს.

ასევე, ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისგან მოზიდულ სახსრებს საფრთხეს უქმნის, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსურ ინსტიტუტს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

რაც შეეხება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის პირობებს, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისადმი მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებით მოთხოვნებს, შესაფერისობის კრიტერიუმებს, ფულადი ჯარიმის ოდენობასა და დაკისრების წესის განისაზღვრებას, ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით განისაზღვრება, ხოლო ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისთვის, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება - საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,  კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისაგან ნებისმიერი ინფორმაცია მოითხოვოს და მიიღოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთი სუბიექტი ეროვნული ბანკის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ის ლიკვიდაციით და 150 000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების განხილვა, უახლოეს მომავალში დაიწყება. 

0

ავტორი: