12:31:39     09-05-2012
ტალინში, დამოუკიდებელი იჩქერიის დროშის დანახვამ, რუსეთის საელჩო აანერვიულა

ჩეჩენმა ახალგაზრდებმა მოსკოვს „სეპარატიზმი“ შეახსენეს. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა, რომელიც თავის კაბინეტში რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჯოხარ დუდაევს ეკიდა, ტალინის ერთ-ერთი სასტუმროს, City Hotel-ის ფლაგშტოკზე აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში კი დამოუკიდებელი იჩქერიის, რუსული აღქმით კი სეპარატისტული და ტერორისტული დროშა, ლამის, დიპლომატიურ სკანდალად იქცა.
როგორც რუსული გამოცემები წერენ, ეს „დროშა არარსებული რესპუბლიკისა, რომელიც ადრე ჩეჩენმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს“, მოსკოვის მღელვარების საგანი გამხდარა. თანაც იმდენად, რომ საქმეში ოპერატიულად ჩაერთო ესტონეთში რუსეთის საელჩოს მთელი დიპწარმომადგენლობა, რათა საძულველი სიმბოლო სასწრაფოდ ჩამოეხსნათ სასტუმროს შენობიდან.
როგორც გაირკვა, City Hotel-ში 2 მაისიდან კონფერენციას ატარებდა ჩეჩნეთის ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნოხჩი-ჩო“. მისი წარმომადგენლები მოელაპარაკნენ სასტუმროს ადმინისტრაციას, რომ ერთ-ერთ ფლაგშტოკზე სწორედ დამოუკიდებელი იჩქერიის დროშა უნდა გამოეფინათ. სასტუმროს უარი არ უთქვამს.
ადმინისტრაციამ განმარტა, რომ სამი ფლაგშტოკიდან ორზე ესტონეთისა და ევროკავშირის დროშები ფრიალებდა, მესამეზე კი ტრადიციისამებრ, სრულიად დასაშვები იყო იმ ქვეყნის დროშის გამოკიდვა, საიდანაც სასატუმროში მყოფი ჯგუფია ჩამოსული.
როგორც კი რუსეთის საელჩომ „ჩეჩნური სეპარატიზმის“ გამოვლინება დააფიქსირა, იჩქერიის დროშა, რატომღაც, პოლონურით შეიცვალა. ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნოხჩი-ჩო“-ს წარმომადგენლებმა ამის გამო მკაცრად მოითხოვეს ახსნა-განმარტება, რაზეც სასტუმროს ხელმძღვანელობისგან მიიღეს პასუხი, რომ პოლონური დროშა ოტელში მყოფი, ახლა უკვე, პოლონეთის დელეგაციის საპატივცემულოდ გამოფინეს, რომლებსაც ძალიან სურდათ მაინცადამაინც იმ ადგილზე ეხილათ საკუთარი დროშა.
ჩეჩენმა ახალგაზრდებმა ასეთი პასუხი მიუღებლად ჩათვალეს და განაცხადეს, რომ წარმოუდგენელია, როცა ასეთი რამ დამოუკიდებელ, ევროკავშირის წევრ ესტონეთში ხდება. ჩეჩნეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში დარწმუნებულები არიან, რომ დამოუკიდებელი იჩქერიის დროშა რუსეთის საელჩოდან სატელეფონო ზარის შემდეგ გააქრეს.
ადგილობრივი გამოცემა „Delfi“-ს ინფორმაციით, საელჩოს მოთხოვნა დაახლოებით ასე ჟღერდა: City Hotel-ში ბევრი რუსი კლინეტია და დროშა სასწრაფოდ უნდა მოიხსნას.
თავად რუსეთის საელჩოშიც არ უარყოფენ, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაში მართლაც დარეკეს და საელჩოს წარმომადგენელმა სასტუმროს მენეჯერებს მცირე „პოლიტიკურ-სეპარატისტული ექსკურსიც“ ჩაუტარა, რომ ესტონეთი ევროპის ანტიტერორისტული ორგანიზაციის შემადგენლობაშია და ამდენად, დროშა, რომლის ქვეშაც არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნოხჩი -ჩოს“ კონფერენცია ტარდებოდა, უადგილო იყო… 0